Accessibility links

logo-print

“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” საქართველოს 140 მილიონ დოლარს აძლევს


დენიელ იოჰანესი, ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე, რიჩარდ ნორლანდი

დენიელ იოჰანესი, ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე, რიჩარდ ნორლანდი

140 მილიონ დოლარს მიიღებს საქართველო „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან“ და ეს თანხა მომდევნო 5 წლის განმავლობაში საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, როცა საქართველოს მთავრობასა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ეს უკვე მეორე კომპაქტია, რომლითაც შეერთებული შტატები საქართველოს ეხმარება. პირველი კომპაქტი საქართველომ 2005 წელს მიიღო. მაშინ საგრანტო ხელშეკრულება ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა, რისთვისაც 295 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძირითად დაბრკოლებას ადამიანური კაპიტალის ხარისხი წარმოადგენს, განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დირექტორმა დანიელ იოჰანესმა საქართველოს მთავრობასთან 140-მილიონდოლარიანი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებისას. დანიელ იოჰანესის თქმით, კორპორაციის მეორე კომპაქტი მოხმარდება განათლების სისტემის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მენციერების, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სფეროების განვითარებას. მოცემული კომპაქტის ფარგლებში განხორციელდება რამდენიმე პროექტი, რაც მოემსახურება ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლის დირექტორების მენეჯმენტის დახვეწასა და პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებას.

„ათასწეულის გამოწვევის კორპორაციის“ დირექტორმა დანიელ იოჰანესმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის მიზეზებიც განმარტა, რატომაც შეძლო საქართველომ, ერთადერთმა ქვეყანამ რეგიონში, მეორე კომპაქტის მიღება.
დანიელ იოჰანესი

დანიელ იოჰანესი


„პირველ რიგში, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას“ ძალიან შერჩევითი დამოკიდებულება აქვს პარტნიორებთან მიმართებით. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ, მაგრამ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც წარმატებულნი არიან დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც პირველი საგრანტო პროგრამით დასახული მიზნების მიღწევა შეძლეს. მესამე კი ის არის, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ, რამდენად ხარისხიანად მომზადდა განაცხადი მეორე საგრანტო პროგრამისთვის“.

ამასთან, დანიელ იოჰანესი იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც კორპორაციამ საქართველოში განათლების სფეროს დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო:

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე სპეციალური მოთხოვნა, თუ რაზე უნდა დაიხარჯოს ფული. თავად ქვეყნები ამზადებენ დეტალურ ანალიზს იმისას, თუ რა დაეხმარება მათ ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოს შემთხვევაში, ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ სწორედ განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია ქვეყნის შემდგომი განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შესანიშნავი ინვესტიცია ჩვენი მხრივ. ის დაეხმარება საქართველოში სამუშაო ძალის მომზადებას, რათა ის მსოფლიო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და, ამასთანავე, ვიმედოვნებთ, დაეხმარება “ტვინების გადინების“ შეჩერებას ამ უმშვენიერესი ქვეყნიდან“.
საქართველოს მთავრობამ გააანალიზა და განსაზღვრა, რომ ადამიანური კაპიტალის არსებული დონე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში...

საქართველოს მთავრობასა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას“ შორის 140-მილიონიანი საგრანტო პროგრამის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ნდობა და ქვეყანა ამ ნდობას გაამართლებსო. მან განაცხადა აგრეთვე, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება განათლებისა და კონკურენტუნარიანი მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადების გარეშე წარმოუდგენელია და დაამატა, მე პირადად ყოველთვის კარგად მესმოდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი და ის, რომ საქართველოს თავად ეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები და აღარ იქნება საჭირო მათი გარეთ ძებნა და ჩამოყვანაო:

„საქართველოს მთავრობამ გააანალიზა და განსაზღვრა, რომ ადამიანური კაპიტალის არსებული დონე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში. სწორედ ამიტომაა ეს კომპაქტი, რომელსაც დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ, ძალიან მნიშვნელოვანი“.

ხელმოწერის ცერემონიაზე მყოფმა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა კი აღნიშნა, რომ ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს - იგი აღრმავებს საერთაშორისო საზოგადოების რწმენას, რომ საქართველოში ვითარდება არა მარტო საბაზრო ეკონომიკა, არამედ დემოკრატიაც. რიჩარდ ნორლანდის სიტყვებით, გუშინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიღწეულია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე, დღევანდელი ხელმოწერა კი არის ამ პროცესის ერთგვარი გაგრძელება:
რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი


„აშშ ამით გამოხატავს რწმენას საქართველოსადმი. ეს არ არის რწმენა მხოლოდ წარსულში შესრულებული ნაკისრი ვალდებულებების, არამედ რწმენა იმისა, რომ საქართველოს დემოკრატია გააგრძელებს განვითარებასა და კეთილდღეობისკენ სვლას. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღების ქვეშ იქნება წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ყველა მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მტკიცე განცხადებას წინასაარჩევნო კამპანიისას ძალადობისა და ხელის შეშლის დაუშვებლობის შესახებ. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ დავინახოთ, რომ ქართული დემოკრატია განაგრძობს წინსვლას და ამით საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ ეს ინვესტიცია ანაზღაურდება არა მარტო დასავლეთისთვის ან ამერიკელებისთვის, არამედ, უმეტესად, ქართველებისთვის“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG