Accessibility links

logo-print
თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 წარმომადგენელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით კი, ამ პირებს დაჰკითხეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აღძრულია მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები უკვე თავისუფლები არიან, ყველა მათგანი დაკავების ფაქტს დაახლოებით ერთნაირად აღწერს. თბილისის მერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები კი საქმის შესწავლას გეგმავენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ერთხმად აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს. მათი მონათხრობის მიხედვით, დილით, როდესაც სამსახურში მიდიოდნენ, ისინი საკუთარი მანქანებიდან გადმოსხეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა, დაადეს ხელბორკილები და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წაიყვანეს, ხანმოკლე დაკითხის შემდეგ კი გაათავისუფლეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის სიტყვებით, სამართალდამცავები მას განსაკუთრებით უცნაურად მოექცნენ - უბრალოდ, ქალაქში ატარეს, თან ეუბნებოდნენ, რომ ის დაკავებულია:

„ხან საბურთალოსკენ, ვითომ ფინანსური პოლიციისკენ მივდიოდით, ხან ორთაჭალის მიმართულებით, ვითომ პროკურატურისკენ მივდიოდით... ეს გზა, ალბათ, დაახლოებით, ნახევარი საათი და 40 წუთი გრძელდებოდა. შემდგომ ამომიყვანეს რუსთაველზე და მითხრეს, უკაცრავად, რაღაც შეცდომა და გაუგებრობა მოხდაო - მომხსნეს ბორკილები და გამიშვეს“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის სიტყვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასაკითხად იყვნენ დაბარებული მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მერიის ბიუჯეტიდან თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა აღძრული, და ამ პირთა დაკითხვა კანონთან შესაბამისობაში განხორციელდა:

იმის გამო, რომ ვიღაცა რეკავს ზემოდან, იმის გამო, რომ მე პირადად განგაშის ზარი შემოვცხე და დღევანდელი ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანთან მქონდა ძალიან მწარე საუბარი და მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს რასმუსენი თბილისში იმყოფება და არა იმის გამო, რომ კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი, ხდება ბრალის თითქოსდა გადაკეთება და თითქოს ეს ხალხი მოწმის სახით იყო დაბარებული...
„გაფრთხილება-შეტყობინება მათ მიღებული აქვთ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაიცვეს ყველა სამართლებრივი ნორმა, არც ერთი თანამშრომელი სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გასულა, მოხდა მათი მოყვანა, დაკითხვა და შემდეგ სახლში გაშვება“.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ კი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაკავებას „პოლიტიკური ნადირობა“ უწოდა და თქვა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება მხოლოდ პირადად მისი ჩარევით გახდა შესაძლებელი. გიგი უგულავას სიტყვებით, ამაზე გავლენა იქონია ასევე საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ყოფნამაც:

„იმის გამო, რომ ვიღაცა რეკავს ზემოდან, იმის გამო, რომ მე პირადად განგაშის ზარი შემოვცხე და დღევანდელი ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანთან მქონდა ძალიან მწარე საუბარი და მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს რასმუსენი თბილისში იმყოფება და არა იმის გამო, რომ კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი, ხდება ბრალის თითქოსდა გადაკეთება და თითქოს ეს ხალხი მოწმის სახით იყო დაბარებული... მოწმის სახით გინახავთ ვინმე დაბარებული, რომელიც 5 მანქანით და ხელბორკილებით შეჰყავთ? ისეთი მოწმეები, რომლებიც მანამდე ხუთჯერ იყვნენ მოწმის სახით გამოძახებული და ხუთჯერვე ეახლნენ გამოძიებას და მისცეს ჩვენება? რომელ სამართალზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომელ კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ ჩვენ და რომელ წესიერებაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს“.

გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები ამ ადამიანების დაკავებას უკავშირებენ ასევე საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადაბირების სურვილს, მათზე მუქარის და ზეწოლის გზით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სიტყვებით, ეს იყო „სპეცოპერაცია“ და ნიშანდობლივია, რომ ის საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს განხორციელდა და ეს ყველაფერი, გარდა ოპოზიციური ძალის განადგურების სურვილისა, ემსახურება ქვეყნის სერიოზულ დისკრედიტაციას. საპარლამენტო უმცირესობამ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, ვინც დაგეგმა და განახორციელა თვითმმართველობის წარმომადგენელთა დაკავება. თბილისის მერი გიგი უგულავა კი დაკითხვაზე დაბარებულ 23 პირთან ერთად პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

მომხდარს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ზვიად ძიძიგურის სიტყვებით, უნდა დამთავრდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი, სხვა დანარჩენს კი საგამოძიებო სამსახურები და სასამართლო დაადგენს:

„ეს თემები მთავრდება ჩემთვის პირადად თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ამიტომ შესაძლებელია პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავონ ადამიანები, მაგრამ თუ არ არის გამამტყუნებელი მასალები, მაშინ სასამართლო ისევ გაათავისუფლებს ამ ადამიანებს“.
საქმით დაინტერესებას აპირებენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სიტყვებით, საკითხის განხილვა აუცილებლად დაიწყება:

„ჩვენ მოვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, რომ განმარტება მოგვცენ და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG