Accessibility links

კონფლიქტის ზონაში გახშირებულ დაკავებებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში. 2009 წლის 29 ივლისი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში. 2009 წლის 29 ივლისი

გუშინ საღამოს ოსურმა მხარემ საქართველოს 12 მოქალაქე გაათავისუფლა. ეს ადამიანები 1-4 მაისს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა.

მაისის დასაწყისში რუსმა მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის, ხვანისა და გორისას 22 მცხოვრები დააკავეს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ საზღვართან ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები. დღეისათვის გათავისუფლებულია 17 მათგანი, მათ შორის - 5 არასრულწლოვანი. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელი ვახტანგ ავაზიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკება სხვა დაკავებულების გასათავისუფლებლადაც მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ გორის რაიონის სოფლების მეჯვრისხევისა და კირბალის მიმართულებით პატრულირება გააძლიერა. შესაბამისად, ამ სოფლების მცხოვრებთა დაკავების ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ინციდენტების რაოდენობა საჩხერისა და კასპის მოსაზღვრე რაიონებში გაიზარდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა მესაზღვრეებმა 42 წლის ნიკოლოზ სარაული დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა. მათი თქმით, სარაული სატაცურის საკრეფად იყო წასული. დაკავების მოტივი საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.

ნიკოლოზ სარაული ქვემო ჭალის მეზობელ სოფელ საკორინთლოში ცხოვრობს. როგორც ახლობლებს პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, დაკავებული უკვე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ბოლო დღეებში ადამიანების მასობრივ დაკავებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებით გამოეხმაურა. სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ახლოს გახშირებული დაკავებების გამო. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ავრცელებს.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამ კონტექსტში მისიამ ცხელი ხაზის ამოქმედების მეშვეობით ხელი შეუწყო დიალოგის წარმართვას და მიესალმება ცხინვალიდან დაპატიმრებულთა მომდევნო გათავისუფლებას.

"გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა პირდაპირ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე, რომელზე დაკვირვებასაც მისია კვლავ გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები ხელისუფლებისგან მეტ განმარტებას და ინფორმაციას ითხოვენ იმის შესახებ, თუ სად გადის ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი რწმუნებულების დახმარებით ცდილობს.
XS
SM
MD
LG