Accessibility links

logo-print

გაერო აცხადებს, რომ 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა ნეპალში მიწისძვრის შედეგად - ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი. ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულების რიცხვი 5 000-ს აჭარბებს.

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მილიონობით ადამიანიდან ორი მილიონი ცხოვრობს რეგიონებში, სადაც სტიქიამ ყველაზე მძიმე ნგრევა გამოიწვია. კატმანდუში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა 28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთულია დახმარების მიწოდება მაღალმთიან რეგიონებში მდებარე მომცრო სოფლებში ჩარჩენილებისათვისო.

ამჟამად დიდი პრობლემებია, რასაკვირველია, გადარჩენა და ძალების აღდგენა და, ჯანდაცვის მხრივ, ჭრილობების, მძიმე ჭრილობების მკურნალობა. ამჟამად ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები...

ცნობების თანახმად, ოთხშაბათს ვერტმფრენები დასტრიალებდნენ მიწისძვრის ეპიცენტრთან მდებარე ერთ-ერთ რაიონს: დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავდათ, ხოლო სოფლებში მყოფთ გადაუდებელ დახმარებას აწვდიდნენ.

დედაქალაქ კატმანდუში, ისევე როგორც სხვა დასახლებებში, ათასობით ადამიანი ათენებს ღამეს ქუჩებში, ტროტუარებზე, პარკებში...

გაერომ 28 აპრილს გამოაცხადა, რომ 15 მილიონ დოლარს გამოყოფს საგანგებო ფონდიდან სამაშველო ოპერაციების დასაწყებად ქვეყანაში, სადაც სტიქიამ ათასობით ადამიანი შეიწირა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს პრესმდივნის იენს ლერკეს ინფორმაციით, ამ 15 მილიონს გაუნაწილებენ გაეროს სააგენტოებს, რომლებსაც ევალებათ სურსათის, წყლის, მედიკამენტების მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისათვის.

„მთავარი სათქმელია მართლაც ის, რომ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება. ამავე დროს, ვებრძვით დაუდგენელ პრობლემას იმ გაგებით, რომ სრულად ჯერ კიდევ არ შეგვიფასებია საჭიროებები და მოთხოვნები სოფლად, კატმანდუს საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს პრესმდივანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მედიის წარმომადგენლებთან ამავე შეხვედრისას სამედიცინო კუთხით მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რიკ ბრენანმა.

მიწისძვრის შედეგები ნეპალში

მიწისძვრის შედეგები ნეპალში

„ამჟამად დიდი პრობლემებია, რასაკვირველია, გადარჩენა და ძალების აღდგენა და, ჯანდაცვის მხრივ, ჭრილობების, მძიმე ჭრილობების მკურნალობა. ამჟამად ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები - თავის, ხერხემლის დაზიანების ჩათვლით, ის, რასაც ვეძახით კრაშ-სინდრომს და, რასაკვირველია, მოტეხილობები და ა.შ. არის ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ. მაშინ როცა ხალხს მინიმალური თავშესაფარი აქვს, ბანაკებშია შეკრებილი, რასაკვირველია, შეშფოთებული ვართ ინფექციური დაავადებების პოტენციური გავრცელების საფრთხით და მივმართავთ ზომებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ნეპალის მეზობლები, ინდოეთი და ჩინეთი, მიეკუთვნებიან პირველ ქვეყნებს, რომლებმაც ფული გადარიცხეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ოპერაციების დასაფინანსებლად. შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონ დოლარამდე გაზარდა დასახმარებლად განკუთვნილი რესურსები.

ნეპალში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG