Accessibility links

logo-print

დენიელ ფრიდი: არ გვინდა დასუსტებული, თუმცა არც აგრესიული რუსეთი მოგვწონს


დენიელ ფრიდი

დენიელ ფრიდი

თუ რამდენად ახდენს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას დასავლეთის სანქციები, დენიელ ფრიდი გვპასუხობს:

“რუბლის გაუფასურების მხრივ მთავარი ფაქტორებია ბოლო წლებში რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომები.

პირველი შეცდომა არის ნავთობით თვითკმარ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკის წარმოება, რომელიც ამ რესურსების მოპოვებით და გასაღებით კმაყოფილდება და დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნაზე არ მუშაობს.

მეორე ფაქტორია ის, რომ რუსეთმა, შედარებით სტაბილური წლები და დოვლათი რეფორმების გასატარებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის არ გამოიყენა.

მესამეა ეგრეთწოდებული გეო-სტრატეგიული ფაქტორები და ის არასტაბილურობა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ სიტუაციას მოჰყვა.

ამდენად, სანქციები მხოლოდ ნაწილია იმ მდგომარეობის, რომელიც ახლა გვაქვს, და არა მთავარი, განმსაზღვრეული ფაქტორი.”

სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც შეეხო, როცა სერგეი ლავროვმა, რამდენიმე დღის წინ ლონდონში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი ბევრად უფრო ცუდი ვითარებიდან გამომძვრალა და რომ ამერიკას რუსეთში რეჟიმის შეცვლა სურს.

“ სერვეი ლავროვის მოქმედების სტილს კარგად ვიცნობ, თუმცა ყველაფერი რასაც ამბობს, არ შეიძლება დაიჯერო.

არავის, ამერიკაში არ სურს, რომ იხილოს დასუსტებული თანამედროვე რუსეთი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის მთელი თაობა შეალია იმას, რომ რუსეთს დახმარებოდა პოსტ კომუნისტური ეტაპის წარმატებით გადასალახად. ჩვენ რუსეთს მილიარდობით დოლარით დავეხმარეთ. ეს დახმარება ძირითადად საზრიანი იყო, თუმცა ჩვენც გვქონდა მცდარი შეფასებები. მაგრამ ფაქტია, რომ ერთის მხრივ რუსეთს, და მეორეს მხრივ პოლონეთს, ანალოგიური მიდგომით გავუწიეთ რჩევები და საბოლოო ჯამში, შედეგი რადიკალურად განსხვავებული მივიღეთ ამ ორი ქვეყნის მაგალითზე. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს როგორც შემდგარმა, თანამედროვე სახელმწიფომ. თუ რუსეთი სხვაგვარად აირჩევს, შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას დაეკისრება. რაც შეეხება სერგეი ლავროვის განცხადებებს, ნუთუ ეს არის ის, რაც მას უნდა რუს ხალხს უთხრას? რა თქმა უნდა ვიცით, რომ ამ ქვეყანას უფრო რთული პერიოდები განუვლია, მაგრამ აქ გასარკვევია, თუ რისი შეთავაზება შეუძლია მთავრობას რუსი ხალხისთვის. ეს არის ერი, რომელიც ბევრად უკეთეს იმსახურებს. მე-19 საუკუნეში რუსეთი არა მხოლოდ ევროპის ნაწილი, არამედ მისი ერთერთი ლიდერიც კი იყო-ლიდერი კულტურით, ხელოვნებით, საინჟინრო დარგით, მზარდი ეკონომიკით. სწორედ ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა წვლილი შეიტანოს უკეთესი მსოფლიოს შენების საქმეში და 21-ე საუკუნის ლიდერად მოგვევლინოს. “

რუსეთის ფედერაციამ, ევროპული საქონლის იმპორტზე დაწესებული სანქციებით, ცალმხრივ შედეგს მიაღწია, აცხადებენ უცხოელი დამკვირვებლები. იზარალა რუსმა მომხმარებელმა, რომელსაც ხელმისაწვდომობა დაეკარგა დასავლურ პროდუქციაზე. ამ შემთხვევაში, დენიელ ფრიდი საბჭოთა კავშირის პერიოდთან ავლებს პარალელს:

“მახსენდება ის პერიოდი, როცა დასავლური საქონელი მხოლოდ სამთავრობო მაღაზიებში იყიდებოდა. არავის ინტერესში არ უნდა იყოს ასეთი მდგომარეობის განმეორება და შეზღუდული წვდომა კარგ პროდუქციაზე. დასავლური სანქციების მიღმა იყო სურვილი და უზრუნველყოფა იმისა, რომ რუსეთი საზღაურს გაიღებდა მეზობელზე განხორციელებული აგრესიის გამო. მიუხედავად ამისა, არავის სურს დასავლეთში დასუსტებული რუსეთის ხილვა, მაგრამ ჩვენ არც აგრესიული რუსეთი გვჭირდება. გვინდა, რომ რუსეთმა სიმშვიდე იპოვოს საკუთარ თავთან, მეზობლებთან და 21-ე საუკუნეში ღირსეულ წევრად შედგეს, იყოს ლიდერი და კეთილისმოსურნე პარტნიორი. დასავლეთში არავის სურს საკუთარ თავზე გაბრაზებული, ან მეზობლებისა და ამერიკის მოძულე რუსეთის არსებობა.“

რაც შეეხება სანქციების მოხსნას, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ის პირადად იმუშავებს ევროპელ კოლეგებთან, რათა ეკონომიკური და სექტორული სანქციები გაუქმდეს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა გაუმჯობესდა და 5 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდა. სანქციების კოორდინატორი აცხადებს, რომ ის ამ დღეს მოუთმენლად ელის.

XS
SM
MD
LG