Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამსჯიან, ნემსებს გამიკეთებენ“...


სახალხო დამცველის პრესკონფერენცია
სახალხო დამცველის პრესკონფერენცია

დუშეთის, კოჯრის, მარტყოფისა და ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატები და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი – ეს ის ინსტიტუციებია, რომლებიც 2016 წლის მარტში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისა და სხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა მონიტორინგის ჯგუფმა მოიარა. ჯგუფის წევრები სპეციალურად დაწერილ ანგარიშში არაერთ ნაკლოვანებაზე საუბრობენ, რომლებიც მათ მონიტორინგის პროცესში აღმოაჩინეს.

ინსტიტუციური მოწყობა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული და დამხმარე კადრების სიმწირე და დაბალი პროფესიონალიზმი, ფსიქოსოციალური სერვისებისა და გარესამყაროსა თუ ოჯახებთან კონტაქტის ნაკლებობა, ჯანმრთელობის უფლების დაცვა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადება, კვება, ძალადობის შემთხვევები, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვები და, ბოლოს, სიცოცხლის უფლების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები – ეს ის პრობლემებია, რომლებზეც მონიტორინგის ჯგუფის წევრები სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ ანგარიშში წერენ. სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით საუბრობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, უკანასკნელ პერიოდში, ინსტიტუციებში მცხოვრები ბენეფიციარების გარდაცვალების ფაქტებსა და შემდგომ საქმეების გამოძიების პრობლემებზე: „შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციად გამოიკვეთა გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში შშმ პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევები. ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. გარდაცვალების ფაქტს ჰქონდა ადგილი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, მარტყოფის პანსიონატსა და დუშეთის პანსიონატში, როდესაც, სამწუხაროდ, სამი ბენეფიციარი გარდაიცვალა. გარდა ამისა, პრობლემებია გამოძიების კუთხითაც. სამწუხაროა ის, რომ ერთ-ერთ საქმეზე გამოძიება დასრულდა, თუმცა შედეგი, ვფიქრობ რომ, მაინცდამაინც, ადეკვატური არ არის“.

„დამსჯიან, ნემსებს გამიკეთებენ“...
please wait

No media source currently available

0:00 0:05:46 0:00
გადმოწერა

ირინე ობოლაძე, შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილი პრობლემები ყველა დაწესებულებისათვის, მეტ-ნაკლებად, საერთოა და ის მოიცავს ისეთ საკითხებს, მაგალითად, როგორიცაა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება. ამის საილუსტრაციოდ, მას მოჰყავს აღრიცხვის ცარიელი ჟურნალები: „დაწესებულებებში წარმოებს სხვადასხვა სახის ჟურნალები. ეს არის ძალადობის შესახებ, უბედური შემთხვევის და ა.შ. სამწუხაროდ, მასში არსებული ჩანაწერები ხშირად არ არის რელევანტური და არ შეესაბამება რეალურად არსებულ მდგომარეობას ან ეს ჟურნალები სრულად ცარიელია“.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში არაერთი ინფორმაციაა მოყვანილი, რომელიც, სავარაუდოდ, ძალადობის ნიშნებს უნდა შეიცავდეს. ამას ადასტურებს ანგარიშის კიდევ ერთი ავტორი, ქეთევან გელაშვილი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი, ექიმი-ფსიქიატრი. მისი თქმით, მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევები. მას მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთ ბენეფიციართან გამართული დიალოგის შინაარსი და ასევე, აღმზრდელისა და კიდევ ერთი ბენეფიციარის ურთიერთობა: „პანსიონატის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გამოხატა შიში და შფოთვა და თქვა, რომ, პერსონალისათვის არასასიამოვნო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, შეიძლება დასაჯონ, გალახონ, ნემსები გაუკეთონ. კოჯრის ბავშვთა პანსიონატში ექსპერტების მიერ ბენეფიციართა შემოვლის დროს დაფიქსირდა ფაქტი, რომელიც, ერთგვარად, ძალადობრივ ხასიათს ატარებდა და, სავარაუდოდ, მომვლელის დაბალი კვალიფიკაციის მაუწყებელია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ აღმზრდელი ბენეფიციარისადმი უხეშად მოპყრობას ვერ აცნობიერებდა, როცა მისი მოფერებითა და სიყვარულით მოტივირებული ქმედების დროს ბენეფიციარის სახის მიმიკა აშკარად უსიამოვნო ემოციას გამოხატავდა“.

მონიტორინგის კიდევ ერთი წევრი გია ჯვარშეიშვილი აქცენტს აკეთებს პანსიონატებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე, მათზე მორგებულ გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე. ამ საკითხებზე საუბრისას მან თვალსაჩინოებისათვის ის ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც მარტყოფისა და ძევრის პანსიონატებში გადაიღო. მისი თქმით, გარემო და ინფრასტრუქტურა, სადაც ბენეფიციარებს უწევთ ცხოვრება, არ არის მათთვის სათანადოდ ადაპტირებული და მეტიც, ღირსების შემლახველია. მაგალითად, საპირფარეშოს გარეთ დაკიდებული ტუალეტის ქაღალდი, ონკანზე თოკით მიბმული საპონი, ავტომობილზე მიდგმული ფიცარი, რომელიც პანდუსის მაგივრობას სწევს და ა.შ. გარდა ამისა, გია ჯვარშეიშვილს მომსახურე პერსონალის არაკვალიფიციურობასა და გულგრილობაზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი ბენეფიციარის შემთხვევა, რომელიც დაწესებულებაში ბავშვობიდან ცხოვრობს: „რთულია, მაგალითად, ყურება იმ ახალგაზრდის, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი, ცხოვრობს ინსტიტუციაში და ის ვერ ლაპარაკობს. და ვერ ლაპარაკობს მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავის დროზე არ ჰქონდა ლოგოპედის მომსახურება და, რა თქმა უნდა, არც ახლა აქვს“.

სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში კონსერვირებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე. ანუ, მისი თქმით, ამ დაწესებულებებში, წლიდან წლამდე, არ ირ იცვლება ან მინიმალურად უმჯობესდება მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, ის მიმართავს სახალხო დამცველს, რომ მსგავსი ტიპის მონიტორინგი ყოველწლიურად ჩატარდეს. ამასთანავე, ანა აბაშიძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ანგარიშში მოყვანილ ერთ პრობლემაზე – ბულინგზე ბენეფიციართა შორის და მის მიღმა დანახულ სხვა პრობლემაზეც საუბრობს: „პერსონალი ან ადმინისტრაცია არ იწუხებს თავს, რომ უშუალოდ მათ მოახდინონ გარკვეული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჩარევა და ის იყენებს მაღალფუნქციურ შშმ პირებს. დარწმუნებული ვარ, ეს თქვენ ნახეთ, რადგან როდესაც დაწესებულებაში შედიხარ, ამის ატმოსფერო ტრიალებს იქ, კანით გრძნობ, რომ იქ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ამზადებენ იმისთვის, რომ გაუსწორდნენ სხვებს და ამით ასრულებინებენ იმ მიზნებს, რაც აქვთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს“.

სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალებს წარმოადგენს და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მართვა ფონდის პრეროგატივაა. თამარ ბარკალაია, ფონდის ხელმძღვანელი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ეხმაურება სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს და ამბობს, რომ, რიგ შემთხვევაში, კრიტიკა გადაჭარბებულია და ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩამოთვლილი პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, იქნება ეს ჯანდაცვისადმი ხელმისაწვდომობა, ძალადობის აღმოფხვრა თუ ინფრასტრუქტურა: „ჩვენს დაწესებულებებში არსებული კვებასთან დაკავშირებული პრობლემები წლის ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, რომლებიც იქ იყო აღნიშნული, რეალურად მოხდა, მათ შორის, გარდაცვალების ფაქტები. ამის გამო, თანამშროლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა ნაწილი უკვე განხორციელებულია. კოჯრის ბავშვთა სახლისა და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ყველა თანამშრომელი გადამზადებულია ძალადობის თემებზე, ბავშვთა განვითარების თემებზე. შემდეგი ეტაპი არის უკვე შშმ პანსიონატების თანამშრომლების გადამზადება“.

სახალხო დამცველი რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა სახელმწიფო ზრუნვის ინსტიტუციებში შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული და, გარდა ამისა, უზრუნველყონ ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც, ინსტიტუციის დატოვების შემთხვევაში, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG