Accessibility links

logo-print

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რუსთაველის გამზირზე საკუთარი სტენდები წარმოადგინეს სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. წელს, უკვე მეხუთედ, რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი სხვადასხვა თეატრალიზებულმა წარმოდგენამ თუ გამოფენამ ჩაანაცვლა, რომლებსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადმა შემადგენლობამ თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში 12 საათზე ერთდროულად დადო ფიცი. ასე დაიწყო 2016 წლის 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, აღნიშვნა. დედაქალაქში ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე გაიმართა და წვევამდელების ფიცი მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა. რეკრუტების მიერ ფიცის დადების ცერემონიის დაწყებამდე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მსვლელობა მოაწყვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-12 ბატალიონის, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეულის, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისა და პოლონეთის საპატიო ყარაულის სამხედროებმა.

წელს პირველად ფიცის დადების ცერემონიალში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრმა.

თავისუფლების მოედანზე განლაგდა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“.

პირველი, ვინც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სტუმრებს, ჯარისკაცებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხელისუფლების წევრებსა და რიგით მოქალაქეებს მიმართა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. „ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია“, - თქვა თავის საზეიმო სიტყვაში გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა: „რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპულობა სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ერთად ვზეიმობ და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ერთად ვიქნებით, რომელსაც მივაღწევთ როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი“.

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

1918 წლის 26 მაისი, დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, სწორედ ამ თარიღისა და მისი მთავარი გმირების მნიშვნელობის ხაზგასმით დაიწყო თავისი სიტყვა თავისუფლების მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა:

„მაშინ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე, დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა - რესპუბლიკა, რომელიც დაეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფლებას. ეს დღე ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული, უპირველესად, იმ ქალებისა და კაცების, იმ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე მოვუყვებით ჩვენს შვილებს. და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით „არას“ ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება“.

26 მაისს რუსთაველის გამზირი ერთ დიდ გამოფენად და საზეიმო ცენტრად იქცა. მეხუთე წელია, რაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ნაცვლად სამხედრო აღლუმისა, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების საქმიანობისა და მათი პროდუქციის ამსახველი სტენდები იფინება. სტენდებს ხშირ შემთხვევაში თავად წარადგენენ ხელისუფლების პირველი პირები და თავ-თავიანთი უწყებების მიღწევებსა თუ სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობენ. რუსთაველის გამზირს მთელი დღის მანძილზე აფერადებდნენ და ხმაურით ავსებდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, მხატვრები, მოცეკვავეები.

ხუთი წლის საბას სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეკერილი სამხედრო ფორმა აცვია, ბამბის ნაყინს ჭამს და რუსთაველის თეატრის მსახიობების წარმოდგენას უყურებს. საბას მამა, გიორგი, მეუბნება, რომ საბა იმიტომ გამოაწყო სამხედრო ფორმაში, რომ კარგად გააცნობიეროს მან და მომავალმა თაობამ როგორც 26 მაისის, ისე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი:

„მინდა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყველა ქართველის ოჯახში იყოს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე. ეს ყველასთვის სასიხარულოა და ვცდილობთ ჩვენს მომავალ თაობებს ჩავუნერგოთ ამ დღის მნიშვნელობა“.

„თუ შეიძლება, მე მკითხეთ დღევანდელ დღეზე“, - ხელზე მექაჩება 10 წლის თომა. ზუსტად ისე დგება მიკროფონის წინ, როგორც , ალბათ, გაკვეთილის მოყოლისას წამოდგება ხოლმე ფეხზე და იწყებს:

„დღევანდელი დღე ნიშნავს, რომ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და მინდა მივულოცო საქართველოს მისი დამოუკიდებლობის დღე. შარშანაც ვიყავი, ყოველ წელს დავდივარ და ასე გავაგრძელებ“.

1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რესპუბლიკის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს. ამავე დღეს იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტიც“. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს შეძლო - მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც საფუძვლად დაედო 31 მარტს გამართული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG