Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო დაზარალებულთა განცხადებების მიღება


სტიქიით მიყენებული ზარალი
სტიქიით მიყენებული ზარალი

7 ივლისს დაიწყო წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა განცხადებების მიღება. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის რაიონულ გამგეობას. მერიის განმარტებით, ზარალი ანაზღაურდება საკრებულოს მიერ 5 ივლისს დამტკიცებული წესის მიხედვით. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს განცხადებების მიღების პროცესი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო 13-14 ივნისის წყალდიდობის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს პეტრიაშვილის 23 ნომერში ყოველ სამუშაო დღეს დილის 9 საათიდან ელოდება. სააგენტოს ხელმძღვანელის კარლო ლაფერაძის თქმით, განცხადებების მიღების პირველ დღეს მცირე აქტიურობა დილის საათებში შეინიშნებოდა:

„ძირითადად მოვიდნენ და გაეცნენ პირობებს, რომლებსაც სთავაზობს თბილისის მერია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობები შეთანხმდა მათთან და ამის შემდეგ დაამტკიცა საკრებულომ, მაინც რაღაც კითხვები ჰქონდათ, მაინც რაღაც დააზუსტეს და ამის შემდეგ ველოდებით პირველ ნაკადს“.

ორსართულიანი სახლი მქონდა, თავისი ღობე-გალავნით. საცხოვრებელი ფართი, სარდაფის გარეშე, 142 კვადრატული მეტრი. სახლი კი დგას, მაგრამ სარდაფი და პირველი სართული სულ ამოქოლილია და მეორე სართულზეც სანახევროდ იგივე მდგომარეობაა...
მარინე გერგედავა

სავარაუდოდ, პირველ ნაკადში იქნება სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები მარინე გერგედავას ექვსსულიანი ოჯახი, რომლის ორსართულიანი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება:

„ორსართულიანი სახლი მქონდა, თავისი ღობე-გალავნით. საცხოვრებელი ფართი, სარდაფის გარეშე, 142 კვადრატული მეტრი. სახლი კი დგას, მაგრამ სარდაფი და პირველი სართული სულ ამოქოლილია და მეორე სართულზეც სანახევროდ იგივე მდგომარეობაა... ახლაც აქ ვართ, რაღაცას ვეძებთ, მაგრამ აზრი არა აქვს... გვითხრეს, რომ პირველ კატეგორიაში ვართ და რომ ჩვენი სახლი არ ექვემდებარება აღდგენას. ცხადია, ვაპირებთ ქონების მართვის სააგენტოში მისვლას“.

მარინე გერგედავას მსგავსად, ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ პირველი კატეგორიის სხვა დაზარალებულებმაც. თბილისის საკრებულოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით, პირველი კატეგორიის დაზარალებულად ითვლებიან ისინი, ვისი სახლებიც დაინგრა ან არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის თქმით, დაზარალებულებს შეუძლიათ აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი:

ბუნდოვანებაა ვადებთან დაკავშირებით. არაა დაზუსტებული მიმართვიდან რამდენ ხანში მიიღება გადაწყვეტილება. ასევე პროცესში ჩართულია ბევრი უწყება, რომლებიც უსასყიდლოდ უწევენ თბილისის მერიას მომსახურებას, მაგრამ აქაცარაა დაზუსტებული...
ირაკლი აბესაძე

„პირველი ის, რომ გააკეთონ განაცხადი საცხოვრებელი ბინის შეძენისთვის. ამისთვის მერია მათ განუთავსებს თანხას სპეციალურად ამისათვის გახსნილ ანგარიშზე, სულადობის მიხედვით ღირებულებას დაუთვლის და ანგარიშზე დაუსვამს (ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა). მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ორი თვის განმავლობაში შეარჩიონ მათთვის სასურველი ბინა და, ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში, ეს თანხა ჩაერიცხებათ. ამავე დროს, შეუძლიათ მოვიდნენ და გააკეთონ განაცხადი, რომ მათ საკუთრებაში არსებული ქონება გამოისყიდოს მუნიციპალიტეტმა“.

რაც შეეხება მეორე კატეგორიის დაზარალებულებს, ანუ იმათ, ვისი სახლებიც ექვემდებარება რეაბილიტაციას, მათ უნდა მიმართონ შესაბამის გამგეობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობების რეაბილიტაციას. თბილისის საკრებულოს გადაწვეტილება დაზარალებულთა დახმარებისა და ზარალის ანაზღაურების შესახებ, მთლიანობაში, მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციისთვისაც, თუმცა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო მეტი სიცხადის შეტანა ვადებთან დაკავშირებით:

სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი
სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი

„ბუნდოვანებაა ვადებთან დაკავშირებით. არაა დაზუსტებული მიმართვიდან რამდენ ხანში მიიღება გადაწყვეტილება. ასევე პროცესში ჩართულია ბევრი უწყება, რომლებიც უსასყიდლოდ უწევენ თბილისის მერიას მომსახურებას, მაგრამ აქაცარაა დაზუსტებული, ვინ და რა დროში უნდა მიაწოდოს მასალები თბილისის მერიას“.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე კი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დახმარებას მიიღებს ის 40 ოჯახი, რომელთა უძრავი ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, დახმარებას მიიღებს სულ 160 ოჯახი.

„პირველი ეტაპი იყო ქონების აღწერა, ინვენტარიზაცია, რომელიც დავიწყეთ სვანიძის ქუჩით. შესაბამისად, ახლაც პირველად ვიღებთ სვანიძის ქუჩის მოსახლეობას. შემდეგ უკვე გადავალთ წყნეთის ქუჩის მოსახლეობაზე, ჩიქოვანის ქუჩის მოსახლეობაზე და ა.შ. მოვიცავთ აბსოლუტურად ყველა დაზარალებულ ოჯახს და ქონებას. სანამ ამ პროცედურას არ ამოვწურავთ და სანამ თითოეულ ოჯახთან არ გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებას (ცხადია, მათი სურვილის შემთხვევაში), ჩვენ ამ პროცესს არ დავხურავთ და ვიქნებით ყოველთვის მზად, რომ შევხვდეთ მათ“, უთხრა კარლო ლაფერაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG