Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი დვანელი ცხინვალშია დაკავებული


დვანის საგუშაგო
დვანის საგუშაგო
რამდენიმე დღეა სოფელ დვანის ორი მცხოვრები, ვასილ კობახიძე და ზვიად მეკარიშვილი, ცხინვალშია დაკავებული. ვასილ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე დაკავებაა. 9 თვის განმავლობაში ის ცხინვალის იზოლატორში იჯდა და, მოლაპარაკების შედეგად, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. დაკავებულის დედა ტატიანა კობახიძე ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვასილი მეგობართან ერთად სოფლის ეკლესიაში წავიდა, ეს ადგილი კი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ამის შემდეგ მათი კვალი დაიკარგა. ოჯახს უკვე აცნობეს, რომ დვანელები ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ მათი თანასოფლელების დაკავების ფაქტები ხშირია. ლერი მამაგულაშვილის თქმით, მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება და იქ ადამიანები სამუშაოდ ხშირად შიშის გამო ვერ გადიან.

დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა ნებიერიძე აცხადებს, რომ სოფელში პოლიცია მუდმივად პატრულირებს და მოსახლეობას აფრთხილებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს არ ესმის. ნებიერიძის თქმით, მეზობელ ოსურ სოფელ მუგუთთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთებში მუშაობაც საშიშია.

დვანის გარშემო რუს მესაზღვრეეებს რამდენიმე საგუშაგო აქვთ მოწყობილი. ერთ-ერთი საგუშაგო სოფლის ეკლესიას ესაზღვრება, სადაც კობახიძე და მეკარიშვილი დააკავეს. კობახიძეს კამუფლირებული ფორმა ეცვა, რამაც შესაძლოა მისი გათავისუფლების პროცესი უფრო გააჭიანუროს. დვანელების აზრით, დაკავებულების გათავისუფლების საკითხს სექტემბრის ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG