Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგულებს ეძებენ მტკვარშიც


საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, განაგრძობენ წყალდიდობის დროს ჩატანილი ინერტული მასის გატანას ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიებიდან. საქმეში ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადა. კვლავინდებურად დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი, რომელთა ლეში შესაძლოა ჩარჩენილი იყოს ზოოპარკის დატბორილ ნაწილში მდებარე ვოლიერებში. რა ხდება თბილისში სტიქიური უბუდურებიდან ერთი კვირის თავზე?

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი მოქალაქის ძებნა. სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის თქმით, მაშველები ყურადღებით ათვალიერებენ როგორც ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიას, ასევე სხვა დატბორილ ადგილებს:

„ასევე ჩვენი მაშველები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მტკვარზე, სადაც ვაწარმოებთ დაკვირვებას, რათა გამოყენებული იქნეს დაკარგულთა მოძიების ყველა შესაძლებლობა“.

ზოოპარკის ტერიტორია წყალდიდობის შემდეგ
ზოოპარკის ტერიტორია წყალდიდობის შემდეგ

ზვიად ქაწაშვილის თქმით, რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს ზოოოპარკის ტერიტორიაზე, სადაც ძირითად სამუშაოს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის მოსამსახურეები ასრულებენ. ექსკავატორების საშუალებით იწმინდება წყალდიდობის შედეგად გაჩენილი ტბორი, რომლის ფსკერზე მდებარე ვოლიერში შესაძლოა იმყოფებოდეს დაკარგული ვეფხვის ნეშტი, თუმცა, როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, ზოოპარკისა და სპეცრაზმის თანამშრომლები რეაგირებენ ასევე ყველა შეტყობინებაზე, რომელიც ვეფხვის კვალის აღმოჩენას უკავშირდება:

„გამუდმებით ვიღებთ გამოძახებებს. როცა რაიმე კვალს ნახავენ, რომლის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, რეკავენ ჩვენთან და გვეძახიან. ყველა შემთხვევაში, მათ შორის, დღესაც რომ გავედით გამოძახებაზე, დაგვხვდა ძაღლის ნაკვალევი“.

საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, მაღალი სიცხისა და შრომის მძიმე პირობების გამო ზოოპარკში, მზიურსა და სვანიძის ქუჩაზე მოხალისეები აღარ იმუშავებენ. წყალდილობის დროს ჩამოტანილი ინერტული მასალის გატანა ზოოპარკიდან, სავარაუდოდ, ათ დღეში დასრულდება, მზიურის პარკიდან კი - ხუთ დღეში. მზიურის ტერიტორიაზე იდგა თითქმის მთლიანად განადგურებული „მომავლის სკოლა“, რომელსაც, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის თქმით, სათანადო დახმარებას გაუწევს ეკონომიკის სამინისტრო:

ვერეს ხეობა წყალდიდობის შემდეგ
ვერეს ხეობა წყალდიდობის შემდეგ

„რა თქმა უნდა, ისეთი ინფრასტრუქტურის შეთავაზება, როგორიც ჰქონდათ, ძალიან ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავლის მოძებნა შეიძლება. ვიცი დანამდვილებით, რომ რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ“.

მასშტაბური გაწმენდითი სამუშაო გრძელდება სვანიძის ქუჩაზეც, სადაც თავდაცვის სამინისტროს ასი თანამშრომელი და 30-მდე ტექნიკური საშუალება - ტრაქტორი, თვითმცლელი და ექსკავატორია მობილიზებული. 22 ივნისს დაიწყო სტიქიის შედეგად დაზარალებული 110 ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა.იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, აღწერის პროცესში ჩართულები არიან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, ვაკის რაიონის გამგეობა, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები:

„ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რათა ზუსტად მოხდეს აზომვა და იმ ზარალის დათვლა, რომელიც მოსახლეობამ განიცადა. ამის შემდეგ შევთანხმდებით ზარალის ანაზღაურების წესზე. ასევე ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი მოქალაქეების განსახლება ჯერ დროებით და შემდეგ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე. საუბარია იმათზე, რომლებიც პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩნენ ან რომელთა სახლი დგას, მაგრამ სახიფათოა იქ ცხოვრება“.

სოზარ სუბარის თქმით, პროცესი სვანიძის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობის აღწერით დაიწყო და მანამ გაგრძელდება, ვიდრე ყველა დაზარალებული ოჯახი არ გაივლის ამ პროცედურას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG