Accessibility links

logo-print

ქრთამი საბურთალოს გამგეობაში


ამოღებული თანხა (შსს-ს ვებგვერდი)

ამოღებული თანხა (შსს-ს ვებგვერდი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს, თბილისის საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი კი დედაქალაქის მერიის სამსახურებში კორუფციული ფაქტების მომრავლების გამო წუხს და საკრებულოში მერის სპეციალური ანგარიშით მისვლას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საბურთალოს გამგეობის წამყვანი სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში შესულ პირებს მიწის ნაკვეთის შესაძენად დახმარებას შეჰპირდა. გამომძიებელ გიორგი ქურდაძის თანახმად, გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს:

“დავაკავეთ საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რომელმაც ინდოეთისა და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 დოლარი“.

ძალიან უცნაური პროცესები მიმდინარეობს თბილისის მერიაში, კორუფციული დაკავება კორუფციულ დაკავებაზეა, არის უცნაური საკადრო გადაადგილებები და ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზებიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ამიტომ ვითხოვთ, რომ რიგგარეშე სხდომა იყოს მოწვეული...

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს და სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. საბურთალოს გამგეობა მზადაა საგამოძიებო სტრუქტურებთან ითანამშრომლოს და აღნიშნული ფაქტის შესახებ სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი. თავის მხრივ, მედიას მიხეილ ქვირიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისაკენ მოუწოდა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ:

“ამ ფაქტთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ ცნობილია ინფორმაცია იგივე, რაც თქვენთვისაა ცნობილი. მიმდინარეობს გამოძიება. ნუ დავარღვევთ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას. დამატებით დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით“.

საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ აღნიშნული განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ საკითხზე საუბარი მედიასთან არ ისურვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომლის საკრებულოში მისვლას და ყველა საჭირბოროტო შეკითხვაზე პასუხის გაცემას, თავის მხრივ, უკვე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერები ითხოვენ. დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი დავით ნარმანიას მისაწვევად რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მიზნით კოლეგების ხელმოწერებს აგროვებს:

“8 თვეა ქალაქს ჰყავს ახალი მთავრობა და, პირველ რიგში, გვაინტერესებს, რა საქმიანობა გასწია ამ ხნის მანძილზე და შედეგების მოსმენა გვინდა და ანგარიში გვინდა, რომ მოვისმინოთ, ერთი, და, მეორე, ძალიან უცნაური პროცესები მიმდინარეობს თბილისის მერიაში, კორუფციული დაკავება კორუფციულ დაკავებაზეა, არის უცნაური საკადრო გადაადგილებები და ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზებიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ამიტომ ვითხოვთ, რომ რიგგარეშე სხდომა იყოს მოწვეული“.

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ხელმომწერებს შორის არ იქნებიან საკრებულოს უმრავლესობის წევრები. საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, მაგალითად, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 3 მარტს გამოვლენილი კანონდარღვევა არის იმ თაღლითური სქემის ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და რომელსაც საერთო დღევანდელ მერიასთან არ შეიძლება ჰქონდეს:

ჯაბა სამუშია

ჯაბა სამუშია

“ის მიწები, რომლის „გასხვისებაც“ უნდოდა საბურთალოს გამგეობის თანამშრომელს, ამ მიწებს ასხვისებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს მიწები განკუთვნილი იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულებისათვის. 2010 წელს ამ ტერიტორიას უგულავა დაჰპირდა ამ ადამიანებს, ამ დაზარალებულებს, მაგრამ არ გადასცა. შემდგომ უკვე, 2011 წლიდან, დაიწყო ამ მიწების გასხვისება. ეს არის ამ კვანძის გაგრძელება და ამ თაღლითური სქემის ერთ-ერთი ნაწილი“.

ჯაბა სამუშია ითხოვს პროკურატურამ გამოიძიოს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს რა სქემებით იყიდებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის განკუთვნილი მიწები. თავის მხრივ, ახალი ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ნაციონალური ფრთა, რომლისთვისაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას, დაკავების შემდეგ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის, მიხეილ ქვირიას, დაკავება მთავრობის კორუმპირებულობის კიდევ ერთი საბუთი გახდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ დედაქალაქის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვს.

საბურთალოს რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ქვირია გამგეობის სტრუქტურაში 2010 წლიდან მუშაობს. ვინაიდან მან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი ვერ გაიარა, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის აპრილში ეწურებოდა.

XS
SM
MD
LG