Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექს-პატიმარი ჯანიკაშვილი ევროკავშირს: დამნაშავეები უნდა დაისაჯონ


კეტრინ ეშტონი და მიხეილ სააკაშვილი. 2011 წლის 11 ნოემბერი.
კეტრინ ეშტონი და მიხეილ სააკაშვილი. 2011 წლის 11 ნოემბერი.

ექს-პრეზიდენტისა და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა გასამართლებასთან დაკავშირებული უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე, საქართველოს მოქალაქე, მეცნიერი მიხეილ ჯანიკაშვილი წერილით მიმართავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს. ღია წერილში ხაზგასმულია კანონის უზენაესობის პატივისცემა და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობა, მათ შორის - წინა მთავრობის რიგებიდან. სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და კანონის უზენაესობას შორის და არსებობს თუ არა ანტიდასავლური განწყობის ზრდის საფრთხე საქართველოში?

კეტრინ ეშტონისთვის გამიზნულ ღია წერილში პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი, რომელმაც ციხეში თითქმის 2 წელიწადი გაატარა, ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას თავისი ოჯახის მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებს. ბრალდებას, რის გამოც 2005 წელს ციხეში აღმოჩნდა, მიხეილ ჯანიკაშვილი ”აბსურდულს” უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ეს იყო გაბრაზებული მაღალჩინოსნების შურისძიება ვაჟის, ბასა ჯანიკაშვილის, ოპოზიციური განწყობებისა და შესაბამისი ქმედებების გამო. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ მის დაპატიმრებას მოჰყვა მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება გულის შეტევით და სხვა წევრების გათავისუფლება სამსახურიდან.

”უსახსრობის გამო თავის გადარჩენის მიზნით, ოჯახი იძულებული გახდა გაეყიდა ბინა სასწრაფოდ და წამგებიანად. ციხეში არაადამიანურმა პირობებმა და მოპყრობამ შეარყია ჩემი ჯანმრთელობა. როგორც ნასამართლევს, მომეხსნა პედაგოგიური მუშაობის შესაძლებლობა, დაიკეტა ყველა გზა ნებისმიერი სამსახურებრივი კარიერისაკენ”, - ვკითხულობთ კეტრინ ეშტონის სახელზე დაწერილ ღია წერილში, სადაც ავტორი ევროპას საქართველოს განვითარების ერთადერთ გამოსავალს უწოდებს და სოლიდარობას ითხოვს ”ასეულ ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული, ნაწამები, ძალად გაღატაკებული ადამიანის” სახელით. ამ კონტექსტში ყურადღება მახვილდება ევროკავშირის ლიდერების (მათ შორის - კეტრინ ეშტონის) სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში დასმულ აქცენტზე, რომ საქართველომ წარსულს უნდა ჩააბაროს კონფლიქტები და ფოკუსირება მომავალზე მოახდინოს. როგორც მიხეილ ჯანიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, სასტიკი წარსულის დავიწყება დამნაშავეთა დასჯის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია:

”წარსული მაშინ იქნება წარსული, მე რომ ცოცხალი არ ვიყო... თორემ, როგორ ვუწოდო წარსული, როცა მე ცოცხალი ვარ, ჩემს თვალწინ ჩაიარა ამ სიმახინჯემ, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით და დღესაც ნაიარევი მაქვს. ხალხი, რომელმაც ეს დანაშაულები ჩაიდინა, დღეს მუშტებს უბრახუნებს სასამართლოს. ის შეძახილები, რომ ”წარსულისკენ, უკან ნუ იყურები” დამნაშავეებს აგულიანებს. კი ბატონო, ვიყუროთ წინ, მაგრამ მე უკან დამტოვა?! მე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, რადგანაც, თუ ეს არ გასამართლდა სამართლიანად, იგივე იქნება მოსალოდნელი ხვალ”.

მიხეილ ჯანიკაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ, წარმომადგენლების აქტიურად ჩართვის გზით, ყურადღებით მიადევნოს თვალყური ყოფილი თანამდებობის პირთა გასამართლების პროცესს და დასკვნებიც სწორედ ამის შემდეგ გამოიტანოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი დარწმუნებულია, რომ სწორი დასკვნები უკვე გამოიტანა საერთაშორისო თანამეგობრობამ და რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტების დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ასე ფიქრობს, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი სერგო რატიანიც:

”ჩანს ამ ხელისუფლების მოტივაცია არა იმისა, რომ მართლა გამოიძიოს საქმე, არამედ იმისა, რომ დააპატიმროს ვიღაცა და ამით ჩაშალოს პოლიტიკური პროცესი... მართლმსაჯულებას აყენებენ სერიოზულ ზიანს, როდესაც არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები, შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური დევნისა და დაპატიმრების ნიშნები”.

საერთაშორისო თანამეგობრობის ცალკეული ლიდერებისა თუ სტრუქტურების განცხადებებს, სადაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო შეშფოთებული პოზიციაა გამოხატული, მსგავსის არდაშვებისთვის გამიზნულ მეგობრულ გაფრთხილებად აღიქვამს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. თუმცა ვლინდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მსგავსი განწყობებიც, როცა, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოთქმული შეშფოთების პასუხად, მათ ”სააკაშვილის მეგობართა კლუბის“ წევრები უწოდა და ამით ახსნა მათი მწვავე რეაქცია.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისთვის ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამონახა შესაფერისი ტონი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობისთვის - განსაკუთრებით, როცა საქმე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. ანალიტიკოსი თვლის, რომ დასავლეთთან დაპირისპირება მიუღებელია და რომ წინა ხელისუფლების დროს შევიწროებული ადამიანების ტრაგედიებს, მიხეილ ჯანიკაშვილის მსგავს ისტორიებს, უკეთ შეუძლიათ რეალობის აღწერა:

”ხელისუფლება დაპირისპირების რეჟიმში კი არ უნდა შევიდეს დასავლეთთან, არამედ საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს მთავარი ფიგურანტი ამ პროცესისა. ასეთი ადამიანური ტრაგედიები უნდა მივიდეს დასავლელი პოლიტიკოსების ყურამდე, რომ ისინი მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში არ არის არც პოლიტიკური ანგარიშსწორება და არც დასავლური გეზის გადახვევა. ამის გაკეთება ძალიან კარგად შეიძლება, თუკი ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს”.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ოქროს შუალედის პოვნა ევალება, რათა, ერთი მხრივ, დაჩაგრულად არ იგრძნონ თავი წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ადამიანებმა და დამნაშავეები მართლაც დაისაჯონ და, მეორე მხრივ, დასავლეთს არ დარჩეს ეჭვები, რომ საქართველოში შერჩევითი, პოლიტიკური მართლმსაჯულება გაბატონდა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობა დასავლეთის დამსახურებაა და რომ, შესაბამისად, ამ ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა თანაბრად არის პასუხისმგებელი როგორც ხალხის, ასევე დასავლეთის წინაშე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG