Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსი ქმნის „სოლიდარობის ფონდს“ და დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს


ფინანსური კრიზისით მოცულმა კვიპროსმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება „სოლიდარობის ფონდის“ დაწესების თაობაზე, რაც საერთაშორისო დახმარების მიღების პირობას წარმოადგენს.

ხუთშაბათს გამართულ, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელებულ შეხვედრაზე კვიპროსის ლიდერებმა უარყვეს არაპოპულარული, მწვავე პროტესტის გამომწვევი ინიციატივა - საბანკო ანაბრებზე ბეგარის დაწესების გეგმა, ამის ნაცვლად კი „სოლიდარობის ფონდის“ შექმნა გადაწყვიტეს.

კვიპროსის მთავრობას 5.8 მილიარდი ევროს ამოღება ესაჭიროება საიმისოდ, რომ უცხოეთიდან 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღოს და გაკოტრებას გადაურჩეს.

ამ ახალი, „სოლიდარობის საინვესტიციო ფონდის“ დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, თუმცა, როგორც იუწყებიან, ამ ინიციატივის ფარგლებში მოსახლეობას, ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებს შემოწირულობების გაღებისკენ მოუწოდებენ.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კვიპროსს ორშაბათამდე მისცა დრო ხელმომჭირნეობის ახალი გეგმის შესამუშავებლად - წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყვეტდნენ სასწრაფო წესით გამოყოფილ დახმარებას.

შეთანხმების მიღწევის შესახებ ცნობის გავრცელებამდე გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კვიპროსში შესაძლოა ბანკებმა ფუნქციონირება ვერ განაახლონ. ბანკები დაიხურა შიშის გამო, რომ მეანაბრეები თავიანთ დანაზოგებს სრულად გაიტანდნენ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში განიხილებოდა ანაბრების დაბეგვრის გეგმა. ამ გეგმას, რომელსაც მწვავე პროტესტი მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან, პარლამენტმა უარი უთხრა, მაგრამ ბანკები კვლავაც დახურული რჩება.

პარალელურად, კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიხალის სარისი ფინანსური დახმარების სათხოვნელად მოსკოვში იმყოფება.

ოთხშაბათს მოსკოვში სარისმა შეხვედრები გამართა თავის რუს კოლეგა ანტონ სილუანოვსა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ სერგეი იგნატიევთან.

შეხვედრის შემდეგ სარისმა განაცხადა, მოლაპარაკება „სხვაგანაც“ უნდა გაგრძელდესო:

„შეთავაზება არ ყოფილა - არაფერი კონკრეტული. მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი კარგად დავიწყეთ და მოუთმენლად ველოდებით მოლაპარაკების გაგრძელებას უახლოეს საათებში“.

ამ განცხადების შემდეგ სარისი რუსეთის ვიცე-პრემიერს იგორ შუვალოვს შეხვდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, სარისს არ შევხვდებიო.

რუსეთი განსაკუთრებულადაა დაინტერესებული კვიპროსის ფინანსური პრობლემებით, ვინაიდან რუსეთის მდიდარ მოქალაქეებს კვიპროსის ბანკებში 31 მილიარდამდე დოლარი აქვთ განთავსებული.

ვლადიმირ პუტინი ორშაბათს გამოეხმაურა კვიპროსის აწ უკვე ჩავარდნილ გეგმას საბანკო ანაბრების დაბეგვრის თაობაზე და მას „უსამართლო, არაპროფესიული და სახიფათო“ უწოდა.
XS
SM
MD
LG