Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი: სააკაშვილის მიმართვა ბევრმა მოხალისემ არასწორად აღიქვა


დავით მარტიაშვილი
დავით მარტიაშვილი

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. გასული წლის 18 დეკემბერს უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში ალექსანდრე გრიგოლაშვილი დაიღუპა, ზუსტად ერთი თვის თავზე კი, 18 იანვარს, დონეცკის აეროპორტის დაცვის საქმეს თამაზ სუხიაშვილი შეეწირა. მიუხედავად ამ მსხვერპლისა და რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისა, სულ უფრო იზრდება უკრაინის დაცვის მსურველ ქართველ მოხალისეთა რაოდენობა, რაც, არაზუსტი მონაცემებით, უკვე ასზე მეტი უნდა იყოს. მათ უმრავლესობას კი, არაერთი დაპირების მიუხედავად, დღემდე არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი, არ იღებენ სამსახურისათვის გასამრჯელოს და დაღუპვის შემთხვევაშიც კი მათი ოჯახები ვერ მიიღებენ ვერც უკრაინის და, მით უფრო, ვერც საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილ სოციალურ პაკეტს, - ამბობს უკრაინაში რიგით ჯარისკაცად მებრძოლი თადარიგის პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, რომლისთვისაც თამაზ სუხიაშვილის დაღუპვა აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რის გამოც მან გადაწყვიტა რადიო თავისუფლებისათვის საკუთარი გულისნადები გაეზიარებინა.

კობა ლიკლიკაძე: ჩვენი პირველი საუბრის შემდეგ სამი დღე გავიდა. თუ არის ცნობილი ახალი დეტალები თამაზ სუხიაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ, როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მოხალისე?

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

დავით მარტიაშვილი: როგორც ადრეც მოგახსენეთ, თამაზი თავდაპირველად ბატალიონ „დონბასში“ იყო მოწვეული ინსტრუქტორად, მაგრამ ერთი თვის ყოფნის განმავლობაში არავინ გაუწვრთნია, იქიდან გამომდინარე, რომ არც არავის გაწვრთნა არ დაუვალებიათ. საერთოდ, ადამიანს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ სემიონ სემენჩენკომ (ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური და ამჟამად უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი - რედ) თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლუგანსკის ოლქში სადღაც სოფლებში გაგზავნა ხალხი და იქიდან თამაზი გადარეული ჩამოვიდა. ამბობდა, აქ მე საქართველოდან იმიტომ ჩამოვედი, რომ არჩევნებზე „ტიტუშკებად“ (ასე უკრაინაში მოიხსენიებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე ე.წ. კუნთმაგარ აქტივისტებს -რედ) ვირბინოო? და ამის შემდეგ წავიდა „დონბასიდან“ და ჩაეწერა 93-ე ბრიგადაში, მოიერიშე ასეულში, სადაც ასევე იმყოფებიან ქართველები. გადავიდა მოიერიშე ასეულში და მეორე დღესვე დაიღუპა დონეცკის აეროპორტზე შეტევის დროს. შენობაში შედიოდა და ნაღმზე აფეთქდა. უფრო სწორად, ხვდებოდა, რომ ფეთქდებოდა, - „რასტიაშკა“ ჰქვია ამას (ნაღმის დეტონატორზე მიერთებული მავთული - რედ), - მაგრამ, ფაქტიურად, ნაღმს გადაეფარა და თავისი საქციელით რამდენიმე კაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

კობა ლიკლიკაძე: ამას, სამხედრო და ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე, ჰქვია გმირობა. სამოქალაქო პანაშვიდი და გამოთხოვება კიევის ცენტრში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ იქნება თამაზის თავდადება სათანადო ჯილდოთი დაფასებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან?

დავით მარტიაშვილი: როგორ გეტყვით, იცით?! ახლა რასაც ვაკვირდებით, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველებისათვის თამაზით ეს [ტრაგიკული] ამბავი არ დამთავრდება, იმიტომ რომ თამაზის ამბავმა ჩვენი თანამემამულეების დინება უკრაინაში უფრო გაზარდა, ვიდრე შეაჩერა. ომია და ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომ ჩვენ, ცხადია, უყურადღებოდ არ დავტოვებთ თამაზის ოჯახს, ვიდრე მისი ქმედება ღირსეულად არ იქნება აღნიშნული.

კობა ლიკლიკაძე: დავით, შენ გულისხმობ ჯილდოს თუ ფულად კომპენსაციას, რაც ასეთ დროს ჭირისუფალმა სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს?

დავით მარტიაშვილი: მე გეტყვით ახლა, თუ რაშია აქ ჩვენი უბედურება. დღეს ინიციატივითაც მივმართე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც მივლინებიდან ჩამოსვლის შემდეგ შემხვდება ამ საკითხზე. უკრაინის კანონმდებლობით, დაღუპულის ოჯახი სოციალურ პაკეტს იღებს, რაშიც, გარდა რამდენიმე პუნქტისა, არის კიდევ ფულადი დახმარება, 609 ათასი გრივნის სახით, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას (დაახლოებით 33 ათას დოლარს - რედ) შეადგენს, მით უფრო, რომ თამაზ სუხიაშვილს ორი პატარა შვილი დარჩა. ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ წეღანაც გითხარით, რომ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნებისმიერი ჩვენი მებრძოლი, რომელიც აქ ჩამოდის, ოფიციალურად იყოს გატარებული უკრაინის სტრუქტურებში, რათა ადამიანის დაღუპვის შემდეგ არ მოგვიწიოს ასეთ უსამართლობასთან ჭიდილი.

კობა ლიკლიკაძე: საქართველოში ძირითადად გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქართველი მოხალისეები უკრაინაში ენთუზიაზმით, პატრიოტული შეგნებით იბრძვიან. შენ პირველი ხარ, ვინც ამ პრობლემაზე გაამახვილე ყურადღება, რაც სწორია. ენთუზიაზმით საქმის დაწყებაა კარგი, თორემ შემდეგ მის გაგრძელებას სჭირდება შესაბამისი მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერაც.

დავით მარტიაშვილი: კობა, არავინ გასამრჯელოსთვის არ ჩამოდის, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით. უკრაინაში ქართველი მოხალისეების მასობრივი დინება დაიწყო ახლახან, რაღაც ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ, ბატალიონ „დონბასის“ ქართველები, ის მოხალისეები ვართ, რომლებიც აქ სულ პირველად ჩამოვედით. ამიტომ ერთი თვის წინ ჩამოსული ადამიანის ყოფითი პირობა სხვა არის და შვიდი თვის წინ ჩამოსულის - სხვა. რამდენადაც ახლა ადამიანებმა არ უნდა ილაპარაკონ, რომ უკრაინაში ფულის გულისთვის არ ჩამოდიან, ფულის გულისთვის არჩამოსვლა ნიშნავს, რომ დაქირავებულად არ მოდის ადამიანი. თორემ ჯარისკაცს რომ ხელფასი უნდა დაუნიშნო, ეს უნდა 99%-ს, რომელიც აქ მოდის. ეს არის სიმართლე!

კობა ლიკლიკაძე: ეს ბუნებრივია!

დავით მარტიაშვილი: კიდევ რასთან გვაქვს, იცი, საქმე? იყო განცხადება გაკეთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ უკრაინაში ჩამოსულ სამხედროებს გადაუხდიან მაღალ ანაზღაურებას. აღარ მახსოვს, იქ 5 ათას დოლარსა თუ 5 ათას ევროზე იყო საუბარი. კარგად იცით, რომ საქართველოში ჯარის მოდერნიზებამ და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობამ ბევრი პროფესიონალი ჯარისკაცი მოგვცა, ხოლო იმ გაჭირვების ფონიდან, რაც საქართველოშია, ვალებში ჩავარდნილმა ყოფილმა ჯარისკაცებმა ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორად აღიქვეს. მე ყოველდღიურად უამრავთან მიწევს ტელეფონით საუბარი და უამრავ დროს ვხარჯავ, რომ ხალხს ავუხსნა, რომ ეს ასე არ არის.

კობა ლიკლიკაძე: ანუ ყოფილი პრეზიდენტის ამ მოწოდებას ბევრი გამოეხმაურა, მაგრამ ადგილზე ჩასულ მოხალისეებზე არავინ ზრუნავს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი მეგობარია?

დავით მარტიაშვილი: არა, მისი ეს გამონათქვამი არასწორად იყო აღქმული და, თან, მე როგორც ვხვდები, სააკაშვილი გულისხმობდა რაღაც კატეგორიას, ინსტრუქტორებს, და არ ეხებოდა მოხალისეებს. ამიტომ შევხვდი და კიდევ შევხვდები უკრიანის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს უკონტროლობა დასრულდეს და ქართველი მოხალისეები რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ.

კობა ლიკლიკაძე: კი, მაგრამ იქნებ დახმარებისათვის ყოფილი პრეზიდენტისათვისაც მიგემართათ, რომელიც ხშირად არის უკრაინაში, ახლოს იცნობს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და, როგორც თავად ამბობს, პირადად მისი რეკომენდაციით დაინიშნენ მინისტრთა კაბინეტში ალექსანდრე კვიტაშვილი (უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი) და ეკა ზღულაძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე). არ გიცდიათ სააკაშვილთან შეხვედრა?

დავით მარტიაშვილი: არ მიცდია, არც შევხვედრივარ და ვფიქრობ, რომ არც უნდა შევხედრილიყავი ამ თემაზე, რადგან ის არის უკრაინის ხელისუფლებასთან სასაუბრო თემა და არა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან.

კობა ლიკლიკაძე: თუ უკრაინის ხელისუფლება ვერ ზრუნავს მისი მიწის დასაცავად ჩასულ ქართველ მოხალისეებზე, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს თქვენთვის?

დავით მარტიაშვილი: კობა, რამდენადაც არ უნდა უნდოდეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას იმ ფაქტის დამალვა, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოძმე ერია, ამას ვერ მოახერხებს.

კობა ლიკლიკაძე: შენ ფიქრობ, რომ ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მალავს?

დავით მარტიაშვილი: მე რასაც ვუყურებ, სურვილი აქვს, რომ ეს ასე არ გამოჩნდეს და კაი ხანია ვამჩნევ, რომ ეს ტენდენცია არსებობს. სურვილი აქვთ, რომ როგორმე სახელმწიფოს მხრიდან არ გამოჩნდეს ეს [ძმური კავშირი] და ყველაფერი ცალკეულ ინდივიდებამდე, ვთქვათ, მარტიაშვილებამდე, პეტრიაშვილებამდე და პავლიაშვილებამდე დაიყვანონ. ამას მე ვამჩნევ, რაც ეს კონფლიქტი მიმდინარეობს უკრაინაში, იმ დღის შემდეგ.

კობა ლიკლიკაძე: შენ ფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად უნდა გზავნიდეს ჯარისკაცებსა უკრაინაში?

დავით მარტიაშვილი: არა, ამას არ ვფიქრობ! ეს რომ ვთქვა, ძალიან უცოდინარი უნდა ვიყო და არ უნდა მესმოდეს ის, რომ საქართველოს მიერ ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში რუსეთისათვის ომის გამოცხადება იქნებოდა. და ამ ნაბიჯის შემდეგ, ისედაც დაქცეული და გაუბედურებული ქვეყანა, ალბათ, საერთოდ გაქრება პილიტიკური რუკიდან. პირიქით, ძალიან მოზომილი პოლიტიკა უნდა გატარდეს ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, მაგრამ რუსეთთან ძალიან შეთამაშებაც ძალიან საშიშია. და წარსულში ჩვენ ამის არაერთი მაგალითიც მოგვეპოვება.

კობა ლიკლიკაძე: დათო, შენ, როგორც მივხვდი, საკმაოდ კარგად ხარ ინფორმირებული იმაზე, თუ რას ამბობენ საქართველოში თქვენზე, უკრაინაში მყოფ მოხალისეებზე, და, ალბათ, იმ ვარაუდებსაც მიაქცევდი ყურაღებას, რაც სოციალური ქსელისა და ზოგიერთი ტაბლოიდის საშუალებით ბოლო ხანს გავრცელდა. ლაპარაკია იმაზე, თითქოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების ხელით მომავალში საქართველოში დესტაბილიზაცია ჰქონდეს განზრახული. როგორ მოქმედებს შენზე მსგავსი „ინფორმაციები“?

დავით მარტიაშვილი: მე საქართველოში უამრავი ადამიანი მიცნობს. ჩემი ნაცნობთა წრე ერთი ათეულით და ასეულით არ შემოიფარგლება. ამ თემაზე იყო საუბარი ამას წინათ და თვითონ საქართველოში აღნიშნეს: ვინც საქართველოში დათო მარტიაშვილს მიშა სააკაშვილთან ერთად მოიაზრებს ამ საქმეში, იმას ჭკუასთან ახლოს ვერ ექნება საქმეო. აი, ეს არის ჩემი პასუხი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG