Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბალი-მეჯვრისხევის მიმართულებით პატრულირება გაძლიერდება


კირბალი
კირბალი
დღეს დილით ცხინვალიდან სოფელ კირბალის მცხოვრები გიორგი დოთიაშვილი გამოიყვანეს. იგი 22 აპრილს სოფლის მიმდებარე ტყესთან რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლება ქართველი სამართალდამცავებისა და ოსური მხარის წარმომადგენლების მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი გიორგი დვალიშვილი ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკებას სხვა დაკავებულების გასათავისუფლებლადაც აწარმოებს.

გუშინ კიდევ ერთი დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ბიძა-ძმისშვილი ავთანდილ და გიორგი კვირიკაშვილები საქონელს მეზობელი ოსური სოფლის, ღრომის სიახლოვეს აძოვებდნენ, როცა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. გიორგი კვირიკაშვილმა ხელ-ბორკილის შეხსნა და გამოქცევა მოახერხა, ავთანდილ კვირიკაშვილი კი ცხინვალში გადაიყვანეს.

დაკავებულის მეუღლე სამართალდამცავებს დახმარებას სთხოვს. ზოია კვირიკაშვილის თქმით, ოჯახს ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.

რამდენიმე დღის წინ სოფელ მეჯვრისხევში დაკავებული კიდევ ერთი პირის გათავისუფლება მოხერხდა. სოფლის მოსახლეობა გახშირებული დაკავებებით შეშფოთებულია და პოლიციის დამატებითი საგუშაგოს დაყენებას და დაცვას მოითხოვს.

სოფელ მეჯვრისხევის რწმუნებული ტარიელ გურგენიძე აცხადებს, რომ პოლიციამ მეჯვრისხევისა და კირბალის მიმართულებით უკვე შეარჩია ის ადგილები სადაც მუდმივი პატრულირება მოხდება. გურგენიძის თქმით, ეს იქნება პრევენციული ზომები იმისთვის, რომ მწყემსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ.

ბოლო დღეებში ყველაზე მეტი დაკავება სწორედ კირბალისა და მეჯვრისხევის მიმართულებით ხდება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ნახირს ტყის პირებსა და მინდვრებში უშვებენ, ეს ადგილები კი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. მეჯვრისხეველებმა და კირბალელებმა არ იციან, სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვრები.
XS
SM
MD
LG