Accessibility links

logo-print

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი, ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დასრულება ვაზიანის პოლიგონზე და ნატოს მაღალჩინოსნების ვიზიტი საქართველოში, სოფელ კორცხელში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მომხდარი დაპირისპირება და ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტს, გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენა და სტუდენტების ხელახალი პროტესტი - ასეთი იყო გასული კვირა საქართველოში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. რუსთაველის გამზირზე საკუთარი სტენდები წარმოადგინეს სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. წელს, უკვე მეხუთედ, რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი სხვადასხვა თეატრალიზებულმა წარმოდგენამ თუ გამოფენამ ჩაანაცვლა.

პირველი, ვინც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სტუმრებს, ჯარისკაცებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხელისუფლების წევრებსა და რიგით მოქალაქეებს მიმართა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. „ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია“, - თქვა თავის საზეიმო სიტყვაში გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა:

„რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპულობა სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ერთად ვზეიმობ და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ერთად ვიქნებით, რომელსაც მივაღწევთ როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი“.

1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რესპუბლიკის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს. ამავე დღეს იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტიც“. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს შეძლო - მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც საფუძვლად დაედო 31 მარტს გამართული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგები.

გასულ კვირაში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დასრულდა ორკვირიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016), რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული ასეულის მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი ადრიან ბრედშოუ, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაესწრნენ.

თინათინ ხიდაშელი

თინათინ ხიდაშელი

„ის ფაქტი, რომ დღეს აქ, ამ მოედანზე, წარმოდგენილი გვყავდა ქართული ასეული, რომელიც ოფიციალურად უკვე ნატოს ასეულია, დასტურია იმისა, რომ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში გადავდგით ძალიან ფუნდამენტური ნაბიჯები და წინ წავედით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სჭირდება 28 ქვეყანას შორის კონსენსუსის არსებობა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ყოველი ასეთი სწავლება არის ნატოსთან სიახლოვის გარანტია, თუმცა მხოლოდ შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი ნატოში გასაწევრიანებლად - ამას, თავდაცვის მინისტრის თქმით, 28 წევრი ქვეყნის პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება.

სამხედრო წვრთნების პარალელურად, 24 მაისს საქართველო მასპინძლობდა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციას (GDSC), რომელშიც მონაწილეობდნენ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები - რაიმონდ ბერგმანისი, იოზასოლეკასი და ჰანეს ჰანსო, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი, ნატოს გენერლები, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და სხვები.

"ვარშავის მომავალი სამიტის შემდეგ საქართველო, ალიანსის სხვა პარტნიორებთან შედარებით, ნატოს ეგიდით ჩატარებულ უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა 24 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, ახლა ნატოც და საქართველოც ვარშავის სამიტზეა ფოკუსირებული და სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი

„პირველი, რაზეც ვმუშაობთ, ეს არის იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც უკვე მიღებულია არსებითი პაკეტის ფარგლებში. მეორე - ეს არის ახალი იდეები, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოს შესაძლებლობები ნატოსთან თანამშრომლობის სფეროში და მესამე - ეს არის პოლიტიკური ურთიერთობა ნატო-საქართველოს შორის. საქართველო იქნება მეტად წარმოდგენილი ვარშავის სამიტზე, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორი ქვეყანა“.

კვლავაც ყურადღების ცენტრში იყო გასულ კვირას ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ამბავი: 22 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ჩხუბის დროს „ნაციონალების“ რამდენიმე ლიდერი დაშავდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა მანამ, სანამ დამნაშავეები და დანაშაულის დამკვეთები არ დადგინდებიან.

გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, მანამ, სანამ არ იქნებიან დასჯილები დამნაშავეები და დანაშაულის ორგანიზატორები, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნდებაო. მან ჩამოთვალა ის პირებიც, ვისაც საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ედებათ ბრალი:

“არაფორმალური მმართველი ამ ქვეყნისა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ექვემდებარება ყველაფერი ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთავრობის, რომელიც ფორმალურად ასრულებს საქართველოში მთავრობის როლს, კვირიკაშვილის და, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში, ამ დამნაშავეების შემთხვევაში, კალაძის, რომელიც არის უშუალო ორგანიზატორი, დამფინანსებელი ამ ჯგუფისა, დამფინანსებელი ბიუჯეტიდან, გამწვრთნელი ამ ჯგუფისა და რომელიც არის გამომშვები, შეკვეთის მიმცემი ამ დარბევის, რომელიც მოხდა რამდენიმე, 4 დღის წინ. ერთადერთი, რაც დადგინდა, თურმე ეს ყოფილან არა ზონდერები, თურმე ყოფილან „ქართული ოცნების“ ახალი სახეები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს იქით ატარებენ მიტინგებზე“.

ენგურს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანი იქნება უცვლელი, ჩვენი პოზიცია - პრინციპული...

თავის მხრივ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად მიაჩნია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გიორგი ვოლსკის. იგი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვასა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ცდილობს:

“ძალიან ჰგავს ეს მთლიანად გაწერილ სცენარს, რომელიც დაიწყო კორცხელში პროვოცირებით და შემდეგ გადაიზარდა ზუსტად იმ ბოიკოტში, რომელიც დღეს ვიხილეთ. რაღაც თანმიმდევრობა მიანიშნებს იმაზე, რომ ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ გეგმას წარმოადგენს, დამარცხება სიტუაციისა, არის სწორედაც გამოხატულება დღევანდელი საქციელი“.

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა შედგა. ქალაქ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში, კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ ენგურის ხიდთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. მათ დააყენეს საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის შესახებ და გადასცეს სოხუმს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა:

„ჩვენ მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე. წ. სამხედრო პროკურატურა. მათ არ დაგვიდასტურეს ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ. რაც შეეხება მისი გადმოცემის საკითხს, გვითხრეს, რომ ამას სჭირდება სამართლებრივი ბაზა და, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ჩვენთვის ეს თავისთავად არის მიუღებელი. ენგურს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანი იქნება უცვლელი, ჩვენი პოზიცია - პრინციპული. ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება და მას დავაყენებთ ყველა ფორმატში, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“.

ასე რომ იყოს, უკეთესია. რაღაც მაინც იქნება უკეთესად. ახლა დღეს იქ კაცი თავისუფლად გადადიოდა. კაცისშვილი არ კითხულობდა არაფერს, პასპორტს უჩვენებდი და ვსიო. ასე უფრო მსუბუქია გადასვლა...

გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენამ განსაკუთრებით გაახარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. რესპონდენტებმა რადიო თავისუფლებას ენგურის ხიდთან განუცხადეს, რომ დიალოგი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ურთიერთობების აღდგენის იმედს იძლევა:

„ასე რომ იყოს, უკეთესია. რაღაც მაინც იქნება უკეთესად. ახლა დღეს იქ კაცი თავისუფლად გადადიოდა. კაცისშვილი არ კითხულობდა არაფერს, პასპორტს უჩვენებდი და ვსიო. ასე უფრო მსუბუქია გადასვლა“.

„მე, მაგალითად, ამას მივესალმები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ადამიანის სიცოცხლეა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის - ქართველია, აფხაზია, ოსია თუ რუსია“.

„გამიხარდა ძალიან. გუშინ მოვისმინე ამის შესახებ და გამიხარდა. იქნებ რამე წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ვნახოთ, ვნახოთ...“ - აცხადებენ რესპონდენტები.

რომელ ინსტიტუტს ენდობა საქართველოს მოსახლეობა? ამ კითხვაზე პასუხის ამოკითხვა შეიძლება გამოკვლევაში, რომელიც გასულ კვირას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა და მასში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოკვლევის ერთ-ერთ კომპონენტზე, კერძოდ, გასულ წელს პროკურატურაში გატარებულ რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გამოკითხული მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 70 %-მა, რეფორმის შესახებ არაფერი იცის, გარდა ამისა, „უმეტესობა თვლის, რომ პროკურატურა პოლიტიზებულია. ასევე არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ შსს-ც პოლიტიზებულია“.

გამოკითხულთა უმეტესობა, 43 %, თვლის, რომ შსს მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელსაც გამოკითხული მოქალაქეების 46 % პოლიტიზებულად მიიჩნევს, სასამართლო სისტემაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გამოკითხულთა ასევე 46 % სასამართლო სისტემას კვალიფიციურად მიიჩნევს. ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოკვლევის კიდევ ერთ კითხვაზე საუბრობს - კითხვაზე, რომელიც, მისი თქმით, არაფორმალურ მმართველობას ეხება:

ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი

„კონკრეტულად ავიღეთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა 2015 წლის ბოლოს და ვკითხეთ მოსახლეობას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, რატომ მიიღო ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება. გამოკითხულთა 43 % ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი, ხოლო 21 % თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის მიზეზით არ გადამდგარა“.

ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შორის ყველაზე ნაკლებ ნდობას საქართველოს პარლამენტი იმსახურებს. პარლამენტს სრულ ნდობას გამოკითხულთა მხოლოდ 5 % უცხადებს, ნაწილობრივ ნდობას კი - 35 %. პარლამენტის წევრის, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილისთვის ამგვარი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა და ამას, მისი აზრით, სტრუქტურული მიზეზი აქვს. მისი თქმით, საქართველოში პარლამენტი არასდროს სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით:

„ეს პარლამენტი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ მისი ჩამორჩენა რომელიმე სხვა სტრუქტურისგან მე არ შემიმჩნევია. დაახლოებით, ის დონეა, რა დონისაც არის ჩვენთან ყველაფერი. მე არ ვგულისხმობ მწერლობას, სადაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს გარღვევა, მაგრამ როგორი მთავრობაც გვყავს, პარლამენტიც ისეთი გვყავს. ჟურნალისტებიც და საზოგადოებრივი თვითშეგნებაც, დაახლოებით, ისეთია. ანუ, ძირითადი მიმართულებებით ყველაფერში სამოსნები ვართ“.

გასულ კვირაში ისევ გააქტიურდა სტუდენტების პროტესტის თემა. 25 მაისს, დღის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიმართ სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115”-ის ულტიმატუმი ამოიწურა, გაერთიანების წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალის გამოყენებით დაიკავეს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახები. ისინი აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა და მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ულტიმატუმის ვადა ისე ამოიწურა, რომ მათ არავინ გამოხმაურებია. „აუდიტორია 115“-ის ულტიმატუმი კი უკავშირდება 24 მაისის ინციდენტს, კერძოდ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში „აუდიტორია 115“-ის წევრსა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრი ცოტნე ცხვედიანი, 24 მაისს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცოტნე ცხვედიანის მტკიცებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ისე სხვა წევრები:

„არანაირი ინციდენტი არ უძღოდა წინ ამ ყველაფერს. უბრალოდ, მივდიოდი დერეფანში, მათ მომმართეს აგრესიულად. მე ვეცადე გამერკვია მათთან, რა უნდოდათ, და ამ დროს დაიწყო ჩხუბი. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. თავიდან ორნი იყვნენ და რამდენიმე წამში მოვიდა ოცამდე ადამიანი“.

იმის შესახებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ უნდა არსებობდეს იმ სახით, როგორიც ამ დრომდე იყო, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრაზე. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესამუშავებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრები, ისე განათლების სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლები. რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნას, რომ სრულიად გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობა, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძის აზრით, სტუდენტური გაერთიანება, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც აუცილებლად უნდა არსებობდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG