Accessibility links

logo-print

დაპატიმრებებისა და აფეთქებების ახალი ტალღა თურქეთში


ელაზიღის პოლიციის შტაბი აფეთქების შემდეგ

ელაზიღის პოლიციის შტაბი აფეთქების შემდეგ

თურქეთის პოლიცია განაგრძობს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არშემდგარ სამხედრო პუტჩში. უსაფრთხოების ძალები 18 აგვისტოს, დილის საათებში, სტამბოლში ასზე მეტ ოფისში შევიდნენ და რამდენიმე ათეული ბიზნესმენი დააკავეს. 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეპრესიებს თან ახლავს თავდასხმები, რომელთა სამიზნე პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები არიან. აღმოსავლეთ თურქეთში 18 აგვისტოს მომხდარ აფეთქებებში სულ მცირე 9 პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა.

თურქეთის პროკურორებს დაპატიმრების ორდერი გაცემული აქვთ 187 პირზე, რომელთა უმრავლესობა ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენელია. ისინი ეჭვმიტანილნი არიან აშშ-ში თვითდევნაში მყოფი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, ორგანიზაციის დაფინანსებაში. თურქეთის ხელისუფლება გიულენს მიიჩნევს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად. აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი უარყოფს ყველა ბრალდებას სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ პოლიციამ, სამხედრო გადატრიალების ბრალდებით, 42 029 კაცი დაკითხა, მათი ნახევარი სხვადასხვა ფორმით პატიმრობაში იმყოფება:

"დაკავებულია 40 029 პირი, მათ შორის - პოლიციის თანამშრომლები, ჯარისკაცები, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქედან 5187 პირი იმყოფება წინასწარი დაკავების ადგილებში, 20 355 კი - საპატიმროებში".

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 18 აგვისტოს თურქეთის ტელეკომპანია „ჰაბერთან“ ინტერვიუში საზოგადოებას სამხედრო პუტჩთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების სახელმწიფო და საჯარო სამსახურებიდან დათხოვნის ახალი სტატისტიკაც გააცნო:

ბინალი ილდირიმი

ბინალი ილდირიმი

„დაიხურა 4 262 კომპანია და ინსტიტუტი, მათი ქონება კი სახელმწიფო დაწესებულებებს გადაეცათ. მსურს, მოგაწოდოთ ასევე გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი საჯარო მოხელეების ბოლო მონაცემები, - ნება მომეცით, ასე მოვიხსენიო ისინი, - ბოლო მონაცემები, რაც სხვადასხვა სამინისტროს და უწყებას მოიცავს. 79 ათასი კაცი ჩამოაშორეს სამთავრობო სამსახურს. 5 014 სამოქალაქო სამსახურში იმყოფებოდა. საბოლოო ჯამში, თანამდებობიდან არის დათხოვნილი 84 914 კაცი“.

17 აგვისტოს თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება და ციხეებში ადგილების გასათავისუფლებლად საპატიმროებიდან გამოუშვა სამხედრო გადატრიალებამდე სხვადასხვა დანაშაულისათვის ბრალდებული 38 ათასი პატიმარი.

დაკავებულია 40 029 პირი, მათ შორის - პოლიციის თანამშრომლები, ჯარისკაცები, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქედან 5187 პირი იმყოფება წინასწარი დაკავების ადგილებში, 20 355 კი - საპატიმროებში...

15 ივლისის არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეპრესიებს თან ახლავს თავდასხმები, რომელთა სამიზნე პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები არიან.

აღმოსავლეთ თურქეთში 18 აგვისტოს აფეთქდა ორი დანაღმული ავტომობილი და ერთი გზაზე დამონტაჟებული ბომბი. სამივე თავდასხმის შედეგად, მთლიანობაში, 9 კაცი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე ქალაქ ბიტლისში სამხედრო მანქანა აფეთქდა. დაიღუპა სამი და დაიჭრა ექვსი ჯარისკაცი. 18 აგვისტოს, დილით, პირველი აფეთქება მოხდა ქალაქ ვანის პოლიციის შტაბის წინ, სადაც ორი პოლიციელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დაშავებულ პოლიციელთა და მოქალაქეთა რაოდენობა, ჯამში, 73-ს შეადგენს. რამდენიმე საათის შემდეგ აფეთქება მოხდა ელაზიღის პოლიციის შტაბის წინ, სადაც სამი პოლიციელი დაიღუპა და 150 კაცი დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლება თავდასხმაში ქურთების მუშათა კავშირს ადანაშაულებს, თუმცა მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 1984 წლიდან მოყოლებული, ქურთების მუშათა პარტიის მიერ დამოუკიდებლობისათვის გამოცხადებულ ბრძოლას 40 ათასი ადამიანი შეეწირა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG