Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს სავარაუდო დივერსანტების ჯგუფი


უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კიევსა და ხარკოვში, წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც, გამოძიების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. კიევში მდებარე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ, დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა.

„რუსეთის სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს თავიანთი საქმიანობა და უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში ვითარების დესტაბილიზაციით ცდილობენ აჩვენონ, რომ უკრაინის ხელისუფლებას და სამართალდამცველ ძალებს არ შესწევთ საკუთარი მოქალაქეების დაცვის უნარი. მაგრამ მსურს დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ძალიან მკაცრად და სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მეამბოხეთა ჯგუფების მოქმედების, მათ მიერ ტერორისტული აქტების სამზადისის შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე“, - განაცხადა 10 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ოლექსანდრ ტკაჩუკმა.

სავარაუდო დივერსანტების დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა სპეცდანიშნულების „ალფას“ ჯგუფი, რომლის ორი წევრი სროლის შედეგად დაიჭრა. ერთი დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ოლექსანდრ ტკაჩუკის თქმით, ოპერაციის დროს მოკლეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელმაც სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია:

„ერთმა ტერორისტმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ატეხა სროლა და დაჭრა ჩვენი ორი თანამშრომელი. უშიშროების ერთი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეორის ჭრილობები კი, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო დივერსანტთა ჯგუფი რუსეთის ორი და უკრაინის სამი მოქალაქისაგან შედგებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეტაკებისას დაღუპული პირი დივერსანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და მანამდე რამდენჯერმე იმყოფებოდა რუსეთში. უკრაინის უშიშროების სამსახური სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, მოწმდება ინფორმაცია, ხომ არ ჰქონდათ კავშირი დაკავებულებს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ამ ოპერაციის ფონია ვითარების ესკალაცია დონბასში. უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შტაბის ინფორმაციით, წუხელ დონეცკის აეროპორტის მახლობლად, დასახლება ოპიტნოესთან, ქვეითთა საბრძოლო მანქანა აფეთქდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 7 მებრძოლი. დაღუპულთა შორის არის ქართველი ირაკლი ქუთელია, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო. მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და დავალებაზე გადიოდნენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG