Accessibility links

დამატებით 12 მილიონამდე ხმა „ერთიან რუსეთს“?


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში

რუსეთში 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ დამატებით 12 მილიონამდე ხმა მიეთვალა - ასეთია დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტს, სტატისტიკოს სერგეი შპილკინს გამოაქვს არჩევნების პროცესის ანალიზის საფუძველზე. შპილკინი 2007 წლიდან იკვლევს - იკვლევს მათემატიკური მეთოდებით - რუსეთში არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და უცნაურ ცდომილებებს აწყდება ხოლმე. ასე მოხდა ამჯერადაც.

წელს, მარტში, რუსეთში ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი ელა პამფილოვა დანიშნეს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად. პამფილოვას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ელა პამფილოვა

ელა პამფილოვა

​„ჩვენ ბევრ კარდინალურ ცვლილებას მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში. ბევრს შევცვლით კარდინალურად - აი, ამას გპირდებით! სხვაგვარად ამ მოკლე პერიოდში საქმეს თავს ვერ გავართმევთ. დრო არა გვაქვს მოსამზადებელი ზომებისათვის, დრო არა გვაქვს მოსაფიქრებლად - თუმცა, არა, მოსაფიქრებლად დრო ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ მოსამზადებელი ზომებისათვის არა გვაქვს“, - უთხრა 28 მარტს ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაშინ ახალმა თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ. თუმცა რუსეთში 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების სტატისტიკური ანალიზი ჩვეულ და არა კარდინალურად შეცვლილ სურათს ხატავს: კენჭისყრის მასშტაბურ გაყალბებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

„სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგები ისევე გაყალბდა, (...) ყოველ შემთხვევაში, უკეთ არ ჩატარებულა, ვიდრე 2011, 2007 და 2008 წლებში. ანუ ეს არჩევნები არის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე უფრო გაყალბებულების დონეზე“, - ამბობს სტატისტიკოსი სერგეი შპილკინი.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 48 % და მმართველ პარტიას, “ერთიან რუსეთს”, ერგო ხმების 54,2 % პარტიული სიით. ეს ნიშნავს 28 272 000-მდე ხმას. შედეგად, “ერთიანმა რუსეთმა” მოიპოვა 140 მანდატი სახელმწიფო სათათბიროში პარტიული სიებით განაწილებული 225 მანდატიდან, კიდევ 225 მანდატი კი მაჟორიტარ კანდიდატებს შორის განაწილდა. მათგან 203 ერგო „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებს. შედეგად, “ერთიან რუსეთს” 343 დეპუტატი ეყოლება სულ 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში.

რუსი ექსპერტი სერგეი შპილკინი სწორედ ამ მონაცემებს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებს - იყენებს თავისი ანალიზისათვის. გაყალბების გამოსავლენად ის ერთმანეთს ადარებს ცალკეულ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას და ამ უბნებზე პარტიების მიერ მოპოვებულ ხმებს.

ამ არჩევნების დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ, როგორც ჩანს, თითქმის არ მომხდარა ერთი პარტიისათვის მიცემული ხმების სხვა პარტიისათვის მიკუთვნება. ეს შესაძლოა, პამფილოვას კეთილისმყოფელი გავლენა იყო...

ელექტორატის აქტიურობა, შპილკინის განმარტებით, ძალიან სტაბილურია რუსეთში, თითქმის არ არის დამოკიდებული კონკრეტულ რეგიონზე. სახელმწიფო სათათბიროს წლევანდელ არჩევნებზე ეს კარგად გამოჩნდა. ელექტორატის დაბალი აქტიურობის გამო, ხმის მიცემის პიკური მაჩვენებელი 36 %-ზე დაფიქსირდა. შპილკინს მომზადებული აქვს დიაგრამა, რომელზეც ჩანს, რომ ამ, 36 %-ზე დაფიქსირებული, პიკური მაჩვენებლის შემდეგ დიაგრამის ხაზი ქვემოთ იწევს, მაგრამ უცებ ისევ მაღლა ადის, თითქოს საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში უეცრად ბევრი ამომრჩეველი იყოს მისული, ელექტორატის 70 % და მეტი. სტატისტიკოსის განმარტებით, ეს პირდაპირ მიანიშნებს ხმების დამატებაზე.

„გაყალბების ყველაზე იაფი ხერხი - გამყალბებლებისთვის ხარჯების მხრივ, ინტელექტუალური ძალისხმევის მხრივ და ყველა სხვა მხრივაც იაფი - ეს არის, უბრალოდ, ხმების დამატება სასურველი პარტიის ან სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. მაგრამ ხმების დამატება ნიშნავს იმას, რომ მონაწილეების რიცხვი ტიპიურ, სტანდარტულ მაჩვენებელზე მეტი ხდება… ამ არჩევნების დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ, როგორც ჩანს, თითქმის არ მომხდარა ერთი პარტიისათვის მიცემული ხმების სხვა პარტიისათვის მიკუთვნება. ეს შესაძლოა, პამფილოვას კეთილისმყოფელი გავლენა იყო“, - ამბობს შპილკინი. არჩევნების სტატისტიკური ანალიზის დასკვნები მან 19 სექტემბერს გამოაქვეყნა თავის ბლოგში. ექსპერტის შეფასებით, რომელიც მან რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტ ვალენტინ ბარიშნიკოვთან ინტერვიუშიც გამოთქვა, არჩევნების გაყალბების შედეგად „ერთიანმა რუსეთმა“ დამატებით 12 მილიონამდე ხმა მოიპოვა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ თავის დროზე პირობა დადო, რომ გამოიძიებენ არჩევნების გაყალბების შესახებ ყველა ცნობას. უკვე გაუქმდა კენჭისყრის შედეგები, სულ ცოტა, სამ საარჩევნო უბანში, თუმცა პამფილოვა აცხადებს, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა, ეს მაშინ, როცა მრავალ საარჩევნო უბანზე ოფიციალური ვიდეოკამერებით გადაღებული მასალა სწორედაც რომ მასშტაბურ გაყალბებაზე მიანიშნებს. უმეტეს შემთხვევაში ჩანს, როგორ ყრიან საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში და ზრუნავენ იმაზეც, რომ მათი მოქმედება უცხო პირებმა ვერ დაინახონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG