Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცე ჰეპატიტით დაავადებულ პატიმრებს უმკურნალებენ


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი და "სოროსის" ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი და "სოროსის" ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი.
ციხეებში ცე ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობა შესაძლებელი გახდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო კონკურსით შერჩეული სამი ექსპერტის მიერ 30 დღის ვადაში შემუშავებულ, ცე ჰეპატიტის პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ორიენტირებულ პროგრამას ჯერ სამოქალაქო სექტორს, შემდეგ კი მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს წარუდგენს. კონკურსი დოკუმენტის ავტორების შესარჩევად უკვე გამოცხადდა. საგანგებო განცხადება პროგრამის დაწყებასა და მის სავარაუდო შედეგებზე 22 თებერვალს ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა გააკეთეს. ითქვა, რომ ციხეებში ცე ჰეპატიტის პროგრამამ შესაძლოა ორჯერ გააიაფოს ამ დაავადების მკურნალობის ხარჯები სამოქალაქო სექტორშიც.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოსთან” ერთად, კონკურსს სამ ძირითად პოზიციაზე აცხადებს - ეპიდემიოლოგის, საზოგადოებრივი
ჯანდაცვისა და ინფექციების მართვის სპეციალისტების პოზიციებზე. შერჩეული კანდიდატების მიერ მომზადებული პროგრამით განისაზღვრება წელიწადში რამდენი ადამიანის მკურნალობას შეძლებს სახელმწიფო სასჯელაღსრულების სისტემაში, რა პრინციპით შეარჩევს მათ და როგორი იქნება ერთი პატიმრის მკურნალობის ხარჯი. პროგრამა 30 დღეში უნდა მომზადდეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ საქმეში ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” ეხმარება, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ, 2008 წლის გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში ცე ჰეპატიტით დაახლოებით 200 000 ადამიანი (7%) იყო დაავადებული და ეს პრობლემა, ქეთევან ხუციშვილის თქმით, განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო ციხეებსაც, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, ცე ჰეპატიტი, ტუბერკულოზის შემდეგ, პატიმრების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო:
სამწუხაროდ, ცე ჰეპატიტის გამოვლენა არ ხდებოდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე - მანამ, სანამ ოპერაცია არ გახდებოდა საჭირო... ყველას გვესმის, რომ, ზოგადად, ცე ჰეპატიტის მკურნალობა ძალიან ძვირია...
ქეთევან ხუციშვილი

”სამწუხაროდ, ცე ჰეპატიტის გამოვლენა არ ხდებოდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე - მანამ, სანამ ოპერაცია არ გახდებოდა საჭირო... ყველას გვესმის, რომ, ზოგადად, ცე ჰეპატიტის მკურნალობა ძალიან ძვირია და ამიტომაცაა, რომ მას სახელმწიფო ვერ აფინანსებს ვერც დაზღვევით, ვერც სხვა პროგრამებით, მაგრამ უპირველესი, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ნაკისრ ვალდებულებას უნდა მოჰყვეს, არის ის, რომ ამ დაწესებულებებში ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც უნდა მოგვარდეს, შემცირდეს დაავადებულების რიცხვი”.

ცე ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების ადეკვატურად მკურნალობის დავალება სასჯელაღსრულების სამინისტრომ ევროსასამართლოსგანაც მიიღო, სადაც ჰეპატიტით დაავადებულმა მსჯავრდებულებმა საქართველოს წინააღმდეგ საქმეებიც მოიგეს. თუმცა, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, ქვეყანას ევროსასამართლოს დავალება საკუთარი მოქალაქეების სამკურნალოდ არ უნდა სჭირდებოდეს - მით უმეტეს, რომ, სუბარის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ნების არსებობის შემთხვევაში ჰეპატიტის ხარისხიანად მკურნალობა გაცილებით დაბალ ფასშიც შესაძლებელია:

”ამას ადასტურებენ ის კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ წამლები მოგვაწოდონ, ხოლო თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დიდი შეკვეთა, - ამ შემთხვევაში მედიკამენტებით პატიმრების უზრუნველყოფას ვგულისხმობ, - ეს გამოიწვევს იმას, რომ სამოქალაქო სექტორში, სულ ცოტა, ორჯერ შემცირდება ცე ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები”.

როგორც მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, სახელმწიფოს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მიმართ არსებული ვალდებულებებისგან განსხვავებით, ცე ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის ვალდებულება არ გააჩნია. სახელმწიფომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს სასჯელაღსრულების სისტემიდან დაწყებულმა პროგრამამ? არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ პირველი შედეგი სწორედ სამოქალაქო სექტორში მკურნალობის გაიაფება იქნება.

ცე ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს (თუ ე.წ. რეფერალურ პროგრამას არ ჩავთვლით, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალურად აფინანსებდა) ვერც ყოფილი ხელისუფლება ფარავდა და ჯერჯერობით ამას ვერც ახალი ხელმძღვანელობა ახერხებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ჯაში გვეუბნება, რომ გაორმაგებული ბიუჯეტის პირობებშიც კი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ცე ჰეპატიტის დიაგნოსტირებასა და დაფინანსებას.
სახელმწიფოს, მთავრობის გარეშე არასამთავრობო სექტორს ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკების არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ მათ ფასი დააკლონ...
პაატა საბელაშვილი

თუმცა, თუ არასამთავრობო სექტორს მოვუსმენთ, გარკვეული გამოსავალი მაინც არსებობს. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამების მენეჯერი პაატა საბელაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია 10 მილიონ ლარად 1000 ადამიანს უმკურნალოს:

”და ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ადამიანებს, ვინც ათი-თხუთმეტი წლის წინ დაინფიცირდა, დღეს სჭირდება შველა, ახლავე. ნოემბერში ჩატარებული 200 კაციანი კვლევის მონაწილე პაციენტებიდან ორ თვეში უკვე ხუთი ადამიანი გარდაგვეცვალა. ხოლო ის, რომ 1997 წლამდე უსაფრთხო სისხლის პროგრამა საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ეპიდემია მთლიანად მოსახლეობაშია კონცენტრირებული და ეს არ არის მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლების ან სარისკო ქცევების მქონე ადამიანების პრობლემა. ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა და ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, სახელმწიფოა: ვერ აკონტროლებს სალონს, სტომატოლოგიურ კაბინეტებს, ზედამხედველობა არ არსებობს და ის განცხადებები, რომ ძვირია მკურნალობა და ვერ ვუმკურნალებთ ამიტომ, უპასუხისმგებლო განცხადებაა, რადგან მხოლოდ ფინანსებში არ არის საქმე”.

პაატა საბელაშვილს მოჰყავს ეგვიპტის მაგალითი, სადაც მთავრობამ ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკების გზით მიაღწია იმას, რომ წელიწადში ის 20 000 დოლარიან მომსახურებაში 2000 დოლარს იხდის. მსგავსი პროგრამა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამაც უნდა შეიმუშაოს:

”სახელმწიფოს, მთავრობის გარეშე არასამთავრობო სექტორს ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკების არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ მათ ფასი დააკლონ. ეს სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ აი, მე ვყიდულობ მკურნალობის ამდენ და ამდენ კურსს. სხვაგვარად ეს ფასი არ დაიწევს”.

ისევ სასჯელაღსრულების სისტემაში ცე ჰეპატიტის პროგრამას თუ დავუბრუნდებით, უნდა ითქვას,რომ ერთი თვის შემდეგ, როცა დოკუმენტი მზად იქნება, მას ჯერ სამოქალაქო სექტორს, შემდეგ კი მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს წარუდგენენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ციხეებში ავადმყოფი პატიმრების მკურნალობის პროცესიც.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG