Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრეზიდენტს აკრიტიკებენ აშშ-ის ელჩზე „არაადეკვატური“ გაბრაზებისთვის


ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აცხადებს, რომ მან პრეზიდენტის რეზიდენციის - პრაღის კოშკის - კარი „დაუხურა“ აშშ-ის ელჩს იმ განცხადებების გამო, რომლებითაც ელჩი გამოვიდა მოსკოვში ზემანის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.

აშშ-ის ელჩმა ენდრიუ შაპირომ გასულ კვირაში ჩეხეთის ტელევიზიას უთხრა, „უხერხული“ იქნება, თუ ზემანი აღმოჩნდება ერთადერთი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან, ვინც დაესწრება მოსკოვში 9 მაისს გამართულ ცერემონიას, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნის მიზნითო.

საზეიმო ღონისძიებების მთავარი მოვლენა იქნება წითელ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაიბარებს.

დასავლეთის ბევრი ქვეყნის ლიდერებმა უარი განაცხადეს მოსკოვში ჩასვლაზე, რათა კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას და შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინის აღმოსავლეთში. ამ ნაბიჯებმა ბევრს გაახსენა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სისხლისღვრა და ომის შემდგომ პერიოდში მოსკოვის ბატონობა აღმოსავლეთ ევროპაზე.

ზემანმა საინფორმაციო სააგენტო „პარლამენტნი ლისტის“ უთხრა, ვერ წარმომიდგენია ვაშინგტონში ჩეხეთის ელჩმა ამერიკის პრეზიდენტს ურჩიოს, სად წავიდეს ვიზიტითო.

ზემანის თქმით, ენდრიუ შაპიროს კრიტიკული შენიშვნების გამო, მისთვის დაიხურა პრაღის კოშკის კარი.

შაპირომ 6 აპრილს სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ზემანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო მისი განცხადების გამო, თუმცა თავად განცხადება უკან არ წაუღია.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ ჩეხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას 6 აპრილს უთხრა, ჩემი აზრით, ზემანის რეაქცია არაადეკვატური იყოო:

„ბუნებრივია, ზოგადად მივესალმებოდი, ბატონმა პრეზიდენტმა უფრო მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოიჩინოს ზოგადად საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. ვფიქრობ, პრეზიდენტ ზემანის რეაქცია არ იყო ადეკვატური“.

ჩეხეთში პრეზიდენტის პოსტი დიდწილად ცერემონიული თანამდებობაა, საგარეო პოლიტიკას მთავრობა წარმართავს.

ზემანის განცხადებას ჩეხეთის სხვა ოფიციალური პირებიც კრიტიკულად გამოეხმაურნენ და აშშ-ის ელჩი დაარწმუნეს, რომ ის, როგორც ყოველთვის, ახლაც სრულად შესძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას და მთავრობის უწყებებში მისვლას.

ზემანმა წარსულში რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებიც გააკრიტიკა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარი ჰარფის განცხადებით, ის ვერ დაადასტურებს ცნობას, რომ შაპიროს პრაღის სასახლეში მისვლა „აუკრძალეს“. მისი თქმით, აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეს, ჩეხეთის რესპუბლიკას, კვლავაც ახლო და თანამშრომლობით გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებთ.

„ჩვენ ისიც ნათქვამი გვაქვს, რომ, ზოგადად, ახლა არ არის რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობის დროო“, - უთხრა ჰარფმა 6 აპრილს ჟურნალისტებს ვაშინგტონში.

მისი თქმით, ვაშინგტონი ხაზს უსვამს ევროპელ მოკავშირეებთან ერთიან პოზიციაზე ყოფნის მნიშვნელობას, რათა რუსეთზე ზეწოლა იყოს და მან შეწყვიტოს უკრაინის კონფლიქტში ცეცხლზე ნავთის დასხმა.

რუსეთი კი დადებითად გამოეხმაურა ზემანის ნაბიჯებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების კომისიის ხელმძღვანელმა კონსტანტინ დოლგოვმა 6 აპრილს განაცხადა, „ზემანზე კარგად მეტყველებს ის ერთგულება, რომელსაც ავლენს ფაშიზმის წინააღმდეგ ომში დაღუპული საბჭოთა სამხედროების მემკვიდრეობის მიმართო“.

სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, შაპირო „ისტერიითაა“ მოცული და მისი განცხადება მოწმობს, რომ ვაშინგტონს აშფოთებს 9 მაისს მოსკოვში დასავლელი ლიდერების ვიზიტებიო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG