Accessibility links

ალექსანდრ გოლცი: ესაა შეხვედრა პოზიტიური დღის წესრიგის გარეშე


ალექსანდრ გოლცი

ალექსანდრ გოლცი

9 ივლისს ვარშავაში დასრულდა ნატოს სამიტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად არის ერთმანეთს დაშორებული ალიანსისა და რუსეთის სტრატეგიული მიზნები. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერასა და კრემლის მიერ ბალტიისა და შავ ზღვებზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების მცდელობას დასავლეთში უკვე უწოდეს „ახალი ცივი“ ომი, რაც ნატოს აიძულებს უფრო მეტად იფიქროს თავისი აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაზე. სწორედ ამ ფონზე და, როგორც ირკვევა, „მცირეოდენი პოზიტიური დღის წესრიგი გარეშე“ გაიმართა 13 ივლისს ნატო-რუსეთის საბჭოს ელჩების შეხვედრა. ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას არარეალურად მიიჩნევს ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი, რომელიც ამჟამად შვეციის უფსალის უნივერსიტეტში მიწვეულ მკვლევრად მუშაობს. გოლცი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, მიწვეული იყო ნატოს ვარშავის სამიტზე, სადაც ეს საუბარი გაიმართა.

კობა ლიკლიკაძე: გვითხარით, თუ შეიძლება, რას ელოდებით ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრიდან იმ კომუნიკეს გათვალისწინებით, რომელიც მიიღო ნატოს ვარშავის სამიტმა, სადაც თქვენ შესაძლებლობა გქონდათ გესაუბრათ ალიანსის გენერალურ მდივანსა და სხვა მაღალჩინოსნებთან?

ალექსანდრ გოლცი: უნდა გითხრათ, რომ უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ნატოს კომუნიკეც და ნატოს სამიტის მთელი ატმოსფერო იმაზე მიუთითებს, რომ სამიტის მთავარი სიტყვა არის შეკავება, რუსეთის შეკავება. ვარშავაში, როდესაც რუსი ჟურნალისტები იენს სტოლტენბერგს, ნატოს გენერალურ მდივანს, შევხვდით, მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ შეუძლებელია რუსეთ-ნატოს შორის არსებული პრობლემების მოგვარება მანამ, სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება. ამ საკითხთან მიმართებით კი, ჯერჯერობით ისე ჩანს, მხარეები დგანან სრულიად საპირისპირო პოზიციებზე. არც რუსეთია განწყობილი კონსტრუქციულად, რაც სრულიად გასაგები გახდა ნატოში რუსეთის წარმომადგენლის, ელჩ ალექსანდრ გრუშკოს, განცხადების შემდეგ. მან თქვა, რომ „არ არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი“. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს, მხარეებმა თავი დაანებონ ურთიერთბრალდებებს და ყურადღება სამხედრო თვალსაზრისით ურთიერთნდობის გაძლიერებისაკენ მიმართულ, შესაძლოა მცირე, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადაიტანონ.

კობა ლიკლიკაძე: და რა შეიძლება იყოს ურთიერთნდობის ასეთი ნაბიჯები?

ალექსანდრ გოლცი: ის, რაზეც პუტინმა ცოტა ხნის წინ ფინეთში ვიზიტის დროს ისაუბრა. მან თქვა, რომ დადებითად უყურებს ტრანსფონდერების ჩართვას იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც ბალტიის ზღვის თავზე საერთაშორისო სივრცეში დაფრინავენ. აი, ეს შეიძლება იყოს გარკვეული პოზიტიური მომენტი.

კობა ლიკლიკაძე: რადიომსმენელებისათვის გასაგები რომ იყოს, იქნებ განმარტოთ ამ ტექნიკური ტერმინის მნიშვნელობა. რა ფუნქცია აქვს ტრასფონდერებს და რატომაა მათი ჩართვა-გამორთვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხი?

ალექსანდრ გოლცი: ერთ-ერთი პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა რუსეთ-ნატოს ამ, აწ უკვე სამხედრო ხასიათის, დაპირისპირების დროს, ისაა, რომ ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის და, როგორც მოსკოვი ამტკიცებს, ნატოს თვითმფრინავები დაფრინავენ გამორთული ტრანსფონდერებით. ესაა მოწყობილობა, რომელიც სიგნალს გადასცემს და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული თვითმფრინავი ამოცნობილ იქნეს როგორც სწორედ სამხედრო თვითმფრინავი. საერთო შეფასებით, რასაც მეც ვეთანხმები, არა მარტო საბჭოთა კავშირის დაშლის, არამედ გორბაჩოვის განიარაღების შემდეგ, ნატო-რუსეთის ურთიერთობა ასეთი ცუდი და ასეთ დაბალ ნიშნულზე არასოდეს ყოფილა.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ახსენეთ ნატოს მხრიდან რუსეთის შეკავება, თუმცა ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი ეჭვობს, რომ ნატოს გაძლიერებული ბატალიონები, რომლებმაც უფრო დაცული უნდა გახადონ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.

ალექსანდრ გოლცი: როგორც მე წარმომიდგენია, ამ შემთხვევაში შეკავების სულ სხვა ამოცანები დგას ნატოს წინაშე. თუ გახსოვთ ნატოს წინა - უელსის - სამიტის დაწყებამდე, ალიანსის ქვეყნებში გამოითქმებოდა შიში, თუ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იმავე სცენარით მოხდებოდა, როგორც მოხდა დონბასში, - როდესაც ტანკები სასაზღვრო ბოძებს კი არ ანგრევენ, არამედ, უბრალოდ, ჩნდებიან მწვანე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ხელში იღებენ ძალაუფლებას, ანუ როდესაც არის არააშკარა აგრესია... ბევრი შიშობდა, რომ ასეთ შემთხვევაში ნაოს წევრი ქვეყნების ლიდერები არ გამოიჩენდნენ საკმაო პოლიტიკურ ნებას, რათა მოქმედებაში მოეყვანათ ნატოს ვაშინგტონის ხელშეკრულება კოლექტიური თავდაცვის შესახებ. ამჯერად ზემოხსენებული ბატალიონების შექმნის მთავარი ამოცანა ისაა, რომ საჭიროების შემთხვევაში ასპროცენტიანი გარანტიით უზრუნველყოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ ბატალიონების უკან ნატოს წამყვანი ქვეყნები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და კანადა - დგანან. ეს გადაწყვეტილება სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია. გაგახსენებთ, რომ როდესაც უელსის სამიტზე ასეთი გადაწყვეტილების პერსპექტივაზე ჩამოვარდა სიტყვა, რუსეთში შეწყვიტეს ყოველგვარი საუბრები „რუსულ სამყაროზე“, რომელიც დონბასიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებამდე უნდა გაფართოვდეს და გადაიჭიმოს.

კობა ლიკლიკაძე: ნატოს ვარშავის სამიტის ერთ-ერთი საკითხი იყო, ასევე, უსაფრთხოების გაძლიერება თუ ერთგვარი სამხედრო პარიტეტისა თუ ბალანსის აღდგენა შავ ზღვაზე, სადაც რუსეთის ფლოტი, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშკარად დომინირებს. თუმცა სამიტი ისე დასრულდა, რომ კონკრეტულად არაფერია ცნობილი იმაზე, მოხერხდა თუ არა კონსენსუსის მიღწევა ნატოს წევრი შავი ზღვის ქვეყნებს შორის. მხედველობაში მაქვს ბულგარეთის საწინააღმდეგო პოზიცია და თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობისაკენ მიმართული ნაბიჯები. რა შეგიძლიათ გვითხრათ?

ალექსანდრ გოლცი: პირველ ყოვლისა, რაღაც პასუხები უკვე არის გაცემული. კერძოდ, ითქვა, რომ შეიქმნება რუმინულ-ბულგარული ბრიგადა, ასევე, საერთაშორისო შემადგენლობით. ამას გარდა, ნატოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ ბალტიისა და შავ ზღვებზე გაძლიერდება სამხედრო-საზღვაო ძალები და ამის შესახებ შემოდგომის ბოლოს წარდგენილი იქნება კონკრეტული გეგმები. დაბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტზე პირველად ითქვა, რომ ნატო არ მოითმენს რუსეთის მიერ ფრენისათვის აკრძალული ზონების შექმნას და ერთ-ერთ ასეთ ზონად ნახსენები იყო ყირიმი. მართალია, ამ ყველაფერს ჯერ არ მიუღია ისეთი კონკრეტული ფორმები, როგორიც აქვს ალიანსის მიერ საბრძოლო ბატალიონების კონკრეტულ ტერიტორიებზე განლაგებას, მაგრამ ნატო წინ მიიწევს ამ მიმართულებით.

კობა ლიკლიკაძე: ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ მოულოდნელმა უთანხმოებამ იჩინა თავი, როგორც იუწყებიან, ალიანსის წევრ თურქეთსა და გერმანიას შორის ნატოს ინჯილრიკის ბაზის გარშემო. წერენ, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება ამ ბაზაზე გერმანელი ინსტრუქტორების დაშვებას. და ეს ხდება, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, რუსეთ-თურქეთის კვლავ დაახლოების ფონზე

ალექსანდრ გოლცი: თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ კონკრეტული სამხედრო თანამშრომლობა, რუსეთ-თურქეთს შორის ასეთი არაფერი არ არის. თუ გახსოვთ, სულ რამდენიმე საათი იარსება სენსაციამ, როდესაც თურქეთის ზოგიერთი მასობრივი საინფორმაციო საშუალება ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თურქეთმა ვითომცდა შეიძლება დაუშვას რუსი სამხედროები ინჯილრიკის სამხედრო ბაზაზე. ეს პრინციპულად შეუძლებელია. ეს იქნებოდა ისტორიაში პირველი შემთხვევა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების განლაგებისა იმავე ბაზაზე, რომელზეც ნატოს წევრი სახელმწიფოების, აშშ-ისა და ნატოს თვითმფრინავები დგანან და სადაც, როგორც წერენ, ალიანსის ამერიკული ბირთვული იარაღი ინახება,

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ არავის უარუყვია ჯერ უთანხმოება გერმანელ და თურქ სამხედროებს შორის ინჯილრიკის ბაზაზე.

ალექსანდრ გოლცი: არა, მეტნაკლებად ცხადია, რომ თურქეთის ხელისუფლება ამ ბაზაში ხედავს ერთგვარ კარტს, რომლის გათამაშებაც ამა თუ იმ აზრით შეიძლება: აი, მიიღო გერმანიის ბუნდესტაგმა თურქეთისათვის უსიამოვნო დადგენილება სომეხთა გენოციდის შესახებ, მაშინ ჩვენ დავსჯით გერმანელებს. უნდა ითქვას, რომ მე არ ვარ პირველი, ვინც ამბობს, რომ ბატონ ერდოანის მოქმედების სტილი ძალიან ჰგავს ვლადიმირ პუტინის მოქმედების სტილს.

კობა ლიკლიკაძე: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება იმის თქმა, რომ თურქეთი, გარკვეულწილად, არის სუსტი რგოლი ნატოში?

ალექსანდრ გოლცი: იცით, თურქეთის არმია სიდიდით მეორეა ნატოს წევრ სახელმწიფოთა არმიებს შორის, ამიტომ ძალიან სარისკო იქნებოდა მისთვის „სუსტი რგოლი“ გვეწოდებინა. მე ვიტყოდი, რომ თურქეთს ერთგვარი გაურკვევლობა შეაქვს ნატოს წევრი ქვეყნების ერთიანობაზე საუბარში.

კობა ლიკლიკაძე: ვარშავის სამიტზე ნატოს სახელმწიფოები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით დახმარებას დაჰპირდნენ, „ნდობის ფონდი“ კი დაეხმარება თბილისს ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმების მიღწევაში. რუსეთის მხრიდან ჯერ არ ყოფილა რეაქცია საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების თაობაზე. თქვენი აზრით, კრემლი შეეგუა, თუ ეს უფრო ავის მომასწავებელი სიჩუმეა?

ალექსანდრ გოლცი: არ ვიცი, რას უპასუხებს რუსეთი და, საერთოდ, უმადური საქმეა იმის პროგნოზირება, თუ რას მოიმოქმედებს კრემლი. ცხადია ერთი რამ: რუსეთი ძალიან ავადმყოფურად რეაგირებს ნატოს მიმართულებით ნებისმიერი ქვეყნის მოძრაობაზე. რაღაც რეაქცია [ნატოს სამიტს] აუცილებლად მოჰყვება, მაგრამ არ შემიძლია იმის წინასწარმეტყველებაა, თუ როგორი იქნება ეს რეაქცია.

სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამდენიმე დღეში დატოვებს თანამდებობას და სამხედრო უწყებას - სულ მცირე, არჩევნებამდე - ახალი ლიდერი ეყოლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG