Accessibility links

logo-print

აშშ-მა რუსეთს ბრალი დასდო საჰაერო დარტყმების განხორციელებაში სირიის სამხრეთში, მეამბოხეების წინააღმდეგ - იმ ძალების ჩათვლით, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს და რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სააგენტოებს „როიტერსს“ და „ფრანს პრესს“ 16 ივნისს უთხრეს, რომ „ძალიან არიან შეშფოთებული“ ალ-ტანფთან განხორციელებული საჰაერო იერიშების გამო და რომ ვაშინგტონი მოსკოვთან ამ საკითხის წამოჭრას აპირებს.

მაგრამ რუსეთი საპასუხო ბრალდებებით გამოვიდა - რომ აშშ-ს შესაძლოა ჰქონდეს საიდუმლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნაწილობრივ სირიაში ტერორისტულ ძალებზე დაყრდნობას საიმისოდ, რომ დაემხოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი.

16 ივნისს, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ასეთი გეგმის არსებობა ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, თუ რატომ ვერ შეძლო აშშ-მა მის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხეების დაყოლიება იმაზე, რომ ისინი გამიჯვნოდნენ ალ-ყაიდის „ნუსრას ფრონტს“, როგორც ამას რუსეთი ითხოვდაო.

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

აშშ შესაძლოა იქ „რაღაც თამაშს თამაშობდეს და შეიძლება სურდეთ ნუსრას შენარჩუნება გარკვეული ფორმით და მისი რეჟიმის დამხობის მიზნით გამოყენებაო“, განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, სირთულე, რომელიც ახლავს გაეროს შავ სიაში შესული ტერორისტული ჯგუფის განცალკევებას სხვა მეამბოხე ძალებისგან, წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რატომაც გრძელდება სირიაში ომი, არაერთი სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად.

ლავროვის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ახლახან შემდგარ სატელეფონო საუბარში უარყო ასადის დამხობის მიზნით ამგვარი საიდუმლო გეგმის არსებობა.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, მოსკოვს სდებს ბრალს ასადის მხარდაჭერაში, „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ნუსრას ფრონტის“ წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად.

სირიაში აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის კომუნიკაცია იშვიათია და ძირითადად შემოიფარგლება შემთხვევითი შეჯახების თავიდან აცილებით, ერთდროული საჰაერო იერიშების წარმოების დროს.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დისიდენტი დიპლომატების ჯგუფი აკრიტიკებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ სირიაში გატარებულ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო ომში პირდაპირ ჩაურევლობას. ამ დიპლომატების აზრით, აშშ-მა ასადის სამთავრობო ძალების დაბომბვა უნდა დაიწყოს, რათა ისინი აიძულოს სამშვიდობო მაგიდას მიუსხდნენ.

მორალური არგუმენტაცია იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც სირიაში დაასრულებს ადამიანების სიკვდილს და ტანჯვას, ხუთწლიანი სასტიკი ომის შემდეგ, ცხადია და ეჭვგარეშე...

სახელმწიფო დეპარტამენტში შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილმა ამ შინაარსის წერილმა გაჟონა „ნიუ-იორკ ტაიმსსა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალში“.

„მორალური არგუმენტაცია იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც სირიაში დაასრულებს ადამიანების სიკვდილს და ტანჯვას, ხუთწლიანი სასტიკი ომის შემდეგ, ცხადია და ეჭვგარეშე“ - ასეთ ციტატას ავრცელებს დოკუმენტიდან „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

„სირიაში სტატუს კვოს შენარჩუნება გამოიწვევს მზარდად მძიმე - თუ არა კატასტროფულ - ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებსო“, ვკითხულობთ გამოცემაში კიდევ ერთ ციტატას.

ამ კრიტიკული წერილის გავრცელების ფონია 16 ივნისს კონგრესში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს, CIA-ს, დირექტორის ჯონ ბრენანის გამოსვლა, რომლის დროსაც ბრენანმა თქვა, სექტემბრიდან ომში რუსეთის ჩართვამ და სირიის ძალების მხარდაჭერამ გააძლიერა ასადის პოზიციები როგორც ომში, ისე შეჩერებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებშიო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG