Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაჯარიმდებიან თუ არა ნარჩენების დაყრისთვის რეგიონებშიც?


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმები, თბილისის მსგავსად, შესაძლოა, რეგიონებშიც დაწესდეს. ლაგოდეხის საკრებულო ასეთი წესის შემოღებაზე მუშაობას იწყებს. რატომ არ გააქვთ ნარჩენები ლაგოდეხის ყველა სოფლიდან და ვინ დააჯარიმებს კანონდამრღვევ მოქალაქეს?

გადმოწერა

მალე, შესაძლოა, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმები რეგიონებშიც დაწესდეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვითხრეს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს დედაქალაქში ჯარიმები დაწესდა, მსგავსი წესის შემოღებაზე ადგილზეც დაიწყეს მსჯელობა, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელი ორგანო განახორციელებს ზედამხედველობას და ვინ დაწერს ჯარიმებს. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ამბობს, რომ ახლაც არსებობს გარკვეული წესი, რომელიც ქუჩაში ნარჩენების დაყრაზე რეაგირებას ითვალისწინებს. ბარბაქაძის თქმით, ასეთი ფაქტების გამოვლენა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს ევალება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში კი გვითხრეს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ პირებს გაფრთხილება მისცეს და დაყრილი ნარჩენები უკან ააღებინეს, მაგრამ ქუჩაში ნარჩენების დაყრისთვის ჯერჯერობით არავინ დაუჯარიმებიათ. სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ასატრიანის, თქმით, „მათი ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, მსგავსი ფაქტების გამოვლენა ჭირს“.

რატომ ყრიან ადამიანები ქუჩაში ნარჩენებს და რატომ აწყობენ თვითნებურ ნაგავსაყრელებს? ამ შეკითხვაზე ადგილობრივები პასუხობენ, რომ იმ სოფლებს, საიდანაც ნარჩენები არ გააქვთ, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არა აქვთ. ჩვენ შპს „კეთილმოწყობის სამსახურს“ დავუკავშირდით. სწორედ მათ ევალებათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვება და გატანა. სამსახურის უფროსი ოთარ კირკიტაძე ამბობს, რომ, მართალია, ნარჩენები ყველა სოფლიდან ვერ გააქვთ, მაგრამ პრობლემა 1 მაისიდან აუცილებლად მოგვარდება. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მუნიციპალიტეტმა სამი ნაგავმზიდი თვითმცლელი შეიძინა.

სულ რამდენიმე თვეა, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტმა გრძელვადიანი სესხი აიღო, რომლითაც ახალი თვითმცლელი ნაგავმზიდი ავტომობილების შეძენა მოხერხდა, თუმცა რეგიონში ჯერ კიდევ ასობით სოფელია, საიდანაც ნარჩენები ვერ გააქვთ. ვალით ნაყიდი მანქანების საფასურს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანდათანობით გადაიხდიან.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG