Accessibility links

20 აპრილს თბილისში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სულ მალე მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახების ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტს. პოლიციელთა ოჯახები ყოველთვიურად 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების შემდეგ - დაღუპულ პოლიციელთა ოჯახები - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დაპირება შეასრულა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებს სახელმწიფო თვეში ათასი ლარით დაეხმარება.

„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ჯარისკაცებს ყოველთვიური 500-ლარიანი დახმარება დავუწესეთ. წელს ჯარისკაცების ოჯახებს 1 000-ლარიანი დახმარება ეძლევათ. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ პარლამენტს, განიხილოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს და ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, ვინცსამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზუსტებს, რომ კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, 1991 წლის შემდგომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ყველა პოლიციელის ოჯახზე გავრცელდება, ბოლო დროს თბილისსა და ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებს კი საცხოვრებელი ბინით დაეხმარება:

„დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს და ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, ვინცსამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარიც გაიცეს. ეს ცვლილება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს და ის ძალაში შევა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ორი კვირის წინ მათ პარლამენტში ასევე დაარეგისტრირეს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელის გათანაბრებას სამშვიდობო ოპერაციებსა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან. „კრიმინალთან მებრძოლ პოლიციელს ისეთივე დაცვა სჭირდება, როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ სამხედროს“, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი და იმედი აქვს, რომ პარლამენტი ორივე ინიციატივას, მათსას და მთავრობისას მხარს დაუჭერს:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, პოლიციის დეპოლიტიზაციაა, მეორე - საკადრო პოლიტიკის გადახედვა, ასევე ყოველწლიური მზარდი ხელფასი პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ყოველთვიურად პოლიციელები ისევე უნდა წახალისდნენ პრემიებით...

„ჩვენი ინიციატივის თანახმად, კრიმინალთან ბრძოლისას დაღუპული პოლიციელის ოჯახისათვის ერთჯერადად 100 000-ლარიანი დახმარება უნდა იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტში. დღეს მთავრობამ ყოველთვიური დახმარების შესახებ ილაპარაკა, რაც კარგია და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ორივე კანონპროექტს დაუჭერს მხარს“.

პოლიციელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და, ზოგადად, მათთვის სოციალური პაკეტის გაზრდას დაახლოებით ორი წლის წინ მოითხოვდა ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“, რომლის წევრი ზაზა ჭაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მთავრობის ინიციატივა დაგვიანებულია, თუმცა საჭიროაო, და დამატებით იმ რეკომენდაციებს ჩამოთვლის, რომლებიც, მისი აზრით, სახელმწიფომ ასევე უნდა გაითვალისწინოს სამართალდამცავებისათვის:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, პოლიციის დეპოლიტიზაციაა, მეორე - საკადრო პოლიტიკის გადახედვა, ასევე ყოველწლიური მზარდი ხელფასი პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ყოველთვიურად პოლიციელები ისევე უნდა წახალისდნენ პრემიებით, როგორც მათი უფროსები, უნდა გაძლიერდეს პოლიციელის სოციალური დაცვის პაკეტი, პოლიციელის ხელყოფისას მისი ღირსების დაცვა, რაც გულისხმობს მისი ფიზიკური შეურაცხყოფისას ან სიცოცხლის ხელყოფისას კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედებას და, რაც მთავარია, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საზოგადოებაში პოლიციის პოპულარიზაციისათვის“.

ჩვენი მშვიდი ძილი დამოკიდებულია თითოეული პოლიციელის გათენებულ ან, უარეს შემთხვევაში, გაუთენებელ ღამეზე, ამიტომ გადავწყვიტეთ წამოგვეწყო ასეთი კამპანია - „პოლიციელი გმირია“ ...

„პოლიციელი გმირია“ - ამ სახელწოდების კამპანია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ და მისმა მეგობრებმა წამოიწყეს. კამპანიას წინ უძღოდა პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობა. კამპანიის მიზანი საზოგადოებისათვის იმის ჩვენებაა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელის სამსახურს ქვეყნის ცხოვრებაში. ნინო ზამბახიძე გვეუბნება, რომ პოლიციელთა ოჯახების წახალისება და მომავალი პოლიციელების მოტივაციაზე ზრუნვაც სახელმწიფოს გამოკვეთილი მიზანი უნდა იყოს:

„ჩვენი მშვიდი ძილი დამოკიდებულია თითოეული პოლიციელის გათენებულ ან, უარეს შემთხვევაში, გაუთენებელ ღამეზე, ამიტომ გადავწყვიტეთ წამოგვეწყო ასეთი კამპანია - „პოლიციელი გმირია“ - სწორედ მათი მოტივაციის გასაზრდელად და, მეორე მხრივ, გვინდოდა გაგვეხსენებინა და საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, ვინ არიან ეს გმირები, ვინ არიან ეს გარდაცვლილი პოლიციელები, რომლებიც ჩვენ სათანადოდ ვერ დავაფასეთ“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, სულ რამდენი ოჯახი მიიღებს ზემოთ აღნიშნულ ათასლარიან დახმარებას და რა თანხა გამოიყოფა ამისათვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან. შსს-ში ამ ეტაპზე არც იმას აკონკრეტებენ, რამდენი ხნის განმავლობაში მიიღებენ დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები ყოველთვიურ დახმარებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG