Accessibility links

logo-print

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მცხოვრებლები - მამა-შვილი გიორგი და ივანე ელიკაშვილები გუშინ, საღამოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის განაპირას „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მამა-შვილი სოფლის საქონელს მწყემსავდა, როცა მათთან რუსეთის მესაზღვრეები მივიდნენ და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს. ივანე ელიკაშვილმა დედასთან დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება მოასწრო. ნანული ელიკაშვილი ამბობს, რომ მის შვილს და მეუღლეს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთიათ და საქონელს სოფლის საძოვარზე აბალახებდნენ.

ქერეს მცხოვრებლები ამბობენ, რომ ელიკაშვილებს სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თვითონ იყვნენ შემოსულები ქერეს მინდვრებში. სოფელი ქერი ოკუპირებულ ოსურ სოფელ დისევს ესაზღვრება, დაკავებული მამა-შვილი თავიდან სწორედ ამ სოფლისკენ წაიყვანეს, მოგვიანებით კი ცხინვალში გადაიყვანეს. ამ ორ სოფელს შორის მავთულხლართები არ არის გაბმული და რუსეთის მესაზღვრეები ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ქერელებმა კი არ იციან, სად მთავრდება მათი სოფლის ტერიტორია.

სოფლის გამგებლის წარმომადგენელმა საქმის კურსში სამართალდამცავები ჩააყენა, რომლებიც, თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ოსურ მხარესთან დაკავებული მამა-შვილის გასათავისუფლებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG