Accessibility links

logo-print

ცხენოსნობა სამკურნალო მიზნით


იპოთერაპია სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედიაში”

იპოთერაპია სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედიაში”

თბილისში, ახალი იპოდრომის წინ, პატარა ეზოა, რომლის ცენტრშიც რანჩო დგას. გარშემო თავლებია, რანჩოს გვერდით - საცხენოსნო ბილიკი. აქ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედია” განთავსებული. ეზოში მშობლები, ბავშვები, თერაპევტები, ცხენები და მათი მომვლელები ირევიან. ზოგი ახალი მოსულია და ჯერ ცხენზე დაჯდომის შიში არ გადაულახავს, ზოგი თავს ისე გრძნობს, თითქოს წინ მრავალრიცხოვან ლაშქარს მიუძღვის. წელში გამართულები, სახეს მზეს უშვერენ და მღერიან, სხვები თავის რიგს ელოდებიან.

აქ კვირაში რამდენჯერმე ამოდიან, იპოთერაპიის კურსს გადიან.

იპოთერაპია, იგივე საცხენოსნო მკურნალობა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა უფრო მეტად საჭირო და ეფექტურია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მიზანშეწონილია სქოლიოზის, ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების შემთხვევაში, აუმჯობესებს მოტორული და ფსიქოგენური დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობას.

ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამაც არის, რაც მათ საშუალებას აძლევს უფასოდ ისარგებლონ შვიდ-ათდღიანი კურსებით. ნევროლოგი ირინა ურუშაძე ამბობს, რომ ცხენზე ამხედრებამდე აუცილებელია ნევროლოგის და თერაპევტის კონსულტაცია, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობის პროცესი, სეანსების სიხშირე და რაოდენობა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია გამოწვევად რჩება როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მედიცინისთვის. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია როგორც ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე პაციენტის თვითშეფასების ამაღლებაზე ზრუნვა, საკუთარი ძალებისა და რწმენის გაჩენა. ცხენოსნობა ორივე მიმართულებით კარგ შედეგებს იძლევა და პაციენტისთვისაც სასიამოვნო და სახალისოა.

“რაიდთერაპია ძალიან საინტერესო მეთოდია, იმიტომ რომ მასში მოქმედებს როგორც ბიომექანიკური ფაქტორი, ანუ ცხენის ზურგიდან წამოსული რხევები, პაციენტის რეცეპტორული ველის აღგზნება, რასაც მოსდევს ორგანიზმის გააქტიურება, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ცხენზე ამხედრება ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უმყარებს. მას ემორჩილება ცხოველი, ზემოდან დაჰყურებს არემარეს, გარშემომყოფებს, თავს გამარჯვებულად, ძლიერად გრძნობს. ეს ყველაფერი ძალიან უწყობს ხელს დაავადებების მკურნალობას”, - ამბობს ირინა ურუშაძე, რაიდმედის ნევროლოგი.

ცხენოსნობის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ახალი არ არის, მკურნალობის ეს მეთოდი სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს.

“მედიცინის ფუძემდებლები, როგორებიც არიან ჰიპოკრატე, ავიცენა, უკვე იყენებენ ცხენს როგორც სამკურნალო ობიექტს. მაგალითად, ჰიპოკრატე იმასაც კი ამბობდა, რომ ადამიანი ცხენზე უკეთ იკურნება, ვიდრე საწოლში. საქართველოში ეს მიმდინარეობა 80-იანი წლებიდან ვითარდება. ჩვენთან რაიდთერაპიის ფუძემდებელია აკადემიკოსი დიმიტრი წვერავა, ჩვენი ორგანიზაცია, ქალბატონ ხათუნა საგანელიძის ხელმძღვანელობით, სწორედ ბატონი დიმიტრის საქმეს აგრძელებს”.

23 წლის ნიკას აქ სიარულის უკვე ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ის დადებითი ეფექტი, რაც მას რაიდთერაპიამ მოუტანა, მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ადვილად შესამჩნევია. დედა ამბობს, რომ ცხენზე ჯდომის შიში არც თავიდან ჰქონია, მაგრამ ის პრობლემები, რამაც აქ მოიყვანა, ნელ-ნელა გვარდება.

“აქ რომ ამოდის, ბედნიერია, რაც მთავარია. სიარულის პრობლემა ჰქონდა. რაც აქ დადის, კუნთები გაუმაგრდა, პრობლემებიც ნელ-ნელა გვარდება. თვითონაც ბედნიერია”.

იმისათვის, რომ აქ მოსულმა ბავშვებმაც და ზრდასრულებმაც თავი კომფორტულად იგრძნონ, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო და კვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც შიშის მოშორებაში დაეხმარებიან, კარგად მიხვდებიან მათ საჭიროებებს და დაეხმარებიან გაჯანსაღებაში. ინსტრუქტორი ბადრი გამეზარდაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე ეტაპი არსებობს, რომლებიც პაციენტმა უნდა გაიაროს. ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია კარგად აუხსნა, რომ ცხენი საშიში არ არის, თანმდევი დაძაბულობის მოსახსნელად კი მათ უმღერიან, ელაპარაკებიან, მხიარულ ამბებს უყვებიან:

“თავიდან საჭიროა, რომ იყოს შესაგუებელი პერიოდი. 3-4 ვიზიტი სჭირდება ცხენთან დასამეგობრებლად. მიდიან, აჭმევენ, აკვირდებიან. რაიდთერაპია არ არის მხოლოდ ცხენზე ჯდომა, მნიშვნელოვანია მათთან კონტაქტი. ისეთი დაავადებებით დადიან ბავშვები, მარტო ვერ დასხდებიან ცხენზე. სულ სამი ეტაპია: პირველ ეტაპზე ჩვენ ვეხმარებით, მეორე ეტაპზე დამოუკიდებლად სხედან, მესამე ეტაპზე უკვე შეუძლიათ მართონ ცხოველი. თავიდან ვისთანაც დაიწყებს, იმ ინსტრუქტორს ეჩვევა ბავშვი - უნდა, რომ სულ იმასთან დაჯდეს ცხენზე, მაგრამ რეალურად ყველა ერთნაირად ვმუშაობთ, ყველასთვის მნიშვნელოვანია მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს”.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG