Accessibility links

logo-print

დამატებითი ქართული ბატალიონი ავღანეთში მიემგზავრება


 ანდერს ფოგ რასმუსენი, მიხეილ სააკაშვილი

ანდერს ფოგ რასმუსენი, მიხეილ სააკაშვილი

სულ რამდენიმე კვირაც და საქართველო სათავეში ჩაუდგება ნატოს იმ არაწევრი სახელმწიფოების სიას, რომლებიც ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ (ISAF) ოპერაციაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვედანაყოფებით არიან წარმოდგენილი. ამის შესახებ 6 სექტემბერს თბილისში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ანდერს ფოგ რასმუსენი თანმხლებ პირებთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა და პირადად დაულოცა გზა ავღანეთში მიმავალ ორ ქართულ ბატალიონს.

„ამ შემოდგომაზე საქართველო გახდება ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანა ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში. ეს საქართველოს ზომის ქვეყნისათვის ძალიან დიდი მიღწევაა. ეს მეტყველებს თქვენს მზადყოფნაზე დაამყაროთ მშვიდობა თქვენს საზღვრებში და საზღვრებს გაერთ. თქვენ სხვა 49 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მოგიწევთ მხარდამხარ ბრძოლა იმისათვის, რომ ავღანეთი იყოს მშვიდობიანი ქვეყანა, მეამბოხეებმა და ტერორისტებმა ვეღარ ჰპოვონ იქ თავშესაფარი. თქვენ გადამწყვეტ როლს შეასრულებთ ჰელმანდის პროვინციაში“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვაზიანის შერეულ საავიაციო ბაზაზე.

ნატოს გენერალური მდივნის ამ გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, საბრძოლო ამოცანებს ორივე ქართული ქვედანაყოფი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე „ ცხელ უბანზე“ ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. ქართულ ქვედანაყოფებს, რომლებიც როტაციის წესით ყოველ ექვს თვეში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ავღანეთში და კერძოდ ჰელმანდის პროვინციაში მოქმედების სამწლიანი გამოცდილება აქვთ.

საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვანი საერთაშორისო ოპერაციებში შედარებით გვიან, 2009 წლიდან ჩაებნენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში შთამბეჭდავად გაზარდა კონტრიბუცია ავღანეთში. თავდაპირველ ასეულს ჯერ ერთი მსუბუქი, ქვეითი ბატალიონი დაემატა, 2012 წლის შემოდგომაზე კი საქართველო ავღანეთში ორი, 32-ე და მე-12 ბატალიონით, ჯამში 1 500-ზე მეტი ჯარისკაცით იქნება წარმოდგენილი და, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უთხრა ჟურნალისტებს, გაასწრებს ავსტრალიას, რომელსაც, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას, ამჟამად ყველზე მეტი 1 550 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ავღანეთში სამხედროების რაოდენობას აორმაგებს იმ დროს, როდესაც ნატოს ზოგიერთ ქვეყანას თავისი სამხედრო ქვედანაყოფები ან გაყვანის, ან შემცირების რეჟიმში ჰყავს. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი, თბილისის ერთგულ მოკავშირეობას უსვამს ხაზს და 6 სექტემბერს ნატო გენერალურმა მდივანმაც ქების სიტყვები არ დაიშურა ქართველი პოლიტიკური ლიდერებისა და ქართველი ჯარისკაცების მისამართით.

„მადლობას ვუხდი საქართველოს, რომელიც აგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას ავღანეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. თქვენი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ავღანეთის, ასევე თქვენი ქვეყნის წარმატებისათვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ნატოში გაწევრიანებისათვის. ნატოს სახელით მადლობას გიხდით ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე. თქვენ და თქვენმა მეგობრებმა ძალიან კარგი სახელი მოიხვეჭეთ ავღანეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეპუტაციას კიდევ უფრო გაამყარებთ იქ ყოფნის დროს. წარმატებას გისურვებთ ყველას. დიდი მადლობა“, - უთხრა ქართველ ჯარისკაცებს ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონების მებრძოლებმა, ექვსი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადის ხელმძღვანელობით, ინტენსიური წვრთნები კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემდეგ ქართველი სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადამზადდნენ. სამხედრო უწყება მკაცრად ასაიდუმლოებს ქვედანაყოფების ავღანეთში ჩასვლის თარიღს. ცნობილია, რომ ჰელმანდის პროვინციაში 6 თვის განმავლობაში ქართველი სამხედროები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იმოქმედებენ. ექვის თვის განმავლობაში მათ მოუწევთ ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება, მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა და განაღმვითი სამუშაოები. ამ ამოცანების შესრულება სიცოცხლის დიდ რისკს უკავშირდება ავღანეთში, სადაც მეამბოხეები ასიმეტრიული ბრძოლების ტაქტიკას მიმართავენ. მრავალეროვნული ძალების რიგებში ყოფნის სამი წლის განმავლობაში ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში 17 ჯარისკაცი დაკარგა.
XS
SM
MD
LG