Accessibility links

logo-print

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა 2015 წლის გამოკვლევის შედეგები, რამაც ნათელი გახადა თბილისსა და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, მართალია, ჰაერის დაბინძურების ხარისხი კრიტიკულ ზღვართან არ არის მიახლოებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა მძიმე არ არის. სად გამოვლინდა ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და რა ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას გარემოს დამცველები?

ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის გამზირი, კონკრეტულად, პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, პარლამენტის შენობა, ასევე მელიქიშვილის გამზირი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი - ეს ის ადგილებია, სადაც, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი დაბინძურების ხარისხი გამოვლინდა. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას თქმით, ამ ტერიტორიებზე აღინიშნება ჰაერში აზოტის ორჟანგის მაღალი მაჩვენებელი, უფრო ზუსტად კი, საშუალოს მაღალი მაჩვენებელი. თუკი განვმარტავთ, არსებობს ჰაერის დაბინძურების ოთხი ხარისხი – დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. თითოეული ეს მაჩვენებელი თავის თავში კიდევ სამ მაჩვენებელს მოიცავს, კერძოდ, დაბალს, საშუალოს და მაღალს. აზოტის ორჟანგის მატებას ძირითადად განაპირობებს ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი და სხვა. როგორც თამარ ბაგრატია ხსნის, გარემოს დაცვის სააგენტომ აღნიშნული გამოკვლევა, ინდიკატორული გაზომვების გამოყენებით, დედაქალაქის 70 წერტილში ჩაატარა. თამარ ბაგრატიას თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინდიკატორული მეთოდით ჰაერში დაბინძურების ხარისხის კვლევა პირველად ჩაატარა, ამიტომ, როგორც ის ამბობს, მათ ხელთ არ ჰქონდათ არანაირი მასალა, რომელსაც სააგენტო მიღებულ შედეგებს შეადარებდა:

„ეს არის შედარებით დაბალბიუჯეტიანი მონიტორინგის სისტემა. ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პუნქტებში მონტაჟდება პატარა მილები. ვინაიდან ჩვენ საქართველოში არ გაგვაჩნია ლაბორატორია, დალუქული მილები იგზავნება ბრიტანეთში, კომპანია „გრადკოს“ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, და იქიდან ჩამოგვდის დალუქული შედეგები“.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ ვალდებულებად გვეკისრება, რომ 2017 წლის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში ძალაში შევიდეს, მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სტანდარტების მიზნით, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, სადაც ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ ეკოლოგიური სტანდარტი და გამონაბოლქვის შემოწმება ევროსტანდარტების მიხედვით...

მიუხედავად ჰაერში აღმოჩენილი აზოტის ორჟანგის მაღალი შემცველობისა, თამარ ბაგრატიას თქმით, ეს მონაცემები საგანგაშო ნიშნულებს ჯერ არ უახლოვდება. რაც შეეხება ქალაქში ყველაზე ნაკლებდაბინძურებულ ტერიტორიებს, თამარ ბაგრატიას თქმით, ესენია ვაჟა-ფშაველას გამზირი, ღრმაღელე, ბერძენის ქუჩა და აღმაშენებლის გამზირის ერთი მონაკვეთი:

„ეს დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე. თუ, მაგალითად, ქუჩა ოდნავადაც იყოს შეტეხილი, შესაძლოა, ამანაც კი იქონიოს გავლენა ინდიკატორულ გაზომვაზე, რადგან, ძირითადად, სწორედ სატრანსპორტო ნაკადებს და გამონაბოლქვს უკავშირდება ასეთი ტიპის დაბინძურება“.

ერთ-ერთი გზა, რომელიც ქალაქში არსებულ დაბინძურების ხარისხს მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელის ვასო ურუშაძის თქმით, ეს არის ქუჩების ხერგილებისგან გათავისუფლება, რადგან, მისი თქმით, ხერგილში დგომისას ავტომობილი მეტ დროს კარგავს და ძრავიდან მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ამძიმებს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, არის ავტომობილების გაუმართაობა. სწორედ ამიტომ, ვასილ ურუშაძეს მიაჩნია, რომ დროულად უნდა აღდგეს საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს გაუქმდა. მაშინ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ,ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის პირველი იანვრიდან უნდა განახლებულიყო, მაგრამ ამ პროცესის აღდგენა კვლავაც გადაიდო:

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ ვალდებულებად გვეკისრება, რომ 2017 წლის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში ძალაში შევიდეს, მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სტანდარტების მიზნით, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, სადაც ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ ეკოლოგიური სტანდარტი და გამონაბოლქვის შემოწმება ევროსტანდარტების მიხედვით“.

როდესაც ქალაქში გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის დაბინძურების ნიშნულზე ვსაუბრობთ, ვასო ურუშაძის თქმით, აუცილებლად უნდა ვახსენოთ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც, მისი თქმით, ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს ეკოლოგიის თვალსაზრისით:

„ყველა თვალნათლივ ვხედავთ, თუ როგორ ბოლავს შავად, მაგალითად, ყვითელი ავტობუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავი ამორტიზებულია და ძრავში ხვდება სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც იწვევს გამონაბოლქვის კიდევ უფრო გაუარესებას“.

მანანა ქოჩლაძე

მანანა ქოჩლაძე

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომელიც ჰაერის დაბინძურების საშუალოს მაღალ დონეს აჩვენებს, დამაფიქრებელია და, ევროკავშირის ჰაერის ხარისხის ჯანმრთელობის ინდექსის მიხედვით, კარგ მდგომარეობას არ ნიშნავს:

„იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო მიდგომა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რომელშიც, ერთი მხრივ, დავიწყებთ მუშაობას როგორც მშენებლობების მიმართულებით, ასევე ავტოტრანსპორტის მიმართულებითაც. ანუ კომპლექსური მიდგომა არის საჭირო იმისათვის, რომ ქალაქში ჰაერის ხარისხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ეს ეხება არა მარტო თბილისს, არამედ სხვა ქალაქებსაც, იგივე ქუთაისს, ბათუმს, ჭიათურასა და კასპს“.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჰაერში აზოტის ორჟანგის მომატებული რაოდენობა აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილს, განსაკუთრებით - ფილტვების ქსოვილს, ზრდის მწვავე რესპირაციული დაავადებებისა და პნევმონიისადმი მიდრეკილებას. თამარ ბაგრატიას თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად გეგმავს გარკვეული ღონისძიებების გატარებას. კერძოდ, მისი თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც გარემოს დაბინძურების ჯანმრთელობაზე გავლენას შეისწავლის და სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება ამ ორი უწყების თანამშრომლობა.

გარდა ატმოსფერული ჰაერის გამოკვლევისა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა წყლის, კონკრეტულად კი, მდინარეების, ტბების მონიტორინგიც. მდინარე მტკვრის ოთხ წერტილში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაბინძურების კუთხით ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება მდინარე ვერეს, თამარ ბაგრატიას თქმით, მდინარე ვერეს დაბინძურების ხარისხი დღეს სავალალოა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG