Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერშუეთთან დაკავებული მწყემსები


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში რუსეთის მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები - 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი დააკავეს. ისინი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდნენ. ბერშუეთელები აცხადებენ, რომ მწყემსებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთიათ და მესაზღვრეები თვითონ იყვნენ შემოსული სოფლის ნაკვეთებში. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბერშუეთში დავით ცერცვაძერადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ამბავი უკვე შეატყობინა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

დაკავებულთა ოჯახის წევრებს ცხინვალიდან ჯერ არავინ დაჰკავშირებია, ქართულმა მხარემ კი მათ გასათავისუფლებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უკვე აამოქმედა და დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ბერშუეთელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზის გავლებისას რუსეთის მესაზღვრეებმა მათი მიწის ნაკვეთები, საძოვრები, სალოცავი, სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების მიღმა -მოაქციეს. სოფლის მკვიდრი ლუიზა წიკლაური ამბობს, რომ ბერშუეთის თითოეულ მცხოვრებს ბანერების სიახლოვეს გადაადგილება რისკის ფასად უწევს.

ბერშუეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად პატრულირებენ, აქვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებიც იმყოფებიან ხოლმე, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა თავს ბოლომდე დაცულად მაინც ვერ გრძნობს. ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლებიდან ხშირად აკავებენ. ახლა შეშის დამზადების სეზონია და ბევრი ადამიანი რისკით მაინც შედის იმ ტყეში, რომელიც ოკუპირებულია, ამიტომ შემოდგომის პირას დაკავებების სტატისტიკა ისევ იზრდება ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG