Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება


დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს 26 ქალაქში სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები იმართება. ქართული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები მიმდინარეობს საქართველოს 11 ქალაქში.

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ.

"ჩვენ ვალდებული ვართ, საქართველო თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ტელემიმართვაში.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები... პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია..." – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მოსახლეობას 26 მასი მიულოცა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ. მერის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია: "ძვირფასო თბილისელებო, ჩემო თანამემამულენო, დღეს, დედაქალაქი და მთელი ქვეყანა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, ამით ქართველებმა მსოფლიოს ვამცნეთ, რომ გვსურს "ვიდგეთ ერად სხვა ერთა შორის".

თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა მომავალი სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონია. სამხედროებს ეს დღე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მიულოცა. ცერემონიის შემდეგ რუსთაველის გამზირე მოეწყო საზეიმო მარში, რომელიც დასრულდა ვარდების მოედანზე, სადაც თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობაა გამოფენილი.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საღამოს ფეიერვერკებით დასრულდება.
XS
SM
MD
LG