Accessibility links

logo-print

ცვლილებები აბიტურიენტთათვის


ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი

წელს, პირველად, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ. ფორმატის ცვლილება მხოლოდ დავალებების ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. რაც შეეხება პასუხებს, მათ აბიტურიენტები კვლავაც ფურცლებზე მონიშნავენ. ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა გულისხმობს საგამოცდო სივრცის კრიტერიუმების შეცვლასაც. სწორედ ამიტომ, წელს მისაღები გამოცდები აღარ ჩატარდება სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, რადგან ის ამ ფორმატის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

გიორგი რეხვიაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას რუსთავში მიიღებს. ის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას და ქირურგობაზე ფიქრობს. მანამდე სკოლის დამამთავრებელი, საატესტატო გამოცდები უნდა ჩააბაროს. იმ სიახლის შესახებ, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას გულისხმობს, რამდენიმე თვის წინ პედაგოგებისგან შეიტყო. ანუ, წელს პირველად, აბიტურიენტები მოცემულ ტესტებს მათთვის გამოყოფილი კომპიუტერის მონიტორზე ამოიკითხავენ, პასუხებს კი, როგორც გასულ წლებში, კვალვაც პასუხების ფურცლებზე მონიშნავენ. ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა ტესტების ჩაბარების დროც. გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ ნახევრად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა აბიტურიენტებს დისკომფორტს არ შეუქმნის, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ფორმატი, შესაძლოა, მათთვის დამღლელი იყოს. მისივე თქმით, აბიტურიენტებს ვერც ტესტებისათვის განკუთვნილი დროის 10 წუთით გაზრდა დაეხმარება დიდად:

„გამოცდის მსვლელობისას, დიდხანს მოგვიწევს კომპიუტერთან ჯდომა და, ჩემი აზრით, დამღლელი იქნება. მაგალითად, ქართული ენის გამოცდა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდება“.

დავალებების ელექტრონული ფორმატით მიწოდება საშუალებას იძლევა, რომ მრავალფეროვანი მასალა მივაწოდოთ...

როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების საიტზეა მითითებული, ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად, აბიტურიენტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღწერს იმ გარემოს, რომელშიც წელს აბიტურიენტები გამოცდებს ჩააბარებენ:

„წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: შედის აბიტურიენტი საგამოცდო ოთახში, იკავებს ადგილს მისთვის განკუთვნილ ორ მაგიდასთან. ერთ მაგიდაზე იქნება ლეპტოპი, მეორე მაგიდაზე - პასუხების ფურცელი და შავი, სამუშაო ფურცელი. თუ არის, მაგალითად, ქიმიის გამოცდა, გარდა ამ ყველაფრისა, აბიტურიენტს დახვდება მენდელეევის ცხრილი. კომპიუტერით მიიღებს დავალებას, ხოლო პასუხი უნდა დაწეროს პასუხების ფურცელზე“.

ივა მინდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

ივა მინდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ წელს სიახლე ძირითადად შეეხება ფორმატს და არა საგნების შინაარსს. სოფო დოლიძის განმარტებით, ახალ ფორმატზე გადასვლას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, შესაძლებლობა, რომ ტესტები იყოს უფრო მრავალფეროვანი:

„დავალებების ელექტრონული ფორმატით მიწოდება საშუალებას იძლევა, რომ მრავალფეროვანი მასალა მივაწოდოთ, უფრო ინტენსიურად გამოვიყენოთ ფერი, სამგანზომილებიანი სივრცე გამოვიყენოთ და ა.შ. უფრო საინტერესო გახდება ჩვენი დავალებები. თუმცა წელს, ამ თვალსაზრისით, არ დავტვირთეთ ტესტი და მას ფურცლის ასოციაცია ექნება, რადგან გვინდა, რომ ჩვენი აბიტურიენტები ამ სიახლეს ნელ-ნელა შეეჩვიონ“.

გარდა ამისა, სოფო დოლიძის თქმით, ამ ფორმატზე გადასვლას ჰქონდა ეკონომიკური საფუძველიც, რადგან, მისი თქმით, ტესტების დასაბეჭდად ყოველწლიურად იხარჯება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, სოფო დოლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დარწმუნებით ამბობს, რომ ელექტრონულ ფორმატში გადატანისას ტესტები გაცილებით დაცული იქნება:

„ამჯერად უფრო დაცული იქნება ეს პროცესი, ვიდრე მაშინ, როდესაც ტესტები ფურცელზე იბეჭდებოდა. წინა წლებში ეს ტესტები მოდიოდა ჯერ გემით, მერე უკვე თვითმფრინავით ინგლისიდან, შემდეგ კონტეინერებში იტვირთებოდა, შემდეგ, პოლიციის კორდონის გავლით, ბანკის საცავებში ინახებოდა, ანუ ბევრად მეტი რგოლი იყო, სადაც შეიძლებოდა, რომ ტესტების უსაფრთხოება დარღვეულიყო, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არასდროს მომხდარა. ახლა კი, კომპიუტერში ტესტების ჩატვირთვისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. როდესაც ყველა სტუდენტი იქნება საგამოცდო ოთახში და მზად იქნება გამოცდისთვის, ამ დროს სპეციალური კოდების სისტემით იქნება შესაძლებელი ტესტების ჩამოტვირთვა, რაც რამდენიმე წუთს გასტანს. რა თქმა უნდა, სისტემა მაქსიმალურად არის დაცული“.

კითხვა, რომელიც უკვე დიდი ხანია ისმის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, არის მისი ბმა სასკოლო განათლებასთან...

იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, ეს ფორმატი საჭიროებს სპეციალურ გარემოს, ანუ უფრო მეტ სივრცეს, რადგან აბიტურიენტებს მოუწევთ იმუშაონ მათთვის განკუთვნილ ორ მაგიდასთან. სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და 161-ე საჯარო სკოლაში აღარ გაიმართოს. როგორც ერთიან ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, იმისათვის, რომ ახალი ფორმატის გამოცდა სათანადოდ ჩატარდეს, თითო ოთახი მინიმუმ 40 კვადრატული მაინც უნდა იყოს. ამის საშუალებას კი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი არ იძლევა. რაც შეეხება 161-ე საჯარო სკოლას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, იქ შესაძლოა საჭირო ოთახების რაოდენობა დამაკმაყოფილებელი იყოს, თუმცა, სკოლის მდებარეობიდან გამომდინარე, იოსებიძის ქუჩაზე იქმნება ხერგილის წარმოქმნის ალბათობა და, შესაბამისად, აქცენტი ქალაქის განაპირა ტერიტორიებზე მდებარე სკოლებზე კეთდება. წელს, საქართველოს მასშტაბით, 22 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. უმაღლესი სასწავლებლებიდან საგამოცდო ცენტრები მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩება, დანარჩენი ცენტრები კი საჯარო სკოლებში განთავსდება.

ექსპერტი განათლების საკითხებში ნათია გორგაძე ამბობს, რომ გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა მხოლოდ გამოცდების ადმინისტრირების დახვეწას გულისხმობს, რაც თავისთავად კარგია და რასაც აქამდეც ეფექტურად ართმევდა თავს გამოცდების ეროვნული ცენტრი. ის ამბობს, რომ ამ დარგის ექსპერტთა კითხვები გამოცდების შინაარსობრივ ნაწილს უკავშირდება, მათ შორის:

ნათია გორგაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში

ნათია გორგაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში

„კითხვა, რომელიც უკვე დიდი ხანია ისმის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, არის მისი ბმა სასკოლო განათლებასთან, ანუ რამდენად ეფუძნება მისაღები გამოცდებისთვის შექმნილი ტესტები იმ ცოდნას, რომელსაც აბიტურიენტები სკოლებში იღებენ. ერთი მხრივ კი. ვამბობთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები თანასწორობას უზრუნველყოფს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ვაღიარებთ, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება იარონ რეპეტიტორებთან, მათ, რეალურად, ნაკლები შანსი აქვთ, რომ ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს პირველ ივლისს დაიწყება. რაც შეეხება სკოლის დამამთავრებელ, საატესტატო გამოცდებს, ის დაიწყება 21 მაისს. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი და ის წელსაც, როგორც უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი) პრინციპით ჩატარდება. წელს მეთორმეტეკლასელთა რაოდენობა 44 000-ს აღწევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG