Accessibility links

logo-print

დაღესტნელი მამა შვილის „ჯიჰადს“ საკუთარი „ჯიჰადით“ უპასუხებს


დაღესტანი

დაღესტანი

25 სექტემბერს დაღესტნის ქალაქ ხასავიურტის მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ზაინუდინ და საპიატ ალიბეკოვებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით ისინი ცდილობენ შინ დააბრუნონ თავიანთი შვილი იბრაგიმი, რომელმაც სამი თვის წინ დატოვა ცოლ-შვილი და ტყეში მყოფ იატაქვეშა პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა.

ზაინუდინ ალიბეკოვი, პარტიზანი შვილის მამა, სასოწარკვეთილია და ყველა სიტყვას, როგორც თავად ამბობს, დიდი სიფრთხილით ეკიდება. შიმშილობის გამოცხადებით ზაინუდინი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ტყეში, სავარაუდოდ, პარტიზანებთან მყოფ შვილს, იბრაგიმს, დაიყოლიოს იგი იარაღის დაყრაზე და ამით იხსნას იმ საშინელი აღსასრულისგან, რაც ტყეში გასულ ახალგაზრდებს გაჯიუტების შემთხვევაში ელოდებათ.

„ახლა მიდის ამ ბიჭების ამოხოცვის ტენდენცია, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. ერთ-ერთმა ჩვენმა აქტიურმა მშობელმა ამ დღეებში დაკარგა შვილი. ის ახალგაზრდა ბიჭი ჩაკლეს. არადა, შეიძლებოდა მისი გადარჩენა“, განაცხადა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან ინტერვიუში ზაინუდინ ალიბეკოვმა, რომლის თქმითაც, შვილების დასაბრუნებლად და გადასარჩენად ყველა საშუალება გამართლებულია.

ზაინუდინის შვილს, იბრაგიმს, სახლში ცოლი და პატარა შვილი დარჩა, რომელსაც მამა სამი თვეა არ უნახავს. ვიდრე უვადო შიმშილობის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ზაინუდინმა და ტყეში გასული სხვა შვილების მშობლებმა ბევრი მეჩეთი მოილოცეს და ალაჰს შვილების დაბრუნება შესთხოვეს. „იბრაგიმ, შვილო, დაბრუნდი სახლში, შენ ხომ ოჯახი გელოდება!“ - ასეთი მიმართვა გაავრცელეს მშობლებმა. 8 ახლგაზრდამ ყურად იღო მშობლების თხოვნა და მართლაც დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მაგრამ არ ისმინა ზაინუდინ ალიბეკოვის შვილმა, იბრაგიმმა, რომელიც, მამის თქმით, ჯიჰადის გზას დაადგა:
არიან ძალიან ახალგაზრდა, 17-18-19 წლის ბიჭები, რომლებიც რატომღაც ხვდებიან იქ და მერე ბრუნდებიან უკან. მაგრამ თუ ამ ერთეულ შემთხვევებს, 8 დაბრუნებულს, შევადარებთ 1000-სა და მეტს, 3000 მეამბოხეს ...

„ჩვენთან ახალგაზრდები ახლა ისეთი ამაყები არიან, რომ რაკი ერთხელ გადადგეს ნაბიჯი, ფიქრობენ, რომ უკანდასახევი გზა არა აქვთ. მე კი ვცდილობ ჩემს შვილს ავუხსნა, რომ თუ ის ასეთი ჯიუტია, მასზე მეტად ჯიუტია ის, ვინც იგი გააჩინა. თუკი მან ტყეში სიკვდილი გადაწყვიტა, ჩვენ მზად ვართ აქ დავიხოცოთ მისი გულისათვის. ჩვენი ჯიჰადი უკეთესია მის ჯიჰადზე, რომელიც ბევრ ადამიანს აღუძრავს ეჭვს, შვილის გადარჩენისაკენ მიმართული ჩვენი ჯიჰადი კი ჩვენში არავითარ ეჭვს არ აღძრავს.“

იბრაგიმის მშობლების ასეთ „ჯიჰადს“ პარტიზანულ იატაკქვეშეთში გაწევრიანებული სხვა ახალგაზრდების ნათესავებმაც გამოუცხადეს მხარდაჭერა. იუწყებიან, რომ ხასავიურტში სტიქიურად შეიქმნა მშობელთა კომიტეტი. ასეთ მოძრაობას რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი მურთუზ დუგრიჩილოვი დაღესტნის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულს არ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ადამიანს, რომელიც შეგნებულად ირჩევს ჯიჰადის გზას, ტყიდან მშობლების მუდარა ძნელად თუ გამოიყვანს:

„არიან ძალიან ახალგაზრდა, 17-18-19 წლის ბიჭები, რომლებიც რატომღაც ხვდებიან იქ და მერე ბრუნდებიან უკან. მაგრამ თუ ამ ერთეულ შემთხვევებს, 8 დაბრუნებულს, შევადარებთ 1000-სა და მეტს, 3000 მეამბოხეს, გამოდის, რომ ძირითადი მასა მაინც ტყეში რჩება. ის, რომ ორივე მხრიდან ძალადობა იზრდება, ამ ფონზე ეს, ასე ვთქვათ, „დაბრუნება“ ვერაფერს მოიტანს.“
ისინი აქამდე შესაძლოა სრულებით მშვიდობიანი ადამიანები იყვნენ, მაგრამ როცა ასეთი რამ ხდება, ცხადია, ისინი იარაღს აიღებენ ხელში შურის საძიებლად ...

მურთუზ დუგრიჩილოვი ამბობს, რომ პარტიზანული იატაკქვეშეთიდან ახალგაზრდების გადმოსაბირებლად ხელისუფლება სხვადასხვა მშვიდობიან ფორმებს იყენებს - სთავაზობს მათ ამნისტიას, დასაქმებას ძალოვან უწყებებში და დახმარებას მშვიდობიან ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის, თუმცა, ამის პარალელურად, არსებობს სისასტიკის შემთხვევები, რაც ახალგაზრდებში შურისძიების გრძნობას აღძრავს:

„აი, მაგალითად, „იუტუბიზე“ რუსეთის შინაგანი ჯარების ოფიცერმა პოლკოვნიკმა ტუხვატულინმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც რუსეთიდან ორდენებისა და სხვადასხვა ჯილდოების მისაღებად ჩასული ორი თანამებრძოლის საშინელ ისტორიას ჰყვება. როცა ნახეს, რომ თავი ვერაფრით ისახელეს, ადგნენ და, უბრალოდ, მოკლეს უდანაშაულო ბიჭი. ჩვენ კავკასიელები ვართ და კარგათ ვიცით, რა შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა ფაქტმა მოკლულის მამის ანდა ძმის არსებაში, ახლო ნათესავებში. ისინი აქამდე შესაძლოა სრულებით მშვიდობიანი ადამიანები იყვნენ, მაგრამ როცა ასეთი რამ ხდება, ცხადია, ისინი იარაღს აიღებენ ხელში შურის საძიებლად.

მურთუზ დუგრიჩილოვის თქმით, ტერორის გზა, რომელიც ჩრდილოკავკასიურმა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობამ აირჩია, სრულიად მიუღებელია და მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. იყო შემთხვევა, როდესაც პარტიზანებთან გადასული ახალგაზრდა კაცის ოჯახი სოფელმა საერთოდ მოიკვეთა, რაც, კავკასიელთა ტრადიციით, მძიმე სასჯელად ითვლება. თუმცა, მძიმე სოციალური ფონისა და როგორც რეგიონალური, ისე ფედერალური ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ჩრდილოეთ კავკასიაში საპროტესტო განწყობა არ კლებულობს და ახალგაზრდები ან ტოვებენ რეგიონს, ანდა ტყეში გადიან. ასეთი გზა აირჩია სწორედ დაღესტნის ხასავიურტის მკვიდრმა იბრაგიმ ალიბეკოვმა, რომლის მშობლები, ზაინუდინი და საპიატი, უვადო შიმშილობით ცდილობენ დაიბრუნონ შვილი და გადაარჩინონ ის გარდაუვალ დაღუპვას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG