Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის თბილისის მერია


თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს შეუერთდება. თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, გაერთიანდება ან გაუქმდება სხვა რამდენიმე საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებიც, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაშია. თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა განმარტა, რომ ეს ცვლილებები ამ დაწესებულებებს გააძლიერებს და ბიუჯეტს დაზოგავს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, მერიის ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ-ის), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა (შპს) და არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა(ა)იპ-ის) შერწყმა მერიას ადმინისტრაციულ ხარჯებს დაუზოგავს.

„დაზოგილი სახსრები შეიძლება მიმართული იქნეს და აუცილებლად მივმართავთ ამას ისეთ პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქის უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს“, თქვა დავით ნარმანიამ 17 თებერვალს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მერის გადაწყვეტილებით, 2015 წლის მარტში დაფუძნებული თბილისის მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს შეუერთდება. ამავე სამსახურში გაერთიანდება ტექნოლოგიური განვითარების ფონდიც. როგორც მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ამ სამი უწყების გაერთიანება მერიას ადმინისტრაციული ხარჯების 65 პროცენტს დაუზოგავს:

„ეს არის წელიწადში 2 მილიონ ლარზე მეტი. ეს არ არის მერიის სტრუქტურაში არსებული რომელიმე უწყების ერთი ხელის მოსმით გაუქმება. ხდება, უბრალოდ, კოორდინაცია, რომლის მთავარი მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია“.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაზე მუშაობა, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება ევალება. მისი ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება მეწარმეობის ხელშეწყობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილებაა. თბილისის მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრის დაფუძნების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები მერიას ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვაში ადანაშაულებდნენ, რადგან ის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ამ ფუნქციას იმეორებდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამ სამსახურის გაუქმებასაც ეჭვით უყურებს:

„მათ თითქმის მილიონ-ნახევარი ლარი უკვე დახარჯეს, საიდანაც დაახლოებით მილიონი ხელფასებში დაირიგეს და ახლა გადაწყვიტეს, რომ თურმე ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური არსებობს მერიაში, რომელთანაც ფუნქციური გაორება აქვს თბილისის მეწარმეობის ხელშემწყობ ცენტრს. განვლილ არასრულ ერთ წელიწადზე, როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი გაიფლანგა, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღეს“.

ირაკლი აბესაძეს არც იმის სჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ხარჯები დაიზოგება. მისი აზრით, თუ მერიას ხარჯების შემცირება უნდა, შტატები, პირველ რიგში, ახლად შექმნილ საქალაქო სამსახურებში უნდა შეამცირონ.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე არ უარყოფს, რომ ფუნქციური გაორება გარკვეულწილად არსებობდა და მერიის პროგრამების შესწორებასა და შერწყმას ამ საკითხსაც უკავშირებს.

მერიაში სხვა რამდენიმე უწყების შერწყმასაც გეგმავენ, რაც „თბილსერვის ჯგუფსა“ და „სინათლის ქალაქსაც“ შეეხება. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, „თბილსერვის ჯგუფთან“ მერიის კიდევ რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაერთიანდება, თუმცა ამ თემაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG