Accessibility links

logo-print

სამი გაათავისუფლეს, ოთხი დააკავეს


ერგნეთი, რუსეთის ჯარისკაცი ე.წ. საზღვარზე

ერგნეთი, რუსეთის ჯარისკაცი ე.წ. საზღვარზე

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ჯარიაშენთან ადგილობრივი მკვიდრი დავით გოგიაშვილი და მეჯვრისხევის მცხოვრებლები თენგიზ ბუჯიაშვილი და ზურაბ ზუმბულიძე ერთ-ერთ ნაკვეთში ხორბლის მოსავლის აღებისას დაიჭირეს. ადგილზე დატოვეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, დაკავებულები კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალში გადაიყვანეს. იმავე ბრალდებით დააკავეს სოფელ კირბალის მცხოვრები მამუკა სამხარაძეც. დაკავებულთა ნათესავები აცხადებენ, რომ მესაზღვრეები სოფლების სიღრმეში, ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზის შიგნით შემოდიან და მოქალაქეებს პირდაპირ საკუთარ ნაკვეთებში აკავებენ.

ცხინვალიდან გუშინ გაათავისუფლეს ახალსოფლის მცხოვრებლები მამა-შვილი ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები, ასევე ხურვალეთის მკვიდრი ილია კუდუხაშვილი. 6 დღის განმავლობაში ისინი ცხინვალის მილიციის იზოლატორში იმყოფებოდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკისრებული 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდას ელოდებოდნენ. როგორც თვითონ აცხადებენ, ეს ჯარიმა მათმა ნათესავებმა ცხინვალში გადაიხადეს. გათავისუფლებული ავთანდილ აწკარუნაშვილი აცხადებს, რომ მათ ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთიათ და შეიარაღებული მესაზღვრეები ხურვალეთის მინდორში დაახლოებით 300 მეტრზე იყვნენ შემოსულები.

ჯარიაშენში დაკავებულთა გათავისუფლების საქმეში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზიც აამოქმედა და მიმდინარეობს ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ დაკავებულთა შესახებ ყოველ წუთს ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.

სექტემბრის დასაწყისში ქართული მხარე ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ დაკავებებს გააპროტესტებს.

XS
SM
MD
LG