Accessibility links

logo-print

დაკავებები გრძელდება


რუსი სამხედროების მიერ გავლებული ღობე სოფელი დიცში

რუსი სამხედროების მიერ გავლებული ღობე სოფელი დიცში

საოკუპაციო ხაზთან ბოლო დღეებში რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს 5 მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გუშინ სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ჯარისკაცებმა ნუგზარ და ოთარ ელიაურები და გიორგი ძურძუკი იმ დროს აიყვანეს, როცა ისინი მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ. იქვე მყოფმა 18 წლის ლაშა გერკეულმა დაინახა, რუსები როგორ ეპარებოდნენ და გაქცევა მოახერხა. მან მწყემსების დაკავების ამბავი თანასოფლელებს შეატყობინა.

ახალუბნელები აცხადებენ, რომ მათ სოფელში ეს მოქალაქის დაკავების პირველი შემთხვევაა. მათ არ იციან, სად გადის ერგეთ წოდებული საზღვარი, საოკუპაციო ხაზთან არც მავთულხლართები და ღობეებია, სოფლის საქონელი კი საძოვარზე იყო გასული და მეზობელი ოსური სოფლის მხარეს არ გადასულა.

ანალოგიური ბრალდებით რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ხვითის ორი მცხოვრები დააკავეს. დავით სანიკიძე და გიორგი გალუსტაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარწყავი წყლის გამოსაშვებად გადავიდნენ.

კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გახშირებულ დაკავებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ის, რაც კონფლიქტის ზონაში ხდება, მოსკოვიდან არის დაშვებული და ამ მიმართულებით ჟენევის დისკუსიის ფორმატში მოლაპარაკება აუცილებელია

სოფელ დიცთან რუსი მესაზღვრეები მუშაობას განაგრძობენ და საოკუპაციო ხაზზე ღობეს ამონტაჟებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლოა 4 სახლი და სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. საფრთხის მიუხედავად, დიცელი ილია ბერუაშვილი სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებს და რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ გამორიცხავს.

დიცში სხვა პრობლემებიც მრავლად არის. საძოვრების გარეშე დარჩენილმა სოფელმა შესაძლოა მესაქონლეობაზე უარი თქვას. გარდა ამისა, სარწყავი წყლის უქონლობის გამო მოსავალი ხმება, სოფლიდან კი ახალგაზრდების მიგრაცია დაიწყო.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სპეციალური პროგრამები მუშავდება და კონფლიქტის ზონის სოფლებს დახმარება აუცილებლად გაეწევა.
XS
SM
MD
LG