Accessibility links

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეს მოხდა მაშინ, როცა ცოლ-ქმარი ზინა ნატრიაშვილი და კახა ყაზიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში გადმოდიოდნენ. სოფელ ქვეშს ესაზღვრება სოფელი ქვემო იკორთა, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. ზინა ნატრიაშვილი ქვეშიდან იკორთაშია გათხოვილი და იქიდან ნათესავების მოსანახულებლად მოდიოდა. ქვეშში მათი ნათესავები ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან, თანასოფლელები კი აცხადებენ, რომ ეს ოჯახი სოფელში ხშირად გადმოდის ხოლმე, მაგრამ აქამდე მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა.

ქვეშში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული არცევის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ქვეშსა და საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა არსებულ სოფლებს შორის მავთულხლართები ყველგან არ არის გაბმული. ამიტომ არის შემთხვევები, როცა ნათესავები ერთმანეთთან გადასვლას ახერხებენ ხოლმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი ყაზიშვილისა და ნატრიაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი უწყება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სოფლებში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს გმობს, რადგან ეს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს.

სოფელ ქვეშში ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოლო დროს რუსი მესაზღვრეები უფრო გააქტიურდნენ და საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ პატრულირება გააძლიერეს. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულთა ნათესავებმა ჟურნალისტებს პირად საუბარში უთხრეს, რომ ყაზიშვილი და ნატრიაშვილი, გაფრთხილების შემდეგ, არცევის მილიციის განყოფილებიდან უკვე გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG