Accessibility links

გუშინ საღამოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მესაზღვრეებმა სამი მწყემსი დააკავეს. 20 წლის გიორგი ოღაძე, 40 წლის აკაკი თვალიაშვილი და 76 წლის დიმიტრი ოღაძე ნახირს სოფლის განაპირას აძოვებდნენ, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. საკორინთლოელების თქმით, მწყემსებს სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ და მესაზღვრეები სოფლის სიღრმეში თვითონ შემოვიდნენ. მათი განცხადებით, დაკავებულები ძალისმიერი მეთოდებით მანქანაში ჩასხეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებულის ძმა, იასონ ოღაძე, ამბობს, რომ დაკავებამდე შეძლო ძმას დაჰკავშირებოდა, რომელიც საქონლის სოფელში წამოყვანას აპირებდა.

მწყემსებთან ერთად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის ნახირიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სოფლის მოსახლეობა მწყემსებთან ერთად საქონლის დაბრუნებასაც ითხოვს. ისინი სამართალდამცავებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება.

სოფელში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი ამბობს, რომ ინციდენტის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა როგორც სამართალდამცავები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ბოლო კვირის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ადამიანების დაკავების 10- მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 29 ოქტომბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული მხარე ამ ფაქტებს გააპროტესტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG