Accessibility links

logo-print

სერბია-კოსოვო: აღიარება გაწევრიანების სანაცვლოდ?


სერბიის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი (მარცხნივ) და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპე ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბრიუსელში.

სერბიის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი (მარცხნივ) და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპე ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბრიუსელში.

სერბიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მისი მთავრობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, მხარს უჭერს დიალოგს კოსოვოს ხელისუფლებასთან. თუმცა ამჯერად სერბიის მთავრობის უმაღლეს პირს ბრიუსელში აშკარად მიანიშნეს, რომ მხოლოდ პრიშტინასთან დიალოგი არ არის საკმარისი არგუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბოლომდე მისაყვანად.

მმართველ კოალიციაში შემავალი სერბიის სოციალისტური პარტიის ლიდერი და ერთ დროს სლობოდან მილოშევიჩის პრესმდივანი პირველად ეწვია ბრიუსელს მას შემდეგ, რაც იგი სერბიის მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგა სათავეში. ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპესთან მოლაპარაკების შემდეგ, 4 სექტემბერს, ივიცა დაჩიჩმა კოსოვოსთან მრავალ სხვადასხვა საკითხზე დიალოგის გამართვისთვის მტკიცე მზადყოფნა გამოთქვა:

„ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ბელგრად-პრიშტინის დიალოგი არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური საკითხების ირგვლივ; ასევე მზად ვართ გავზარდოთ მონაწილეობის ხარისხი პოლიტიკური დონის დიალოგშიც.“

ევროკავშირმა სერბიას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მარტში მიანიჭა - მანამდე, სანამ სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვებოდა პროდასავლური პოლიტიკის მომხრე ბორის ტადიჩი. სერბიის ახალი მმართველი კოალიცია აერთიანებს პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩის ნაციონალისტურ „სერბიის პროგრესულ პარტიას“ და დაჩიჩის სოციალისტებს - ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის პარტიის წევრებს.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ 4 სექტემბერს სერბიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კვლავ გაიმეორა, კოსოვოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება აუცილებელია იმისათვის, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომდევნო ნაბიჯი გადაიდგას, ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოსო:

„სერბიისა და კოსოვოს ურთიერთობის ხელშესახები და მდგრადი გაუმჯობესება მთავარ ნაბიჯად რჩება მომდევნო ეტაპის დადგომამდე, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებამდე. კმაყოფილებას იწვევს ის, რომ სერბიის მთავრობამ გადაწყვიტა ჩაერთოს რეგიონის მასშტაბით ეფექტიან და ყოვლისმომცველ თანამშრომლობაში.“

თუმცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ ისიც დაამატა, „საქმე ამით არ მთავრდებაო“, და ორივე მხარეს მოუწოდა „კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ ევროკავშირის შუამავლობით თვეების წინ შემუშავებული შეთანხმების შესრულებაში.“ ერთ-ერთი ასეთი შეთანხმება კოსოვოს უფლებას აძლევს საკუთარი სახელით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ რეგიონალურ შეხვედრაში და თავადვე მოაწეროს ხელი ნებისმიერ შეთანხმებას. 4 სექტემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს სერბიას კიდევ უფრო მკაფიოდ მიანიშნეს, რომ თუკი ბელგრადს მართლაც სურს ევროკაშირის წევრობა, მაშინ მან კოსოვოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

„უმთავრესი, რაზეც დღეს გავამახვილეთ ყურადღება, ის არის, რომ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა და ძალადობის მიუღებლობა. მოცემულ მომენტში ეს არის ევროპარლამენტის უმთავრესი მიზანი. მაგრამ აშკარაა, რომ გრძელი გზის ბოლოს უნდა მოხდეს ერთმანეთის აღიარება, რაც აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის“ , განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ევროპარლამენტის თავმჯოდომარემ, გერმანელმა პოლიტიკოსმა მარტინ შულცმა.

სერბია კი აცხადებს, რომ არ აპირებს ცნოს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც უკვე აღიარა აშშ-მა და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმრავლესობამ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG