Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველგანმავალი „კიურიოსიტი“ მარსზე დაეშვა


კოსმოსურ აპარატ "კიურიოსიტის" ბორბალი მარსზე დაშვების შემდეგ
კოსმოსურ აპარატ "კიურიოსიტის" ბორბალი მარსზე დაშვების შემდეგ
აშშ-ის კოსმოსური კვლევის ცენტრმა (ნასამ) განაცხადა, რომ შაბათს საღამოს მან კოსმოსურ აპარატ „კიურიოსიტისგან“ მიიღო ხმოვანი შეტყობინება მარსზე ყველგანმავლის დაშვების თაობაზე. „კიურიოსიტიმ“ დედამიწაზე მარსის ზედაპირის პირველი ფოტოებიც გამოგზავნა.

ახლა ყველგანმავალს რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაუტარებენ ტექნიკურ შემოწმებას, ვიდრე აპარატი მარსზე თავისი სახმელეთო მისიის შესრულებას შეუდგებოდეს. თუ ამ მოსამზადებელმა პერიოდმა წარმატებით ჩაიარა, „კიურიოსიტი“ მზად იქნება საიმისოდ, რათა შეაგროვოს და დააკვირდეს ნიადაგის ნიმუშებს ორი წლის განმავლობაში, და მეცნიერებს დაეხმაროს დაადგინონ, არსებობდა თუ არა მარსზე სიცოცხლე მიკროორგანიზმების სახით.

დაშვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნასას წარმომადგენელმა ჩარლზ ბოლდენმა განაცხადა:

„დღეს, ამ წუთებში, ‘კიურიოსიტის’ ბორბალმა შეძლო აღებეჭდა ადამიანის ნაკვალევი მარსზე. ‘კიურიოსიტი’ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ყველგანმავალია, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. ის ახლა წითელი პლანეტის ზედაპირზეა და ცდილობს უპასუხოს უძველესსა და ყველასთვის ესოდენ საინტერესო შეკითხვებს: არსებობდა თუ არა ცხოვრება მარსზე უწინ და შეიძლება თუ არა ამ პლანეტაზე შეიქმნას ცოცხალი ორგანიზმების არსებობის პირობები მომავალში.“

მარსზე „კიურიოსიტის“ დაშვება ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა კოსმოსური ფრენების ისტორიაში.

ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე ლაბორატორიაში, საიდანაც მისიის თანამშრომლები კოსმოსური აპარატის მართვას ხელმძღვანელობენ, ტაშის გრიალი გაისმა, როცა დედამიწაზე მოვიდა შეტყობინება მარსზე „კიურიოსიტის“ წარმატებული დაშვების შესახებ.
„მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის“ პროექტის თანამშრომლები წითელ პლანეტაზე „კიურიოსიტის“ წარმატებულ დაშვებას ზეიმობენ
„მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის“ პროექტის თანამშრომლები წითელ პლანეტაზე „კიურიოსიტის“ წარმატებულ დაშვებას ზეიმობენ

წითელ პლანეტაზე დაშვება უკიდურესად რთული ამოცანაა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა ქვეყანამ მარსზე დაშვების 30-ზე მეტი ცდა განახორციელა, მაგრამ მათგან ნახევარზე მეტი წარუმატებლად დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „კიურიოსიტის“ დაშვებას „ისტორიული მოვლენა“ და „ტექნოლოგიის უდიდესი მიღწევა“ უწოდა. ვიდრე მარსამდე ჩააღწევდა, ერთტონიანმა კოსმოსურმა აპარატმა რვა თვის განმავლობაში 560 მილიონი კილომეტრი დაფარა.

მარსზე ჩატარებული მისიებიდან ყველგანმავალ „კიურიოსიტის” მისია ჯერჯერობით ყველაზე ამბიციურად და ძვირადღირებულად შეიძლება ჩაითვალოს. ღირებულება პროექტის, რომელსაც ოფიციალურად „მარსის სამეცნიერო ლაბორატორია“ ეწოდება, 2,5 მილიარდ დოლარს აღწევს. ის ნასას პირველი ასტრობიოლოგიური პროექტია 1970-იანი წლების შემდეგ, როცა კოსმოსურ აპარატ „ვიკინგს“ მარსიდან სინჯები ჩამოჰქონდა.

მარსზე დაშვება უდიდესი გამარჯვებაა ამერიკის კოსმოსური კვლევის უწყებისთვის, რომელსაც ახლახან დიდი დარტყმა მიაყენა ბიუჯეტის შემცირებამ და „სპეის შატლის“ 30-წლიანი კოსმოსური პროგრამის შეჩერებამ.
XS
SM
MD
LG