Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებების სერია საოკუპაციო ხაზთან


რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ დვანის მცხოვრებლები გიორგი ქოქოშვილი და მიხეილ ქრისტესიაშვილი გაათავისუფლეს. მათი დაკავება სოფლის განაპირას იმ დროს მოხდა, როცა ისინი კაკალს ბერტყავდნენ. ეს მიწის ნაკვეთი მავთულხლართებთან ახლოს მდებარეობს. დვანში ქარელის გამგებლის წარმომადგენელი ნოდარ კოპაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულებს "საზღვარი" არ გადაუკვეთიათ და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თვითონ შემოვიდნენ დვანის ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, დაკავებულთა გასათავისუფლებლად ოჯახების წევრებმა ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადეს.

ბოლო კვირის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან დაკავების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ინციდენტი წუხელ სოფელ ქვეშისა და ოკუპირებული ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქვეშის მცხოვრები მთვარისა კანკია მავთულხლართების მეორე მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ სიძეს დენის ბოიაევს საყოფაცხოვრებო ნივთებს აწვდიდა. რუსეთის მესაზღვრეებმა კანკია და ბოიაევი "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ზემო არცევის მცხოვრები დენის ბოიაევი მოგვიანებით გაათავისუფლეს, მთვარისა კანკია კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. კანკიას ქალიშვილი, თეონა დვალიშვილი ამბობს, რომ დედას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია.

ქვეშელები აცხადებენ, რომ რუსეთის მესაზღვრეები სოფლის პერიმეტრზე ხშირად ჩასაფრებას აწყობენ და ბაღებში გასულ ადგილობრივ მცხოვრებლებს აკავებენ. მათი თქმით, ყველაზე ხშირად ეს შემთხვევები ქვეშის ეკლესიის სიახლოვეს ხდება. რუსეთის მესაზღვრეები ქართველებთან ერთად ეთნიკურ იმ ოსებსაც აპატიმრებენ, რომლებიც ნათესავებთან ურთიერთობას ცდილობენ.

მთვარისა კანკიას დაკავების ფაქტზე ადგილობრივმა პოლიციამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში ჩააყენა. დაკავებულის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG