Accessibility links

logo-print

დაიღუპა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი


მერაბ ჩიგოევი

მერაბ ჩიგოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. იქ იგი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიიყვანეს. ჩიგოევი შაბათ საღამოს ყოფილი ვიცე-პრემიერის შვილის ქორწილიდან გამოვიდა და საკუთარი მანქანისკენ მიემართებოდა. სოვეტსკაიას და ალან ჯიოევის ქუჩების გადაკვეთაზე მას მანქანა დაეჯახა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციის თანახმად, მძღოლი, რომელიც ჩიგოევს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ იგი მალევე დააკავეს და მიმალული არ ყოფილა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებული მძღოლი ნასვამი იყო. ოსურ ფორუმებზე ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თავიდანვე კითხვის ნიშნები გაჩნდა. არაერთი კომენტატორი კითხულობდა, რატომ იყო ამ დროს ჩიგოევი ქუჩაში მარტო. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან არაერთი თათბირი გამართა და ჩიგოევის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. თიბილოვი თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ახსარ ლავოევისგან გზებზე კონტროლის გამკაცრებას და საბჭოთა დროში დაბრუნებას ითხოვს, როცა ე.წ. რეიდებში მრავალი სამსახური იყო ჩართული.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ცხინვალში მალე რუსი სპეციალისტები ჩავლენ, რომლებიც გზებზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ. მისი აზრით, ეს ზომები საგზაო მოძრაობას უფრო მეტად მოაწესრიგებს. საჭესთან ნასვამი მძღოლები და გადაჭარბებული სიჩქარე ცხინვალში უკვე დიდი ხანია პრობლემად იქცა. საგზაო მოძრაობის წესებს კი, მოქალაქეებთან ერთად, თვითონ სამართალდამცავებიც არღვევენ და ეს მთელი ქალაქისთვის ცნობილია. ცოტა ხნის წინ გუფთის ხიდთან ავარიაში დაიღუპა ყოფილი დეპუტატი ერიკ დუდაევი. რაც შეეხება მერაბ ჩიგოევს, იგი თიბილოვისა და ბორის ჩოჩიევის გუნდის წევრად ითვლებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრი, გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ოსური მხრიდან. მონაწილეობდა ხოლმე ქართულ-ოსური დიალოგის სხვადასხვა ფორმატში. წარმოშობით ახალგორიდან იყო და კარგად ფლობდა ქართულ ენას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG