Accessibility links

logo-print

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები დააკავა


თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი მილიონების გაფლანგვაში ადანაშაულებს. მთავარი პროკურატურტის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებმა და მათმა თანამზრახველებმა 2013 წლის სექტემბერში კანონის გვერდის ავლით განახორციელეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა. თავდაცვის სამინისტრო, პროცესის გამჭვირვალედ წარსამართავად, ამ კონკრეტული შესყიდვისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს. ლახავს თუ არა ეს ფაქტი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ იმიჯს?

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“ 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს...

გამოძიების თანახმად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ”მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში”. საიდუმლო მასალების იმ ნაწილში, რომელიც 28 ოქტომბერს საზოგადოებას პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააცნო, გვხვდება კალკულაცია, რომლის თანახმადაც დაკავებულების ხელშეწყობით გაფლანგულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი:

”2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან“ გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“ 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს”.

მთავარი პროკურატურის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული 5 პირის გარდა, რომლებსაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, გამოძიებას თავდაცვის სამინისტროში სხვა სავარაუდო დამნაშავეებიც ეგულება და რომ ამ ეტაპზე მათი გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს.

სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით...

სს ”სილქნეტი” ადასტურებს, რომ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე, თუმცა 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კომპანია უარყოფს უკანონო გარიგებას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.

”სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით. წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და სილქნეტი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად”, - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე დაზუსტებულია, რომ ”სხვაობა სილქნეტის მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი”.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს თავად თავდაცვის სამინისტრო, თუმცა, თუკი საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებით ვიმსჯელებთ, სამინისტრო ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურატურის მიერ გახმაურებულ ფაქტებს.

საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა...

”თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სამინისტროში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ შესყიდვების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. სატენდერო კომისიის სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. თავდაცვის სამინისტრო მიერთებულია ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატოს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს”, - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე ლაპარაკია გამოძიების მიერ დანაშაულად მიჩნეულ ფაქტზეც:

”საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო საშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება”.

ეს არ იქნება პატარა დარტყმა გენშტაბის უფროსზე და, საერთოდ, ამ შტაბის ხელმძღვანელობაზე, რადგანაც ისინი უშუალოდ უნდა კურირებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ, რომ მათი ხელქვეითები არ იყვნენ გარეული ასეთ ძალიან სერიოზულ ბრალდებაში...

შეთქმულების თეორიებს ემიჯნება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე და არ იზიარებს საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩენილ ეჭვს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი მაღალრეიტინგული ფიგურის, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური იმიჯის შელახვას ემსახურებოდეს. ვაჟა ბერიძე თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიშლება, თუმცა ამ ეტაპზე მისი დაშლა მასში შემავალ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აძლევს ხელს:

”კოალიციის გარეშე მისი სუბიექტები, ფაქტობრივად, არაფერს არ წარმოადგენენ და მათ 2016 წლის არჩევნებში არა აქვთ არანაირი შანსი წარმატების მიღწევის, ბარიერის გადალახვის, მომავალ პარლამენტში ფრაქციის შექმნის. მათ არა აქვთ საამისო არც ფინანსური, არც ადამიანური რესურსი”.

28 ოქტომბერს გახმაურებულ ინფორმაციას სკანდალურს და ძალიან სერიოზულს უწოდებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ეს ქართული არმიის იმიჯისთვის იქნება ”უდიდესი დარტყმა”. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვის მინისტრზე მეტად ეს ფაქტი გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება:

”ეს არ იქნება პატარა დარტყმა გენშტაბის უფროსზე და, საერთოდ, ამ შტაბის ხელმძღვანელობაზე, რადგანაც ისინი უშუალოდ უნდა კურირებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ, რომ მათი ხელქვეითები არ იყვნენ გარეული ასეთ ძალიან სერიოზულ ბრალდებაში. რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ, აი, ის, რაც უკვე პროკურატურამ განაცხადა, არის ძალიან ბევრი პროცენტი, რომ რეალობასთან ახლოს იყოს”.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, დაკავებული პირები წლების წინაც მუშაობდნენ იმავე თანამდებობებზე და, მათთან დაკავშირებული ეჭვებისა და შეკითხვების მიუხედავად, წლების შემდეგ ისინი რატომღაც ისევ დააბრუნეს სისტემაში.

XS
SM
MD
LG