Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტროს ერთწლიანი ანგარიში


შსს
შსს
პოლიციის დეპოლიტიზება სახელდება ერთ-ერთ უმთავრეს წარმატებად 2013 წლის ანგარიშში, რომელიც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს ხელისუფლების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა. როგორ ემზადება სამართალდამცველი სტრუქტურა არჩევნებისთვის და როგორ აფასებენ ჩამოთვლილ წარმატებებს უფლებადამცველები?

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საპატიმროები დატოვა 17 ათასამდე პირმა, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის რიცხვმა 5500 ერთეულით იკლო, ხოლო 37%-ზე მეტით გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, წლევანდელი 9 თვის მონაცემებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რიცხვებში გამოხატული ამგვარი წარმატების კონტექსტში შინაგან საქმეთა მინისტრი რეზონანსული საქმეების გახსნაზეც ლაპარაკობს. ჯიჰადის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეორგოლის საქმესთან ერთად, სახელდება სხვა საქმეებიც:

”როგორიც არის, მაგალითად, ივნისში სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავებიდან ამოღებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პირთა ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები. აგრეთვე, ნაპოვნია ადამიანების წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ დავაკავეთ 12 პირი”.

მინისტრის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული თუ მიმდინარე მთელი რიგი პროცესები - იქნება ეს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თუ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. წარმატებებს შორის სახელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ცვლილებები - მაგალითად, ის, რომ 2012 წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდი) და მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. 2013 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შსს-ს მიერ ინიცირებული ახალი კანონი „პოლიციის შესახებ“, რომელიც, სამინისტროს შეფასებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა უმთავრეს მიღწევად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სისტემის დეპოლიტიზებას ასახელებს და ეს, მისი თქმით, განსაკუთრებით შეიმჩნევა მოახლოებული არჩევნების ფონზე:

”გამოიცა ბრძანება არჩევნების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების პერიოდში ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის დაცვის ვალდებულებას. ამასთანავე, მე გუშინ ვაცნობე საზოგადოებას, რომ ჩვენ გავაუქმეთ ხელოვნურად შექმნილი ე.წ. დახურული უბნები, რომლებიც გამიზნული იყო მხოლოდ ერთისთვის, რომ მომხდარიყო ხმების გაყალბება და თანამშრომლების იძულებით მიყვანა საარჩევნო ყუთებამდე”.

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე მიესალმება იმას, რომ პოლიცია პოლიტიკისგან გამიჯვნას ცდილობს. მას მიაჩნია, რომ თუკი პოლიციელები პოლიტიკურ დავალებებს უფროსებისგან არ მიიღებენ, ისინი საკუთარი ნებით არასოდეს გამოიჩენენ ამ ტიპის ინიციატივებს. თეა თუთბერიძისთვის არადამაჯერებლად გამოიყურება დანაშაულის შემცირების სტატისტიკა ბოლოდროინდელი მეტად მასშტაბური ამნისტიისა თუ შეწყალების პროცესების ფონზე და ის თვლის, რომ პოლიციას ამჟამად, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ეტაპი აქვს, რის ფარგლებშიც ვლინდება გადაცდომებიც. ასეთ ფაქტებთან თეა თუთბერიძეს შეხება ჰქონია მონიტორინგის პროცესში - პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში :

ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც საბჭოთა ”გაის” მეთოდით ხდებოდა მოქალაქეთა მასობრივი შემოწმება. მსგავსი მოვლენები არ უნდა იქცეს ტენდენციად...
ალეკო ცქიტიშვილი
”დაკავების დროს გარკვეული დაზიანებები, როგორც ჩანს, ხდება დაკავებულებთან მიმართებაში. მართალია, ასე პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში, ისინი არ ამბობენ, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განაცხადეს დაკავებულმა პირებმა. ვინც მონიტორინგს ვატარებთ, დაზიანების ხარისხით ვხვდებით, დაზიანებები მიღებულია დაკავებამდე თუ დაკავების შემდეგ”.

პოლიციის ერთწლიანი მუშაობის შეფასებისას, ყველაზე არასახარბიელო დარღვევად ქუჩის რეიდებს ასახელებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი. ის ფიქრობს, რომ დანაშაულთან ბრძოლის ეგიდით ქვეყანა წარსულის მწარე გამოცდილებას არ უნდა დაუბრუნდეს:

”ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც საბჭოთა ”გაის” მეთოდით ხდებოდა მოქალაქეთა მასობრივი შემოწმება. მსგავსი მოვლენები არ უნდა იქცეს ტენდენციად და ის ახლად შექმნილი უწყებები, მიმზიდველი სახელწოდებებით, არ უნდა გადაიქცნენ კვლავ იმ რეპრესიულ მანქანად, რაც იყო ‘სოდი’ და ‘კუდი’”

რაც შეეხება პოლიციის დეპოლიტიზებას, ამ პროცესის ნიშნებს ალეკო ცქიტიშვილიც ხედავს და სპეცუბნების გაუქმებას, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა, მისი აზრით, ამ მხრივ საბოლოო დასკვნის გამოსატანად დროა საჭირო და რეალური შედეგები არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG