Accessibility links

logo-print

კვლევითი ინსტიტუტი ანგარიშების დაყადაღების გამო პარალიზებულია


საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშის დააყადაღების შესახებ პრესკონფერენცია

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშის დააყადაღების შესახებ პრესკონფერენცია

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა 25 ივლისს დაედო, თუმცა ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ - მოგვიანებით და სრულიად შემთხვევით - მას შემდეგ გაიგო, რაც თანამშრომლების ხელფასების გადახდისათვის საჭირო ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად ”პროგრეს ბანკს” მიაკითხა. ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მათთვის ამ დრომდე არც წერილობით და არც ზეპირად არავის უცნობებია, თუ ვისი შუამდგომლობის საფუძველზე ან რა მიზეზით დააყადაღეს მათი საბანკო ანგარიშები.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ - მას შემდეგ, რაც საკუთარი საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება დაკარგა - კითხვებით საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიას, პროკურატურას და შემოსავლების სამსახურს მიმართა. ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მათ აინტერესებდათ ვისი შუამდგომლობით, რა მიზეზით დაყადაღდა ინსტიტუტის ანგარიში, რომლითაც ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასები უნდა გადაეხადათ. საქალაქო სასამართლოს პასუხში ეწერა:

“სასამართლოს შეუძლია სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს ამავე კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები. სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაეცემათ მხარეებს, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოს განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.”
თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია


თეონა აქუბარდიას თქმით, ამავე წერილში ეწერა, რომ ინსტიტუტი არ არის მხარე და მათი მოთხოვნა, მიეღოთ ინფორმაცია ყადაღის მიზეზების გამო, ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული.

ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე მისი საქმიანობისათვის საჭირო შემოწირულება ბიძინა ივანიშვილმა გაიღო. სხვა დაფინანსება, ორი მიზნობრივი გრანტის გარდა, დღესდღეობით ორგანიზაციას არ გააჩნია. თუმცა თეონა აქუბარდია შენიშნავს, რომ ამ ეტაპზე ყადაღის მიზეზებს და დაფინანსების წყაროს ერთმანეთს ვერ უკავშირებენ, რადგან ინსტიტუტმა ეს შემოწირულება კანონის დაცვით მიიღო:

”შემოწირულება კანონის ყველა ნორმის დაცვით მივიღეთ, ოქტომბერში ჩაგვერიცხა და ეს მოხდა მანამდე, სანამ ძალაში შევიდოდა კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და ამიტომაც ჩვენ ეჭვები არ გვაქვს.”
იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, მე ველოდი, რომ ინსტიტუტის ანგარიშებს დააყადაღებდნენ...

თუმცა ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, ანგარიშების დაყადაღების მოლოდინი ჰქონდა:

”ხომ არ არის რაიმე ფარული გარიგება ინსტიტუტსა და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის-მეთქი, ამაზეც ვნერვიულობდი, რადგან დღეს ყველა პატიოსანი ადამიანი დაყადაღებულია და როდესაც გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომ იტყვიან, შვებით ამოვისუნთქე. ეს ხუმრობით, და ისე კი, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, მე ველოდი, რომ ინსტიტუტის ანგარიშებს დააყადაღებდნენ.”

ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ინსტიტუტი დღეს პრაქტიკულად დახურვის საფრთხის წინაშე დგას. დღეს იქ 22 შტატიანი და 12 დროებითი თანამშრომელი მუშაობს.

აქვე გეტყვით, რომ 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფუძნებული საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, ორგანიზაციას რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებულის იმიჯი არ ჰქონოდა, 2012 წლის მარტში ჯერ გია ხუხაშვილმა დატოვა, შემდეგ კი, 2012 წლის ივლისში, კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ვახტანგ ხმალაძემ. ინსტიტუტის არსებობის 9 თვის განმავლობაში 8 სამეცნიერო ნაშრომი და 12 ანალიზი მომზადდა. ასევე ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა. დღეისათვის დასრულებულია კიდევ 4 გამოკვლევა, რომელთა გამოცემასაც საბანკო ანგარიშის დაყადაღების გამო ინსტიტუტი ვეღარ ახერხებს.
საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება...

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ, 25 ივლისის სასამართლოს განჩინებით, დაყადაღდა ასევე თავად ”პროგრეს ბანკის” დამფუძნებლის, კახი კალაძის საბანკო ანგარიშებიც.

მაშინ ამ ამბავს მთავარი პროკურატურის ოფიციალური განცხადებაც მოჰყვა: მთავარმა პროკურატურამ 27 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდში ჩაირიცხა 6 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაღდი ფულის სახით გატანილია 1 მლნ 600 ათასი ლარი, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. განცხადებაში ვკითხულობთ ასევე, რომ ”არ არსებობს თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“ და რომ ”დროის იმავე მონაკვეთში, საერთო ჯამში, დაახლოებით, 900 000 ლარის ოდენობით თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით მიიმართა სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად”. ამის შესაბამისად, მთავარი პროკურატურა იუწყება, რომ, „საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.“

დღეს ინსტიტუტი ინტერესების დაცვას სამართლებრივი გზით - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტების დახმარებით ცდილობს. საიას იურისტი კახა კოჟორიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ქონებაზე რაღაც ნიშნით ყადაღის დადება ბოლო დროის ტენდენცია გახდა. ის იხსენებს კახი კალაძის პირადი ანგარიშების, საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” ანგარიშების, „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ ქონების დაყადაღების ფაქტებს, თუმცა ამ ბოლო ორ ფაქტზე მფლობელებს გასაჩივრების უფლება მაინც მიეცათ, რაც არ მოხდა კვლევითი ინსტიტუტის შემთხვევაში. დაყადაღების დროს მფლობელს სრული უფლება აქვს იცოდეს მისი ქონების დაყადაღების მიზეზი, ამბობს კახა კოჟორიძე:
კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე


”ეს მას იმისთვის სჭირდება, რომ ჰქონდეს გასაჩივრების და თავისი პოზიციის ჩამოყალიბების უფლება. აქ კი ეს უფლებაც კი შეუზღუდეს ინსტიტუტს და, მარტივად რომ ავხსნა, უთხრეს, ანგარიში დაგიყადაღეთ, მაგრამ შენ არავინ ხარ, მხარე არ ხარ დ არათუ ვერ გაასაჩივრებ, არამედ არც კი გეტყვი, რატომ დაგიყადაღეო.”

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მტკიცებულებები არსებობს, რის გამოც ინსტიტუტის ანგარიშები დააყადაღეს. რადგან მათ ხელში სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი ვერ მოხვდა, რთული სათქმელია, რა უნდა ჩაიწეროს სარჩელში.

რადიო თავისუფლებამ მთავარ პროკურატურასაც მიმართა კითხვით, თუ რა გახდა კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშების დაყადაღების მიზეზი, თუმცა მთელი დღის განმავლობაში მათგან პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG