Accessibility links

logo-print

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი „დამოუკიდებლობის გაკვეთილები", რომელშიც ჟურნალისტმა ეკა წამალაშვილმა თავი მოუყარა 1986-1991 წლებში სხვადასხვა გამოცემასა და წყაროებში გაბნეულ მნიშვნელოვან დოკუმენტურ მასალას: ფოტოებს, სტატიებს, ინტერვიუებს, წერილებსა და მოგონებებს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ მიუკერძოებლადაა ასახული ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, თავისი ნათელი და ბნელი დღეებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით, შეცდომებითა და დანაშაულებით, ნამდვილი გმირებითა და ანტიგმირებით.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებს“ ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ფრაგმენტი ილია ჭავჭავაძის „ქართვლის დედიდან“:

„მამულის დახსნის დღე არის,

ქვეყანა გვნუკავს შველასა,

თავისუფლების შოვნაი

სჯობს საშოვნელსა ყველასა“.

თუმცა წიგნის გაცნობის შემდეგ მკითხველი იოლად დაასკვნის, რომ ყველა ქართველი ილიასავით არ ფიქრობდა. "დამოუკიდებლობის გაკვეთილების" პირველ ნაწილში, რომელიც 1986-1991 წლებს მოიცავს, გმირებთან ერთად უამრავ ანტიგმირს შეხვდებით. როგორც წიგნის შემდგენელი ეკა წამალაშვილი ამბობს, მისი მიზანი არ ყოფილა ცალკეული ლიდერებისა თუ მოვლენებისათვის შეფასებების მიცემა.

„მაქსიმალურად შევეცადე, რომ ვყოფილიყავი ობიექტური გზამკვლევი დროში მოგზაურობის დროს და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არის წარსულზე, მოიცავს წარსულის ფაქტების გახსენებას, მიმაჩნია, რომ ეს მომავლისთვის განკუთვნილი პროექტია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ჩვენი ისტორიის გაკვეთილები, მათ შორის მწარე გაკვეთილები, მათ შორის ისეთი, რომლებიც, წესით, არ უნდა დაგვვიწყებოდა. თავის დროზე ვერ შევაფასეთ ობიექტურად ბევრი რამე, მათ შორის - ადამიანები. წიგნზე მუშაობის დროს, ფაქტობრივად, ხელახლა გავიარე ეს წლები, ხელახლა განვიცადე ის ტკივილები, რაც თავის დროზე დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე განვიცადეთ. იგივე მოუწევს ამ წიგნთან შეხვედრისას მკითხველს. ეს წიგნი გააშიშვლებს ჩვენი სამშობლოს იარებს, მკითხველს მოუწევს ამ იარებთან შეხება, ზოგჯერ იქნება ძალიან მტკივნეული და მინდა, რომ ეს ტკივილებიც იყოს ფიქრისთვის და არა დაპირისპირებისთვის, დაყოფისთვის“, უთხრა ეკა წამალაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დაყოფისა და დაპირისპირების მაგალითებით სავსეა საქართველოს უახლესი ისტორია, რომლის უშუალო მომსწრე, აფხაზეთის მკვიდრი ნაირა მორგოშია ამბობს, რომ „დამოუკიდებლობის გაკვეთილებს“ დიდი ინტერესით გაეცნო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი ცალკეული თავები ინტერნეტში გამოქვეყნდა და მიეცა საშუალება შეედარებინა წიგნიდან მიღებული ინფორმაცია მის მეხსიერებაში დალექილი ცოდნისთვის:

ეკა წამალაშვილი

ეკა წამალაშვილი

„ვარ იმ მოვლენების უშუალო მომსწრე... აფხაზეთში, ლესელიძეში რომ ჩატარდა პირველი მიტინგი მერაბ კოსტავას ორგანიზებით, მე იმ მოვლენებს ვესწრებოდი. ეს იყო 4 აპრილს, მერე აგორდა 9 აპრილის ამბები... სტადიონიდან ზვიადმა რომ წამოიყვანა ხალხის მასა, მე მათ მოვყვებოდი და მერე ეს ხალხი დაჯდა მთავრობის სასახლის წინ და მე ერთი რიგითი მონაწილე ვიყავი ამ მოვლენებისა... მგონია, რომ ამ წიგნის ავტორმა მიუკერძოებლად აღწერა მთელი ეს მოვლენები“.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ თავმოყრილ მასალას ახლავს ავტორის ინფორმაციული სახის უკიდურესად ნეიტრალური განმარტებები ძირითადად გარემოს, დროისა და ადგილის შესახებ. მწერალი ზაალ სამადაშვილი მიიჩნევს, რომ წიგნი დააინტერესებს როგორც ახალი თაობის მკითხველს, ასევე იმ ადამიანებსაც, რომელთა თვალწინაც ჩაიარა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იმ დრამატულმა წლებმა.

„მე ვეჭვობ, რომ ეს იყოს წაკითხულის გადაკითხვა, იმიტომ რომ აქ არის უამრავი ისეთი მასალა, რომელიც ან მეხსიერებას არ შემორჩა (დიდი დრო გავიდა), ან კიდევ მნიშვნელოვანია იმათთვის, ვინც მაშინ ახალგაზრდა იყო ან, საერთოდ, არც კი იყო დაბადებული. მათთვის ამ წიგნშია თავმოყრილი მასალა. მათ ხელი არ მიუწვდებათ იმდროინდელ პერიოდიკაზე, არ ახსოვთ იმდროინდელი დისპუტები, დებატები, იმდროინდელი გამოსვლები, გნებავთ, დახურულ სივრცეში და, გნებავთ, ქუჩებში ჩატარებულ მიტინგებზე - ეს მასალაა თავმოყრილი, რომელიც მნიშვნელოვანია მკვლევრებისთვის, ისტორიკოსებისთვის და, რა თქმა უნდა, უბრალოდ, დაინტერესებული მკითხველისათვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ცოტა ლაქა იყოს ისტორიაში“, უთხრა ზაალ სამადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეს ისტორიული ფაქტები განმეორებადია. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის იმ ეტაპზე, არც ფაქტობრივად და არც მენტალურად, რომ ჩვენ ამ ფაქტების მხოლოდ ისტორიულ ჭრილში უგულებელყოფა შეგვეძლოს და არ გვჭირდებოდეს დღეს ამ მოვლენების გააზრება...

ბევრისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს ის გარემოება, რომ ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა არაა ახალი თაობის პოლიტიკოსების ორიგინალური იდეა და რომ ჯერ კიდევ 1988 წელს, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მერაბ კოსტავა წერილში „რატომაა საჭირო ნაციონალური არმია“ წერდა:

„ნაციონალური არმია ერთა უმთავრესი ნიშანსვეტია და ამ თვალსაზრისით ვარშავის პაქტის ერები ახლოსაც ვერ მოვლენ ნატოს ქვეყნებთან. ნატოს ხალხებისა და არმიების უფლებები აშკარად თანაბარია. ნებისმიერი მათგანისათვის გარანტირებულია სამხედრო და ეკონომიკური კავშირებიდან გასვლის თავისუფლება და მათთვის რომელიმე იდეოლოგიის ან ენის გარედან თავს მოხვევას არ აქვს ადგილი. ვარშავის პაქტიდან გასვლის ყველა მცდელობა კი სისხლიანი ტრაგედიით გვირგვინდება. რუსის ჩექმა თავსმოხვეული მარქსისტული იდეოლოგიიდან გათავისუფლების საშუალებას არავის აძლევს. ზემოაღნიშნულის შედეგად თვალსაჩინო ხდება კარდინალური განსხვავება ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის. პოტენციური უპირატესობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები უდავოდ თანასწორუფლებიანი პარტნიორია ნატოს დანარჩენი ქვეყნებისა“.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ გამოცემას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო კალანდაძე, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ წიგნი დაეხმარება მკითხველს უტყუარი ფაქტების საფუძველზე გაიაზროს წარსულში მომხდარი მოვლენები და შეაფასოს ამა თუ იმ პიროვნების ღვაწლი, ის ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში, რადგანაც, როგორც ნინო კალანდაძე შენიშნავს, საქართველოს ახლაც იმავე გამოწვევებთან უწევს გამკლავება, რასაც 25 წლის წინ ებრძოდა:

„ეს ისტორიული ფაქტები განმეორებადია. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის იმ ეტაპზე, არც ფაქტობრივად და არც მენტალურად, რომ ჩვენ ამ ფაქტების მხოლოდ ისტორიულ ჭრილში უგულებელყოფა შეგვეძლოს და არ გვჭირდებოდეს დღეს ამ მოვლენების გააზრება. პარალელები დიდია. ცხადია, დღეს ჩვენ სახელმწიფო ვართ, მაშინ კი პირველ ნაბიჯებს ვდგამდით და გაცილებით სუსტები ვიყავით, ნაკლები საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონდა და დღეს გლობალურ სივრცეში, სხვა რეალობაში ვარსებობთ, მათ შორის, რეგიონული დატვირთვით, მაგრამ ეს გამოწვევები დღესაც მწვავედ არის და თუ ჩვენ არ გავიაზრებთ ამ გაკვეთილებს, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „დამოუკიდებლობის გაკვეთილებს“, ზუსტად იმ ვითარებაში აღმოვჩნდებით, რომელშიც ვიყავით 25 წლის წინ“.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ გვაფიქრებინებს, რომ წარსულიც შეიძლება იყოს მოულოდნელობით სავსე, თუმცა, როგორც ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ამბობს, მოულოდნელობის ეს შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს არა წიგნში ამოკითხულმა ამა თუ იმ ფაქტმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაცნობია, არამედ იმ ეფექტმა, რასაც იწვევს მკითხველის თვითრეფლექსია ამ ფაქტზე. „რაღაც შეიძლება არ იცოდე და პირველად გაიგო, ბევრი რამ შიძლება გაგახსენდეს, მაგრამ მთავარი მოულოდნელობა მოდის მაშინ, როცა ხვდები, რომ სულ სხვაგვარად უყურებდი სინამდვილეს 25 წლის წინ და სულ სხვაგვარია ის დღეს“, ამბობს დავით პაიჭაძე.

დავით პაიჭაძე

დავით პაიჭაძე

„გიწევს ბრძოლა საკუთარ ემოციებთან, სინანულთან, წუხილთან, ხან სიხარულთანაც კი, იმიტომ რომ წარსულზე ნიშნის მოგება არ ღირს. ხან აღმოაჩენ, რომ სწორად ფიქრობდი, ხან აღმოაჩენ, რომ ღრმად ცდებოდი და ნანობ ამას, რომ ცდებოდი. ნანობ, რომ ის, რაც ერთი შეხედვით იყო აშკარა, მაშინ შენ გესმოდა თურმე სრულიად უკუღმა და მადლობა ეკას, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით ამოკრიბა ეს მასალები, დაგვილაგა ფაქტები, რომლებისთვისაც შეუძლებელია მნიშვნელობის წართმევა, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელობას და ამ მნიშვნელობის ხელახალი გაცნობიერება, სულ სხვაგვარი მაშინდელისგან, იწვევს კითხვის განუმეორებელ ეფექტს, რაც ამ წიგნს მოაქვს“.

დავით პაიჭაძის თქმით, წიგნის ავტორი არ ცდილობს თავისი აზრების მკითხველისთვის თავზე მოხვევას, რადგანაც წიგნში საერთოდ არ არის მსჯელობა იმდროინდელი სინამდვილის შესახებ. ავტორმა მხოლოდ შეკრიბა ზღვა მასალა და გადო ხიდები და ბილიკები მის ცალკეულ ელემენტებს - პუბლიკაციებს - შორის. მკითხველს ავტორის კარნახის გარეშე უწევს დასკვნის გაკეთება, მაგალითად, თუნდაც იმ ფაქტზე, რომ 25 წლის წინ, როცა საქართველოში დამოუკიდებლობის იდეასთან ერთად ძალას იკრებდა ეთნიკური ნაციონალიზმისა და რელიგიური ფანატიზმის ტალღა, ეროვნული მოძრაობის ცალკეული ლიდერები ცდილობდნენ საზოგადოების გაფრთხილებას და სწორ გზაზე დაყენებას. „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ შეგვახსენებს, რომ 1990 წელს აკაკი ბაქრაძემ ამ საკითხზე თქვა:

„რელიგიური ფანატიზმის გაცოცხლება უკიდურესი ჩამორჩენილობის საბუთია. ადამიანის სინდისი თავისუფალია. მან თავად უნდა აირჩიოს რომელი რელიგიური მოძღვრება აღიაროს. თუ სურს, სრული უფლება აქვს ათეისტიც იყოს. ეს შეხედულება ლიტონ სიტყვებად დარჩება, თუ იგი კანონით არ იქნება დაცული, თუ რელიგიური შემწყნარებლობა არ იქცევა სამართლებრივ შეგნებად“.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ გაფორმებულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო არქივებში დაცული მნიშვნელოვანი ფოტომასალით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დროში მოგზაურობას, რომლის პირველი ნაწილი მთავრდება საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის ამსახველი ტექსტებით: ზვიად გამსახურდიას სამადლობელი სიტყვით, რომლითაც მან 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიმართა ქართველ ხალხს, და 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ დამფუძნებელი გადაწყვეტილების პირველი პუნქტით: „ამიერითგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG