Accessibility links

logo-print

უზბეკეთში დამოუკიდებლობის დღე ქარიმოვის გარეშე აღინიშნება


ისლამ ქარიმოვი

ისლამ ქარიმოვი

უზბეკეთში ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავენ, თუმცა აღნიშნავენ მოკრძალებულად და იმ ადამიანის მონაწილეობის გარეშე, ვინც 25 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტი გამოსცა. დამოუკიდებლობის დღესასწაულის ფონია მზარდი გაურკვევლობა, რამაც ქვეყანა მოიცვა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ორდღიანი საზეიმო ღონისძიებების სია მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც თარიღამდე სამი დღით ადრე სასწრაფოდ იქნა მოთავსებული საავადმყოფოში უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი.

28 აგვისტოს ქვეყნის მთავრობამ გაავრცელა ერთადერთი ცნობა პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, თუმცა კონკრეტული მიზეზის გაუმჟღავნებლობას მოჰყვა სპეკულაციები, რომ საიდუმლო ვითარებაში ხდება თანამდებობიდან ისლამ ქარიმოვის ჩამოშორება, რომელიც 25 წლის განმავლობაში „რკინის ხელით“ მართავს უზბეკეთს. ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ქარიმოვის გარდაცვალების შესახებაც გაავრცელა ცნობა, რაც 31 აგვისტოს უარყო პრეზიდენტის ქალიშვილმა. ლოლა ქარიმოვა-ტილიაევამ სოციალურ ქსელში გაოაქვეყნა ცნობა, რომ მისი 78 წლის მამა ცოცხალია და, შესაძლოა, გამოჯანმრთელდეს მკურნალობის შედეგად, რაც, მისივე ინფორმაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ უტარდება. ისლამ ქარიმოვი დამოუკიდებლობის დღეს, 1 სექტემბერს, აპირებდა საყოველთაო საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო საკონცერტო და სხვა საზეიმო ღონისძიებები გადაიდო. 31 აგვისტოს უზბეკეთში სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის წლიური მიმართვის ტექსტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ქარიმოვს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მრავალი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ოფიციალურ წერილში გამოხატავს რწმენას, რომ ქარიმოვის „ხელმძღვანელობით უზბეკეთი ახალ სიმაღლეებს მიაღწევს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG