Accessibility links

logo-print

დაკავებულ დვანელებს ცხინვალის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა


დვანი

დვანი

სოფელ დვანის ორ მცხოვრებს, ზვიად მეკარიშვილს და ვასილ კობახიძეს, ცხინვალის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: კობახიძე 3 წლით, მეკარიშვილი კი 1 წლით დააპატიმრეს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წაუყენეს ბრალად. ვასილ კობახიძე ცხინვალის ციხეში უკვე მეორედ მოხვდა. პირველ შემთხვევაში იგი 9 თვიანი მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს. დვანელები გაკვირვებას ვერ მალავენ ცხინვალის სასამართლოს მკაცრი გადაწყვეტილების გამო. პატიმართა ოჯახის წევრებმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გუშინ შეიტყვეს. დაკავებულთა შესახებ სხვა ინფორმაცია მათთვის ხელმიუწვდომელია. ზვიად კობახიძის მამა, გელა კობახიძე, ამბობს, რომ მისი შვილი რუსმა მესაზღვრეებმა ოსურ სოფელ ტილიანასთან დააკავეს.

დვანელები თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ და იმედს ახალ ხელისუფლებაზე ამყარებენ. მათი თქმით, სოფლის სიახლოვეს რუსი მესაზღვრეების მიერ ადამიანთა დაკავების ფაქტები ხშირია. განსაკუთრებით სახიფათოა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარე ნაკვეთებში სამუშაოდ გასვლა.

დვანის რწმუნებული გოჩა ნებიერიძე აცხადებს, რომ სოფელში პოლიცია მუდმივად პატრულირებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს არ ესმის. ნებიერიძის თქმით, მეზობელ ოსურ სოფელ მუგუთთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთებში მუშაობა საშიშია.

სოფელი დვანი ოსურ სოფლებს მუგუთს და ტილიანას ესაზღვრება. სოფლის გარშემო მთებზე რუსი მესაზღვრეები დგანან და დვანს მუდმივად აკონტროლებენ. გარდა ამისა, ოსური ხელისუფლების მიერ გავლებული ეგრეთ წოდებული საზღვარი დვანელების სახლებთან და ნაკვეთებთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ ამ დრომდე რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. დაკავებული დვანელების გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზეც განიხილებოდა და ქართული დელეგაცია დაკავებულთა გათავისუფლების გაჭიანურების გამო გაკვირვებას ვერ მალავდა. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევები დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ. ამ პირობას ოსური მხარე გარკვეული დროის განმავლობაში მართლაც ასრულებდა, დღეისათვის კი ცხინვალის ციხეში უკვე საქართველოს 13 მოქალაქე იმყოფება.

ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, დაკავებული ქართველების გათავისუფლების გაჭიანურებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს. მისი აზრით, როგორც ერგნეთის, ისე ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის შემადგენლობა მალე შეიცვლება, ოსური მხარე კი დაკავებულთა თემას ისევ წამოსწევს და საუბარს დაიწყებს პრინციპზე „ყველა–ყველაზე“, რაც პატიმრების გაცვლას ითვალისწინებს.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული დელეგაციების შემადგენლობა შეიცვლება როგორც ჟენევის, ისე ერგნეთის მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, ის ყველა საკითხში უახლოეს დროში გაერკვევა. ზაქარეიშვილისთვის ოსური მხარის პოზიცია დაკავებულთა გაცვლის თაობაზე უკვე ცნობილია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ საკითხში გარდატეხა ნოემბრის ბოლოს დაიწყება, როცა მოლაპარაკების მაგიდას საქართველოს დელეგაციიდან ახალი წევრები მიუსხდებიან და ეს საკითხები ჯერ ერგნეთში, შემდეგ კი ჟენევაში განიხილება.
XS
SM
MD
LG