Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებები ჯონჯოლის სეზონზე


საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიაში რუსი სამხედროების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 11 მაისს დაკავებული მოქალაქეები 13 მაისს საღამოს გაათავისუფლეს. დაკავებულები - სულ ცხრა ადამიანი - ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის მაისის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სულ 28 ადამიანი დააკავეს.

მაისის თვის განმავლობაში დაკავებულ 28 ადამიანს შორის იგულისხმებიან საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიადან აყვანილი ადამიანებიც, სულ 9 კაცი, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის განმარტებით, ჯონჯოლის საკრეფად ტყეში იყვნენ წასულები, მაგრამ ეგრეთ წოდებული საზღვარი არ დაურღვევიათ:

“მე რა ინფორმაციაც მაქვს მოსახლეობიდან და წარმომადგენლიდან, საზღვარი - ეგრეთ წოდებული საზღვარი - არ ყოფილა ამათ მიერ დარღვეული. გადასვლა არ ყოფილა ტერიტორიაზე. პირიქით, ისინი შემოსულან, იქითა მხარე შემოსულა ჩვენს ტერიტორიაზე“.

მალხაზ ბაზაძის ნათქვამს გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კორბოულის თემში ვახტანგ კაპანაძე ამატებს, რომ დაკავებულები არიან სოფელ კორბოულის მკვიდრნი და ისინი ოტრია-ჯვრის ტერიტორიაზე იყვნენ დაბანაკებულნი:

“ისინი დაბანაკებულები არიან, იქ ცხოვრობენ, ერთი ორი კვირა რჩებიან ხოლმე, აგროვებენ ჯონჯოლს და შემდეგ მოაქვთ, რეალიზაციას უკეთებენ ბაზარში. როგორც ინფორმირებული ვართ, მათ მოადგნენ ამ კარვებში რუსი, ოსი მოქალაქეები, შეიარაღებულები, და წაიყვანეს იმის გამო, რომ თითქოსდა ისინი არღვევდნენ საზღვარს. არადა, ჩვენ როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში საზღვრის დარღვევის ფაქტს იქ ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ იძულებით წაყვანას ეგრეთ წოდებული ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით“.

ჯარიმა გუშინ გადაიხადეს, რა ვიცი ახლა, ჩაერიენ, გადაუგზავნეს თანხა და ველოდებით დღეს. ვინც გამოვიდნენ, ყველამ თქვეს, რომ არიან კარგადო, ნუ გეშინიათო და მალე გამოგვიშვებენო...

ვახტანგ კაპანაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე ეს კორბოულის თემიდან მოქალაქეების საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავების მეორე შემთხვევაა, ბოლო წლებში კი ამ შემთხვევებმა უკვე ტენდენციის სახე მიიღო,განსაკუთრებითმაისში, ჯონჯოლის კრეფის სეზონზე. ჯონჯოლი მოქალაქეებისათვის დამატებითი შემოსავლის მიღების ერთ-ერთი წყაროა და მასზე ისინი უარს ვერ ამბობენ, დაკავების რისკის მიუხედავადაც კი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მდგომარეობა კი წლიდან წლამდე არ იცვლება. საოკუპაციო რეჟიმის ფინანსური სარგებელი ამ სეზონზე დაკავებულთა რიცხვის რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდება. დაკავებულთა ოჯახები იძულებულნი არიან ცხინვალის იზოლატორიდან თავის დასახსნელად ჯარიმა გადაიხადონ, საშუალოდ 2000 რუბლის ოდენობით:

“ჯარიმა გუშინ გადაიხადეს, რა ვიცი ახლა, ჩაერიენ, გადაუგზავნეს თანხა და ველოდებით დღეს. ვინც გამოვიდნენ, ყველამ თქვეს, რომ არიან კარგადო, ნუ გეშინიათო და მალე გამოგვიშვებენო. გადახდილიაო ყველაფერი“, უთხრეს გატაცებულთა ახლობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

სწორედ ორშაბათს იგეგმება ცხინვალის მიმართულებით „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა ერგნეთში, სადაც ეს საკითხი ისევ იქნება დასმული და განხილული...
ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი კი შენიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არის უკანონო, უსამართლო, არაჰუმანური აქტი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაზეც რეაგირება აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტების საშუალებით:

“ჟენევა ვიგულისხმე. უფრო ფართოდ და პოლიტიკურად და ყველა დონეზეც კი განვიხილავთ საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, გარდა ამისა, ასევე არის და სწორედ ორშაბათს იგეგმება ცხინვალის მიმართულებით „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა ერგნეთში, სადაც ეს საკითხი ისევ იქნება დასმული და განხილული. ასეთი მოქმედება როგორც ქართული მხარის, ისე ჩვენი მეგობრების პროტესტს და უარყოფით შეფასებებს იწვევს, იმიტომ რომ, მართლაც, საერთოდ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ ის, რომ არალეგიტიმურია თავისთავად, მიმართულია ადამიანის უფლებების და კონკრეტული ადამიანების, ადგილობრივების წინააღმდეგ“.

ქეთევან ციხელაშვილიც ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებები, ანუ ადამიანთა გატაცება, 2008 წლიდან მოყოლებული, მზარდი დინამიკით სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ ჯონჯოლის სეზონზე ხასიათდება. იგი ამბობს, რომ ამ მანკიერი პრაქტიკის შესაცვლელად მუშაობა გაგრძელდება, რადგან, საბოლოო ჯამში, სწორედ შედეგია მნიშვნელოვანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG