Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიკავე დერეფანი


ბოლო დროს გახშირდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების შეჭრის ფაქტები. 26 ოქტომბერს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თბილისში შემოსავლების სამსახურის ნაძალადევის ოფისის შენობა დაიკავა, დევნილთა ერთი ჯგუფი კი ზუგდიდის სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო ცენტრის შენობაში შეიჭრა. სულ, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შენობების არასანქცირებული დაკავების 20-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. რატომ იმატა შეჭრის ფაქტებმა და შექმნილი ვითარებიდან რა გამოსავალს ხედავს ხელისუფლება?

„კარგი, რა, თუ კაცი ხარ! მთელი ღამე აქა ვდგავართ! საჭმელსაც არ აძლევენ. რომ მივუტანეთ, ხელიც არ მოჰკიდეს...“ - ასეთი ხმაური იყო ცოტნე დადიანის 30 ნომერში მდებარე ნაძალადევის რაიონის შემოსავლების სამსახურის შენობის წინ, სადაც საბინაო პრობლემით შეწუხებული მოქალაქეების ერთი ნაწილი უშედეგოდ ცდილობდა შენობაში შეჭრილი ოჯახის წევრებისათვის საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდებას, რადგანაც შენობის შესასვლელი საიმედოდ ჰქონდათ ბლოკირებული დაცვის პოლიციის თანამშრომლებს. იქვე იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურის სამეურნეო სამმართველოს უფროსი გიორგი სეფისკვერაძეც, რომელიც ასევე უშედეგოდ ცდილობდა შეჭრილთა ახლობლების დარწმუნებას, დაეტოვებინათ შენობა:

„დერეფანში არიან შეჭრილები, რამდენიმე ოთახიც გატეხეს... საბუთები ინახება შენობაში, რომელიც შეიძლება დაიკარგოს და არის ამის საშიშროება. თუ ასე გაგრძელდა, ვერ ვიმუშავებთ. ისინი დერეფანში თუ იცხოვრებენ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები როგორღა იმუშავებენ? წარმოუდგენელია ასე გაგრძელება!“
თბილისელებისთვისაა ის პროგრამა, რომლის ფარგლებში უცხოელები სოციალურად დაუცველებისთვის სახლებს აშენებენ. ვითხოვთ ბინებს, ოღონდ ვითხოვთ კანონიერი გზით ...
მარადი კაპანაძე

თუმცა ის, რაც ვერ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიაჩნიათ მძიმე სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფ მოქალაქეებს, მათ შორის, გლდანში მცხოვრებ მარადი კაპანაძეს:

„არც ერთი ქვედა კიდური არ მაქვს. ქაცარავას მოწერილი საბუთი ხელში მიკავია, ბინა გეკუთვნითო. ყველაზე დაბალი ქულა გვაქვს - 15 ათასი. ძალიან მძიმე დღეში ვართ: ერთ ოთახში ექვსი სული ვცხოვრობთ, სამი შვილიშვილი მყავს. მომვლელი მინდა, ძალიან მძიმე დღეში ვართ. ვისაც შეუძლია, ძალით შევიდა. მე ძალადობა არ შემიძლია. ჩემისთანებს უნდა მისცენ ბინები პირველ რიგში. თუ არ გჯერათ, ნახეთ, მაგრამ როგორ ვიკადრო და კაბა როგორ ავიწიო. არც ერთი ფეხი არ მაქვს“.

მარადი კაპანაძე, ისევე როგორც დადიანის 30-თან შეკრებილი სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები, დახმარებას თბილისის მერიისაგან ითხოვენ:

„თბილისელებისთვისაა ის პროგრამა, რომლის ფარგლებში უცხოელები სოციალურად დაუცველებისთვის სახლებს აშენებენ. ვითხოვთ ბინებს, ოღონდ ვითხოვთ კანონიერი გზით, რიგით, ქულებით... სიები ხომ აქვთ? ჩვენი საქმეები ხომ აქვთ? წლების წინ შევიტანეთ განცხადებები. გადახედონ და იმის მიხედვით იმოქმედონ, ხალხი სხვას არაფერს ითხოვს!“

თუმცა, პასუხად, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანები აქტიურობენ და ძალადობენ, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ ბინებს და სახელმწიფოსგან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. და კიდევ, რაც შეეხება სიებსა და რიგს:

„არავითარი სია არ არსებობს! არანაირი რიგი არ ყოფილა! ეს ადამიანები თავიანთი ილუზიებით საუბრობენ. აშენდა რამდენიმე სოციალური ბინა, რომელიც გადაეცა რამდენიმე ათეულ ადამიანს. ამის შემდეგ ბევრმა მოგვმართა. ჩვენ უფლება არ გვქონდა არ მიგვეღო მათი განცხადებები ბინების მიღების თაობაზე. ვწერდით, რომ კომისია განიხილავდა დაკმაყოფილების საკითხს. როგორც ჩანს, ბევრმა ჩათვალა, რომ ამ წერილის საფუძველზე მიიღებდა ბინას. 4 ათას განცხადებაზე 24 ბინაა. ამასთან, იმ 4 ათასშიც ბევრია ისეთი, რომელსაც არ ეკუთვნის ბინა“.
ახალი ხელისუფლება უფრო ჰუმანური იდეებითა და ადამიანისადმი დამოკიდებულების ცვლილების მოთხოვნით მოვიდა. ამ ადამიანებმაც იფიქრეს, რომ არ გამოგვასახლებენ ან, თუ გამოგვასახლებენ, სხვა ფართობით მაინც დაგვაკმაყოფილებენო ...
ზურაბ ბენდიანიშვილი

მამუკა ქაცარავას მიაჩნია, რომ საბინაო პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია მასშტაბური სუბსიდიის გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან, თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი კობა დავითაშვილი თბილისის მერიას შეახსენებს, რომ დედაქალაქს თავისი ბიუჯეტი აქვს და რომ საკრებულოს უმრავლესობა და მერი კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. შესაბამისად, დავითაშვილს მიაჩნია, რომ ახალი მთავრობისგან ფულადი სუბსიდიების მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად უზნეობაა. რაც შეეხება დევნილების უკანონო შეჭრას სხვის საკუთრებაში არსებულ შენობებში, ამ შემთხვევაშიც, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს:

„მგონია, რომ ორგანიზებული შეჭრა ხდება. ძველი ხელისუფლება ამაში ძალიან აქტიურობდა. დაპირებები გასცა და, როგორც ჩანს, მძიმე სიტუაცია შეგვიქმნეს. აქაც ვაპირებთ სასწრაფო შეკრებას და ღონისძიებების გატარებას“.

ივანიშვილის ეჭვებს ნაწილობრივ იზიარებს ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, თუმცა ზურაბ ბენდიანიშვილი უფრო სარწმუნოდ შემდეგ გარემოებას მიიჩნევს:

„ახალი ხელისუფლება უფრო ჰუმანური იდეებითა და ადამიანისადმი დამოკიდებულების ცვლილების მოთხოვნით მოვიდა. ამ ადამიანებმაც იფიქრეს, რომ არ გამოგვასახლებენ ან, თუ გამოგვასახლებენ, სხვა ფართობით მაინც დაგვაკმაყოფილებენო. ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეწყდეს და პრობლემის გადაჭრის ინიციატივა უნდა გადაეცეს მთავრობას. ვინც ახლა შეიჭრა, იმათი პრობლემები თუ ამ გზით მოგვარდა, მაშინ ეს გადამდები იქნება და მასობრივი შეჭრებით სადაც მივალთ, გასაგები უნდა იყოს ყველასათვის“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG